Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღინიშნა "დედის დღე" დასავლეთის ქვეყნებში?


სამიოდე დღის წინ, 11 მაისს დასავლეთის

ქვეყნებში დედის დღე აღნიშნეს. "დედის დღე დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა, დღე, როცა დედას საუზმეს ლოგინში მიართმევენ, როცა მთელი ოჯახი იკრიბება, როცა ანთია სანთელი წარწერით "მიყვარხარ" - ასეთ განმარტებას ვკითხულობთ ერთ-ერთზე დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი საინტერნეტო საიტებიდან, რომლებიც, ჩვეულებრივ, ვარდისფერი ყვავილებითა და მადლიერების გამომხატველი გარითმული სტრიქონებით არის შემკული. ზოგ დედას დილას, შესაძლოა, მართლაც ანებივრებდნენ ლოგინში საუზმით, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში დღესასწაული თაიგულის მირთმევით გამოიხატება. ასე იყო წელსაც, რაც, ალბათ, ბევრ მამაკაცს განუმტკიცებდა ეჭვს, რომ "დედის დღე" ყვავილებით მოვაჭრეთა გამოგონებაა. ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ეს ეჭვი სრულიად გამართლებული ჩანს: დღესასწაული, რომელიც იქ 1923 წლიდან აღინიშნება, ფლორისტიკის ბიზნესით დაკავებულთა ინიციატივით დაარსდა. თუმცა იდეა გერმანელ მეყვავილეებს როდი ეკუთვნის!

მუსიკა

"დედის დღის" სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს. მაგრამ ამჯერად თანამედროვეობაზე საუბრით შემოვიფარგლებით.

დედის დღეს ამერიკის კონტინენტზე - პირველ წლებში მაინც - არაკომერციული მოსაზრებებით მართავდნენ. ჯერ ვინმე ენ იარვისს გასჩენია სურვილი, საგანგებო დღესასწაულით პატივი ეცა 1905 წლის მაისში, თვის მეორე კვირაში გარდაცვლილი დედისათვის, რომელიც თავის დროზე დაჟინებით მოითხოვდა ამერიკელი დედების პატივსაცემად საგანგებო დღესასწაულის შემოღებას. ასე, რომ ენ იარვისმა დედის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია: მან სულ რამდენიმე წელიწადში შეძლო მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება და ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების - და არა მარტო მამაკაცების - ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, "დედის დღესთან" ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის სახელმწიფოებს, გერმანიას მოედო...

საქართველოში ამ დღესასწაულმა, მოგეხსენებათ, სულ ბოლო დროს ჩამოაღწია, დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისაგან განხსვავებით, მაისში კი არა მარტში აღინიშნება, და ასევე დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, პოპულარობით ჯერ-ჯერობით არ გამოირჩევა. უბრალოდ არ არსებობს მისი აღნიშვნის ტრადიცია.

თუმცა, დედის დღისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს. "უფლებები ვარდების ნაცვლად" - ასეთ ლოზუნგს აგებებდნენ ქალთა მოძრაობის აქტივისტები დედებისადმი პატივისცემის ერთდღიან, მათი აზრით, ზედაპირულ გამოხატვას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დედების, მათი რთული და საპასუხისმგებლო საქმისადმი ჭეშმარიტ პატივისცემასთან, ქალებისათვის ხელის შეწყობასთან. ალბათ, ამ კრიტიკული ხედვის ერთგვარ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ საანგარიშო მოხსენება, რომლის გამოქვეყნებას ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია "გადაარჩინეთ ბავშვები" უკვე მეოთხე წელია "დედის დღეს" ამთხვევს. ეს გახლავთ წლიური ანგარიში "მსოფლიოში დედათა მდგომარეობის შესახებ", რომელიც ამჯერად 117 სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში შექმნილ ვითარებას აშუქებს.

აი, რა მიპასუხა ორგანიზაციის "გადაარჩინეთ ბავშვები" წარმომადგენელმა, აილინ ბარკმა შეკითხვაზე, რატომ მუშაობს ასეთი სახელწოდების ორგანიზაცია მაინცდამაინც დედათა მდგომარეობაზე. ამ შეკითხვაზე ზოგადი პასუხი, შესაძლოა, ყველას გვქონდეს წარმოდგენილი, მაგრამ, უფრო ზუსტი განმარტების იმედი მქონდა - [აილინ ბარკის ხმა] "ჩვენმა ორგანიზაციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ყველაზე ღატაკ რეგიონებში მუშაობის 70-წლიანი გამოცდილებიდან იცის, რომ დედათა კეთილდღეობა, მათი სიცოცხლისუნარიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული მათი შვილების სიცოცხლისუნარიანობასა და კეთილდღეობასთან. და სია, რომელიც წელს მეოთხედ შევადგინეთ, ხაზს უსვამს ამ კავშირს, როცა აჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც ქალთა მდგომარეობა კარგია, კარგია ბავშვების მდგომარეობაც და პირიქით. ასე რომ, არსებობს პირდაპირი კავშირი და ჩვენმა ორგანიზაციამ იცის: თუ გვინდა ბავშვების გადარჩენა, დედებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ".

დედათა მდგომარეობას ორგანიზაცია 6 კრიტერიუმის მიხედვით განსაზღვრავს, რომელთა შორის არის დედათა ჯანმრთელობის, განათლებისა და პოლიტიკური სტატუსის მაჩვენებლები. ბავშვების მდგომარეობის შესაფასებლად კი 4 კრიტერიუმით სარგებლობენ: მათ მიეკუთვნება ჩვილთა სიკვდილიანობა, ისევე როგორც დაწყებითი განათლების გავრცელების მასშტაბი. საერთოდ, ანგარიში ვრცელ ინფორმაციას მოიცავს და მის ყველა დეტალს, რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს, თუნდაც დროის მხრივ შეზღუდვის გამო ვერ გაგაცნობთ. მაგრამ მთავარი, ალბათ, ასე შეიძლება შეჯამდეს: დედებისათვის საუკეთესო ქვეყნებად აღიარეს შვეცია, დანია და ნორვეგია, რომელთაც ორგანიზაციის "გადაარჩინეთ ბავშვები" რეიტინგით პირველი სამი ადგილი ერგოთ. ყველაზე არასახარბიელო პოზიცია კი აფრიკის ქვეყნებმა დაიკავეს - ბოლო, 117-ე ადგილი ეკუთვნის ნიგერიას, რომელსაც ბურკინა ფასო და ეთიოპია უსწრებენ.

"აფრიკის ზოგიერთ რეგიონში ორსულობას 7-დან 1 ქალის სიცოცხლე ეწირება, მაშინ როცა შვეციაში 6 000 ქალიდან 1 კვდებაო", უთხრა საინფორმაციო სააგენტო "რეიტერსს" ორგანიზაციის "გადაარჩინეთ ბავშვები" მრჩეველმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, მერი ბეტ პაუერსმა. რაც, შესაძლოა, განსაკუთრებით საყურადღებო იყოს: ეს საზარელი სხვაობა, ისევე როგორც სხვაობა ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელთა შორის უშუალოდ უკავშირდება არა მარტო ჯანდაცვის სისტემის დონესა თუ შობადობის კონტროლის მაჩვენებელს - უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალთა განათლების დონე! შვეციაში ქალთა 99 პროცენტია წერა-კითხვის მცოდნე, ნიგერიაში მათი რიცხვი 8 პროცენტს არ აღემატება.

საქართველო წერა-კითხვის მცოდნე ქალების რაოდენობით მართალია, შვეციასაც არ ჩამოუვარდებოდეს, მაგრამ დედათა მდგომარეობის შესაფასებლად გამოყენებული სხვა მაჩვენებლები ნაკლებად სახარბიელო ჩანს: დაბალია თანამედროვე კონტრაცეპტივებით მოსარგებლე ქალების რაოდენობა, პოლიტიკურად აქტიური ქალების რიცხვი, შედარებით მაღალია ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. შედეგად საქართველო 117-ადგილიან სიაში 44-ე ადგილზე, ბრაზილიისა და ჩრდილოეთი კორეის არცთუ შესაშურ გარემოცვაში აღმოჩნდა. ოდნავ, 2 ადგილით უკეთესია დედების მდგომარეობა სომხეთში და ასევე ოდნავ, 3 ადგილით უარესი აზერბაიჯანში. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც საქართველო, სიაში წითლად არის მონიშნული, როგორც ერთ-ერთი სულ, დაახლოებით 40 ქვეყნიდან, რომლებშიც შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს, ან არც თუ დიდი ხნის წინ მიმდინარეობდა. ... კონფლიქტები კი, ბუნებრივია, მეტად უარყოფით გავლენას ახდენს როგორც დედების, ისე ბავშვების მდგომარეობაზე.

ასე, რომ თუ გაისად, "დედის დღის" მოლოცვა საქართველოშიც განიზრახეს, იქნებ შევაგებოთ ლოზუნგი "მშვიდობა - ვარდების ნაცვლად", თუ გნებავთ "ადამიანზე ზრუნვა - ვარდების ნაცვლად". ევროპაში მსგავსმა მოთხოვნამ, როგორც ვნახეთ, უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი მოიტანა.
XS
SM
MD
LG