Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობათა სერია სამართალდამცველთა წარმატებული ოპერაციების ფონზე


შეიარაღებული დაპირისპირებისა და ძალადობის ტალღა, რომელიც საქართველოს პერიფერიებში გასული კვირის ბოლოს აგორდა, თავის პიკს აღწევს. კვირას დაუდგენელმა პირებმა ზუგდიდის რაიონის

სოფელ კორცხელთან ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სამი მომხრე გამოასალმეს სიცოცხლეს. იმავე დღეს თავდამსხმელებმა გალის რაიონში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ინფორმაციის მინისტრის თამაზ ხუბუას და მოკლეს. პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულსა და აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს თამაზ ნადარეიშვილს შორის, რომელიც ორშაბათს ახალი ბრალდებებით გამოვიდა ემზარ კვიციანის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ძალადობათა სერიის ფონზე საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები დამნაშავეთა სამყაროს წინააღდეგ ბრძოლაში მორიგი წარმატებების შესახებ ლაპარაკობენ.


ორ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდათ საქართველოს სპეცსამსახურის ორგანოებს, რათა, მათივე განცხადებით, პირველად საქართველოს სამართალწარმოების უახლოეს ისტორიაში, უცხოელ მოქალაქეთა გატაცების საქმის მონაწილე დაეკავებინათ. 2000 წლის ნოემბერში გატაცებული ესპანელი ბიზნესმენების ხოსე ანტონიო ტრიმინო გომესისა და ფრანცისკო როდრიგეს კაბალის გატაცების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ქისტი ალენ ბორჩაშვილი, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 22 ივნისს პანკისის სოფელ საკობიანოში დააპატიმრეს.
როგორც ცნობილია, თავად მძევლები 6 თვიანი პატიმრობიდან, გამოსასყიდი თანხის გადახდის შემდეგ, 2001 წლის 8 დეკემბერს განთავისუფლდნენ. თუმცა გამოსასყიდი თანხის რაოდენობასა და გამტაცებელთა უკან მდგარ თანამდებობის პირებზე ლაპარაკს ოფიციოზი დღემდე დუმილს ამჯობინებს.

სამაგიეროდ, საქართველოს უშიშროების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში, სპეცსამსახურის მუშაკებთან ერთად, თავად ერთ-ერთმა ყოფილმა მძევალმა, ფრანცისკო კაბალიმ, ითამაშა დიდი როლი.

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] "მის მიერ ამოცნობილი იქნა არა მარტო ის ტერიტორია, რომელზეც მას ამყოფებდნენ ექვსი თვის განმავლობაში, არამედ მან ამოიცნო გამტაცებლებიც."

პარალელურად, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში, სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროც. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ოთხ ქისტს - ბადრი, ბაადურ, თამაზ და ზელიმხან ჩოფანაშვილებს 2000-2001 წლებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში ედებათ ბრალი.

ერთობ უცნაურია, რომ ქართველი სამართალდამცველების ასეთი გამოცოცხლება დროში ემთხვევა სამეგრელოსა და აფხაზეთში მომხდარ მკვლელობათა სერიალს და ვითარების გამწვავებას კოდორის ხეობაში.

22 ივნისს ზუგდიდში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს სამი პირი, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორის, 1998 წელს მოკლული გოჩა ესებუას დაჯგუფების წევრები იყვნენ. იმავე დღეს ტრაგედია დატრიალდა ზუგდიდიდან სულ რაღაც 15 კილომეტრის მოშორებით, გალის რაიონის სოფელ კოხორაში, სადაც შეიარაღებულ თავდასხმას ლეგიტიმური აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციის მინისტრის თამაზ ხუბუას და, 63 წლის თინათინ ხუბუა ემსხვერპლა.

"ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების დროს უსაფრთხოების არანაირ გარანტიას არ ითვალისწინებს," ასეთი კომენტარი გააკეთა ამ ფაქტზე დევნილობაში მყოფმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ. თამაზ ნადარეიშვილმა ორშაბათს სენსაციური განცხადება გააკეთა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის მისამართით და ამ უკანასკნელს ბრალი დასდო რუს გენერლებთან გარიგებაში, რაც, ნადარეიშვილის თქმით, კოდორის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად რუსი სამხედროების შესვლას გულისხმობს. უფრო ადრე ნადარეიშვილი ამტკიცებდა, რომ გაეროს სამხედრო მეთვალყურეების გატაცებაც პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ იყო ორგანიზებული, თავად ედუარდ შევარდნაძეს კი სიტყვაც არ დაუძრავს თავისი რწმუნებულის დასაცავად, რომელმაც ხეობა რამდენჯერმე გადაარჩინა სამხედრო პროვოკაციას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG