Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სასამართლოები მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბუშის ანტიტერორისტულ კამპანიას


ანდრო ეული, პრაღა 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების შემდეგ აშშ-ის მთავრობამ მკაცრი ზომები მიიღო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ და ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული კამპანია წამოიწყო,

რასაც სულ მალე კრიტიკა მოჰყვა ცალკეული პირების მხრიდან. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ერთობ შორს წავიდა თეთრი სახლის ადმინისტრაცია, როცა ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქეობრივი თავისუფლებები შეზღუდა.

უნდა ითქვას, რომ ამერიკის სასამართლოები მართებულად მიიჩნევენ იმ მკაცრ ზომებს, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ რომ მიიღო ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ერთ-ერთმა სააპელაციო სასამართლომ, მაგალითად, ახლახან დამთავრებულ პროცესზე გაამართლა შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა საიმიგრაციო კანონების დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების მოსმენა ეწყობა დახურულ კარს მიღმა. მეორე სასამართლომ დააგინა, რომ ავღანეთის ომის ტყვეებს, გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე რომ ჰყავთ ამერიკელებს ამჟამად დაპატიმრებულები კუბაში, შეერთებული შტატების კონსტიტუცია არ იცავს.

მესამე სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ დაპატიმრებულ ამერიკელ მოქალაქეს, რომელიც მტრის მხარეზე იბრძოდა, შესაძლოა არ მიეცეს ვექილის აყვანის უფლება, მაშინ როცა შეერთებული შტატების კონსტიტუციით ეს უფლება გარანტირებული აქვს ნებისმიერ პირს, ვინც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

და სულ ახლახან, 17 ივნისს, სამწევრიანმა ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ვაშინგტონში დაადგინა, რომ მთავრობას შეუძლია არ გაამჟღავნოს იმ 1,200-ზე მეტი ადამიანის ვინაობა, ვინც ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებითაა დაპატიმრებული. ორი ერთის წინააღმდეგ - ასეთი იყო კენყისყრის შედეგი სამწევრიან სააპელაციო საამართლოში, რომელმაც ბათილად სცნო დაბალი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება "მეტი უნდა შეიტყოს" თურმე ტერორიზმში ეჭვმიტანილთა საქმეების შესახებ, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ მთავრობა მათს მოქალაქეობრივ უფლებებს არ არღვევს.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია არ დაეთანხმა დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ დაკავებულთა ვინაობის გამჟავნება მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის ტერორისტებს იმის შესახებ, თუ როგორ შესძლო მთავრობამ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.

როგორც ვაშინგტონში დაფუძნებული არასამთავრობო კვლევითი ცენტის, "მემკვიდრეობის ფონდის" ექსპერტი, ცნობილი ვექილი პოლ როზენცვაიგი აღნიშნავს, ზემოხსენებულ საქმეებთან დაკავშირებით, ძალზედ ძნელია ბალანსირება უშიშროების უზრუნველყოფასა და პატიმრის მოქალაქეობრივ უფლებათა დაცვას შორის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის იმის გაცნობიერება, თუ რა მოსაზრებით ხელმძღვანელობს მთავრობა, როცა თავისუფლებას უზღუდავს მოქალაქეს.

მაგრამ პოლ როზენცვაიგი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო 17 ივნისს ვაშინგტონში სამწევრიანმა სააპელაციო სასამართლომ, როცა ბათილად სცნო დაბალი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება, და არ ჩათვალა საჭიროდ 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა ვინაობის გამჟღავნება, რათა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა არ მიიღონ დეტალური ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მიმდინარე გამოძიების შესახებ.
XS
SM
MD
LG