Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი პოლიტიკოსები გადამწყვეტი საარჩევნო სეზონისათვის ემზადებიან


რობერტ პარსონსი, თბილისი საქართველოს პარლამენტს საზაფხულო არდადეგები აქვს: ამ დროს ვნებები ცხრება და ძველი პოლიტიკური წყენა დავიწყებას ეძლევა. მაგრამ წელს ეს არ მოხდება: ჰორიზონტზე ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებია,

ამის შემდეგ კი - საპრეზიდენტო არჩევნები 2005 წელს. დავით პაიჭაძე გაგაცნობთ თბილისში მყოფი ჩვენი კორესპონდენტის, რობერტ პარსონსის წერილს "ქართველი პოლიტიკოსები გადამწყვეტი საარჩევნო სეზონისათვის ემზადებიან".

საქართველოში მღელვარე დროა. პარლამენტი ისვენებს, მაგრამ პოლიტიკოსები კუნთებს ათამაშებენ მომავალი ბრძოლისთვის მზადებისას. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში ჩატარდება და მის შედეგი, ალბათ, დიდწილად განსაზღვრავს, ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი 2005 წელს, როცა ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის, "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია ამბობს [ჟვანიას ხმა]:

"ესაა არჩევნები, რომელიც მოასწავებს შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობის დასარულს საქართველოში და იწყებს ახალ პერიოდს, როცა ხელისუფლებაში ახალი ძალები უნდა მოვიდნენ. ვინ იქნება ეს ხალხი? რას მოუტანენ საქართველოს - განვითარებას ევროპულ გზას, თუ ეს იქნება ნოსტალგია საბჭოეთზე? - სწორედ ეს, ძალიან მნიშვნელოვანი, არჩევნები გადაწყვეტს, როგორი იქნება საქართველოს მომავალი უახლოეს ათწლეულებში".


შევარდნაძე იმდენი ხანია, მართავს საქართველოს, რომ ბევრ ადამიანს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია მის გარეშე. საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, ზედიზედ ორი ხუთწლიანი ვადით დაიკავოს ეს პოსტი, მაგრამ საკითხავია, რეალურად როდის წავა შევარდნაძე.

მზად არის კი საქართველო შევარდნაძის შემცვლელისათვის? საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ შევარდნაძის მთავარი ნაკლია უუნარობა, მოამზადოს ქვეყანა მისი წასვლისათვის [რონდელის ხმა]:

"მე ვფიქრობ, მისთვის ურთულესი ამოცანა იყო, თავი გაერთმია ცვლილებებისათვის, შეექმნა ახალი და გაეძლიერებინა არსებული სახელმწიფო ინსტიტუციები. ვფიქრობ, ეს არცთუ წარმატებით განხორციელდა. მაგრამ მყარი ინსტიტუციების გარეშე ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობა და გადაცემა ძალიან ძნელია. ასე რომ, მთავარი ამოცანა მას წინ უძევს: როგორ უზრუნველყოს ხელისუფლების სტაბილური გადაცემა".

რაც უნდა იყოს, ამ ამოცანის შესასრულებლად ცოტა დრო რჩება. ბევრი სერიოზულად ეჭვობს, საერთოდ აქვს თუ არა შევარდნაძეს ნება ან სურვილი, განახორციელოს ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილებები.

მოელიან, რომ ნოემბრის არჩევნები ცხადად მიუთითებს, რა მომავალი ელის საქართველოს. შევარდნაძის თქმით, ის თავად არის მტკიცე გარანტი იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

თბილისში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მარკ მალენი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის როლი ისტორიაში სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული [მალენის ხმა]:

"თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, თუ უახლოესი ორი წლის მანძილზე განხორციელდა ხელისუფლების შედარებით მშვიდობიანად გადაცემა და მოსახლეობამაც გაიცნობიერა, რომ მოდის ახალი ხალხი, ახალი იდეებით, რომელთა ხორცშესხმასაც ისინი შეეცდებიან, ვფიქრობ, შევარდნაძე დაამახსოვრდებათ პიროვნებად, რომელმაც უაღრესად არახელსაყრელ პირობებში მოახერხა აქ ერთიანობის შენარჩუნება და თუ არ აქცია საქართველო ევრაზიის სატრანზიტო დერეფნად, მსოფლიოში უდიდესი ნავთობსადენი მაინც ააგო. მეორე მხრივ, თუ ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი და ხელისუფლების გადაცემა არეულობაში გადაიზრდება, შევარდნაძეს, შესაძლოა, დაბრალდეს პრობლემები, რომლებთან გამკლავება საქართველოს მომავალში მოუწევს - შევარდნაძემ ხომ ვერ შეძლო დაეფუძნებინა ინსტიტუციები, რომლებიც მისი ხელისუფლების გადაცემას დასჭირდებოდა".

მოქალაქეთა კავშირის დეზინტეგრაცია საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიულ ძალებს რეალურ შანსს აძლევს ნოემბრის არჩევნებში წარმატების მისაღწევად. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვათა თანახმად, ოპოზიციონერები, საჯარო უთანხმოების მიუხედავად, აღემატებიან ხელისუფლების მხარდამჭერ ჯგუფებსა და პარტიებს. მაგრამ მზარდი ამბიციები, პიროვნული შუღლი და ეჭვი, შეიძლება, მათთვის საბედისწერო გამოდგეს, თუ შედეგად საზოგადოება საერთოდ დაკარგავს ნდობას ყველა პოლიტიკოსის მიმართ.
XS
SM
MD
LG