Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯობათ! ახალგაზრდული პროგრამა


ნონა მჭედლიშვილი და დავით პაიჭაძე გამარჯობათ! ახალგაზრდული პროგრამა

დღეს ქუჩის უსინათლო მომღერალ ბაკურ ჯოხაძეს და მის ოჯახს გაგაცნობთ. ბაკურის დედას, ქალბატონ თინა ბირკაძეს, ქართული საზოგადოება 1989 წლის 9 აპრილის ღამეს დაუსწრებლად გაეცნო. იმ ღამის ტრაგიკულ სურათებს მოგონებებში დღესაც ფონივით გასდევს უსინათლო ქალბატონების ძლიერი, ოპტიმისტური და ამაღელვებელი ხმა. მაშინ ქალბატონი თინა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში მას ქუჩის მომღერლობით მოუწევდა ოჯახის რჩენა. 8 წელზე მეტია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - ძირითადად, მიწისქვეშა გადასასვლელებში - იგი ვაჟთან, ბაკურთან ერთად მღერის. ამ ხნის მანძილზე საქართველოში დასაქმების მდგომარეობის ოფიციალურ სტატისტიკაში თვითდასაქმებულის კატეგორია გაჩნდა.როგორც ჩანს, ქალბატონ თინასა და ბაკურს სახელმწიფო ამ ცინიკურ კატეგორიაში განიხილავს. ბაკური 22 წლისაა, მას მეუღლე და 2 წლის ვაჟი ჰყავს. ამ უპრეტენზიო და მყარ ოჯახს ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში შეხვდებით. გადაცემის მეორე ნაწილში კი დავით პაიჭაძე ახალგაზრდების დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, რევაზ საყვარელიძეს, გაესაუბრება.

[თინა ბირკაძის ხმა] "ძალიან კარგი ხმა ჰქონდა ბაკურს, არაჩვეულებრივი, და ქუჩამ გაუფუჭა ხმა. იძულებული ვიყავი, უბრალოდ, რომ მემღერებინა ბავშვი. მერე გარდატეხის დროს რომ მღეროდა, ხმის გარდატეხის დროს, ვერ შევჩერდით. რა ვქნა, გვიჭირდა და აუცილებელი იყო არსებობა. ამის გარდა, კიდევ მეორე ბავშვი მყავდა, მოხუცებული დედა მყავს კიდევ."

ბაკური დედასთან ერთად დუეტის სამღერლად ქუჩაში პირველად 12-13 წლის ასაკში გავიდა. მას შემდეგ 8 წელზე მეტმა განვლო. დედისგან განსხვავებით, მან თავისი ნიჭის რეალიზება მხოლოდ ქუჩაში შეძლო. ისტორიკოსობა უნდოდა და ვერ ისწავლა, ვერ მიიღო ვერც მუსიკალური განათლება. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ წრეებში თინა ბირკაძეს ყველა იცნობდა, ხელი არავინ წააშველა. არავინ შემიწუხებიაო, ამბობს ქალბატონი თინა, რომლისთვისაც უსინათლობას ახალგაზრდობაში დაბრკოლება არაფერში - ან თითქმის არაფერში - შეუქმნია: დაამთავრა სახელმწიფო კონსერვატორია და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, წლების განმავლობაში მუშაობდა უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში, წერს სიმღერებს, გამოზარდა ბევრი ნიჭიერი ბავშვი, მათ შორის, რუსული ესტრადის ვარსკვლავი დიანა ღურწკაია. მისი მთავარი საფიქრალი ახლა მეორე ვაჟის, მალხაზის, განათლებაა. იგი ბავშვობიდანვე ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, ოჯახიც ყველაფერს იკლებდა, მისთვის გასაქანი რომ მიეცა. მაგრამ დადგა დრო, როცა წვრთნის საფასურის გადახდა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა.

[თინა ბირკაძის ხმა] "სპორტულ ფედერაციასო, ასე მითხრეს, თვითონ უჭირს და შენს შვილს რას გადაურიცხავსო. ამიტომ მე თვითონ არც არავისთან არ მივსულვარ, არც არავინ შემიწუხებია. მწვრთნელი რო მწვრთნელია, იმასაც არ გაუწევია ელემენტარული შეღავათი. ვგიჟდები ხოლმე: სხვები ლაპარაკობენ, აიო, ჩემს შვილსო 25 ლარის მაგიერ 15 ლარი გადაახდევინაო.. აი, ეს შეღავათი. რა ვიცი, მე რა დავაშავე, რო არასდროს არავინ არ მიწევს შეღავათს არაფერში, არასდროს. ჰოდა, ნუ, არც ვითხოვ არაფერს. კი ბატონო, როგორც შემეძლება. ეხლა ძალიან მინდოდა, რო გამეგრძელებინა, მაგრამ დავანებებინე თავი. ეხლა რაღაც გაიტაცა რეპმა და მუსიკამ და მღერის რეპს, მღერის გადასარევად. რეპნიკია, რა, მალხაზი. კარგად ხედავს, კი, ჩვეულებრივად მხედველია. მაგის იმედი მაქვს. სულ იმას ვფიქრობ, რო იმდენი გააკეთოს ამ ბავშვმა, რომ მე ქუჩაში არ გავიდე-მეთქი. ის დრო დადგება, რომ მე არ გავალ ქუჩაში და ჩემი შვილი მარჩენს."[სტილი დაცულია]

ქალბატონმა თინამ მალხაზი ქუჩაში პრინციპულად არ წაიყვანა. ბაკურიც საკმარისი იყო, საკმარისი იყო ისიც, რომ მას სიმღერა ხელობად ექცა და ისე მობეზრდა, რომ პირს ძალით, მექანიკურად აღებს. მუსიკალურობის მიუხედავად, არც რომელიმე ინსტრუმენტს უკრავს.

[ბაკურ ჯოხაძის ხმა]"თითქოს ეხლა ფანდურზე ვსწავლობდისავით, რაღაც, მაგრამ... იმდენად მობეზრებული რომ არ მქონოდა, შემეძლო რაღაცას გავყოლოდი. მე თვითონაც განა არ შემიძლია. ესე იგი იქიდან რომ მოვდივარ, იმდენად მაქვს ხოლმე მობეზრებული, რომ აღარ მინდა, გამოგიტყდები, ნონა, რომ აღარ მინდა ხოლმე, რომ ხელი რამეს მოვკიდო."
"ცისანას არ უმღეროდი ხოლმე შეყვარებულობის დროს?"(ნ.მ.)
"კი, ნაღდად ვუმღეროდი, მართალი რომ გითხრა, ეხლაც ვუმღერივარ ხოლმე."[სტილი დაცულია]

ცისანამ და ბაკურმა ერთმანეთი უსინათლოთა სკოლა-ინტერნეტში გაიცნეს. მათი რომანი თითქმის ხუთ წელს გაგრძელდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. უკვე ორი წლისაა მათი საბა, რომელიც სრულიად ჯანმრთელია და 100 პროცენტიანი მხედველობა აქვს.

[ცისანა ჯოხაძის ხმა] "ერთს გეტყვით. სამშობიაროში რომ ვიწექი, მოვიდა ჩემი მეგობარი და ასე მითხრა: ცისო, მთელი ჩვენი უბანი ლოცულობს, რომ შენ კარგი შვილი გეყოლოსო. ჰოდა, ექიმი მისმენდა, ჩემი სამშობიაროს ექიმი და გადარეული იყო. ერთი შემომხედეო, - ექიმმა მითხრა და, - კი, გიყურებთ მეთქი. მერწმუნეო და ერთს გთხოვო, ნამდვილად ჯანმრთელი შვილი გეყოლებაო. და კარგით მეთქი, თქვენი სიტყვები ღმერთისთვის მიმინდვია-თქო და. კი, რა ვიცი, ნამდვილად მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარული და სიხარული იყო ჩემთვის და არის კიდევაც და ძალიან ბევრ სიკეთეს გავაკეთებ-მეთქი. ღმერთს შევთხოვე, ძალიან ბევრ სიკეთეს გავაკეთებ, თუკი ჯანმრთელ შვილს მოგვცემ მე და ჩემს მეუღლეს-მეთქი და ვაკეთებ კიდეც შესაძლებლობისდაგვარად. ყველა მეუბნება, ლამაზი შვილი გყავსო და ძალიან მიხარია თითოეული ადამიანის სიტყვები. "[სტილი დაცულია]

ცისანა დიასახლისია, ბაკური კი, მობეზრებული ქუჩის გარდა, სიამოვნებით გალობს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში, სადაც ზოგჯერ მთელ დღეებს ატარებს. ერთ-ერთ რიგით სამუშაო დღეს მისი ხმითა და სიმღერებით მოხიბლულმა ერთმა ქალბატონმა ბაკური, დედასთან ერთად, ტაძარში ქუჩიდან წაიყვანა.



განვაგრძობთ ახალგაზრდულ გადაცემას. ბაკურ ჯოხაძისა და მისი კეთილი, მშვიდი ოჯახის მინიმალური ფინანსური შემოსავლები მთლიანად ქუჩაში მოსიარულეთა გულისხმიერებაზეა დამოკიდებული. სოციალურად შეჭირვებული ეს ადამიანები იძულებით ექვემდებარებიან ქუჩის კანონებს, მათ შორის, არაოფიციალურად იბეგრებიან პოლიციის მიერაც.მათზე სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს, მაგრამ...აქვს თუ არა სახელმწიფოს ახალგაზრდების დასასაქმებლად მიმართული პოლიტიკა, ვინ შეადგენს საქართველოს უმუშევარ მოქალაქეებში უმეტესობას, რა პროფესიით სურთ მუშაობა უმუშევარ ახალგაზრდებს და რა პროფესიებს სთავაზობს მათ შრომის ბაზარი. ამ საკითხებზე დავით პაიჭაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, რევაზ საყვარელიძეს, ესაუბრა. ახლა სწორედ ამ ინტერვიუს გთავაზობთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG