Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარჯობათ! ახალგაზრდულ პროგრამას დღეს


ნონა მჭედლიშვილი და დავით პაიჭაძე გამარჯობათ! ახალგაზრდულ პროგრამას დღეს,

პირობითად, ზაფხულის ჩეხეთი და ქართველი სტუდენტებიც შეიძლება ვუწოდოთ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სამივე მონაწილე მიმდინარე წლის მთავარ მოვლენასა თუ წარმატებას სწორედ ჩეხეთს უკავშირებს. მათგან ერთი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი თინათინ ალავიძე, უკვე დაბრუნდა თბილისში. ჩეხეთში იგი შოპენის სახელობის კონკურსის მესამე პრემიის მფლობელი გახდა. მას ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში შეხვდებით. მაკა დახუნდარიძე და თინა იაშვილი ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები იქნებიან. ისინი პრაღაში პოლიტიკისა და ეკონომიკის ამერიკული ინსტიტუტის სასწავლო პროგრამით იმყოფებიან.


ჩეხეთის საკურორტო ქალაქ მარიანსკე ლაზნეში 28 ივნისიდან, 4 ივლისის ჩათვლით, მიმდინარეობდა შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, რომელმაც მრავალ საინტერესო და პერსპექტიულ მუსიკოსს მოუყარა თავი. კონკურსი ორ კატეგორიად ტარდებოდა. 18 წლამდე ასაკის კატეგორიაში 15 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი თინათინ ალავიძე, რომელიც მესამე პრემიის მფლობელი გახდა. პირველი პრემია ჩეხეთის წარმომადგენელს ერგო, მეორე კი - პოლონელს. საპატიო მესამე ადგილი კი მით უფრო დასაფასებელი და სასიხარულოა, რომ თინათინმა კონკურსის ორივე ტური, ბედის ირონიით, შეუძლოდ მყოფმა დაუკრა. ეს ფაქტი მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში, ალბათ, პატარა კურიოზის სახით ჩაიწერება.

[თინათინ ალავიძის ხმა] "ნუ, რა ვიცი, თუ შეიძლება ამას, საერთოდ, კურიოზი ეწოდოს, კონკურსის დღეს, ზუსტად დილით, მოვიწამლე. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მაინც შევძელი, რომ რაღაცნაირად ამეყვანა ჩემი თავი ხელში და გამოვსულიყავი კონკურსზე. და ის ორი ტური იყო მიყოლებით, კვირას და ორშაბათს. ძალიან ცუდად ვიყავი, უბრალოდ, და მეც არ ვიცი, საერთოდ, როგორ რა დავუკარი, მაგრამ, ალბათ, რაღაც იყო, რახან მომანიჭეს მესამე პრემია."

შოპენის სახელობის კონკურსის მესამე პრემიას კი წინ უძღოდა საკმაოდ წარმატებული სტარტი. პირველი საერთაშორისო აღიარება ახალგაზრდა შემოქმედმა 2001 წელს საბერძნეთის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა, სადაც იგი პირველი პრემიისა და, რაც მთავარია, ლისტის სახელობის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ჟიურიმ პრიზი, როგორც აღმოჩნდა, ლისტის საუკეთესოდ შესრულებისათვის სპეციალურად თინათინისთვის დააწესა. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ლისტი მისი უსაყვარლესი კომპოზიტორია.

[თინათინ ალავიძის ხმა]"ყველა, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი წარმატებაა, მაგრამ ყველაზე ისეთი, რა ვიცი, რატომღაც ღირებული თუ, როგორ ვუწოდო, არ ვიცი, არის ის ლისტის სახელობის პრიზი, რომელიც არ იყო კონკურსზე დაწესებული, მაგრამ, რა ვიცი, შედეგად, მე გადმომცეს ეს პრიზი. ეს უფრო ის იყო, მოულოდნელი, რო არ არსებობდა და რო დაწესდა. რა ვიცი, ალბათ, ძალიან მოეწონათ. იმიტომ რომ ბევრი იყო ისეთი კონკურსანტი, რომელიც ასრულებდა ლისტის ნაწარმოებებს. რა ვიცი, შედეგად, მე მომცეს ეს პრიზი, ალბათ, ყველაზე მეტად ჩემი შესრულება იყო მათთვის მისაღები და მომცეს ეს პრიზი."[სტილი დაცულია]

საბერძნეთი და ლისტის სახელობის სპეციალური პრიზი თინათინისთვის სხვა მხრივაც ფეხბედნიერი აღმოჩნდა. სწორედ საბერძნეთის მე-7 საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიიღო მან პირველი მოწვევები რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, მოგვიანებით - გერმანიიდან. ამჯერად, ჩეხეთში მოპოვებული წარმატების შემდეგ კი, პოლონეთის პადერევსკის სახელობის კონკურსიდან, რომელიც 2004 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს. თინათინი პოლონეთში გამგზავრებას აპირებს და სპეციალურ პროგრამასაც ამზადებს, მაგრამ ქართველი გოგონას საზრუნავი, მოგეხსენებათ, პროგრამის გარდა, არის, ასევე, გამგზავრებისათვის საჭირო მატერიალური სახსრები.

[თინათინ ალავიძის ხმა] "აი, მაგალითად, ჩეხეთში წავედი საბერძნეთში მოპოვებული პრემიის შედეგად. იქ ხო ფულადი პრემიებიც არი და, რაც მქონდა, შევინახე ჩეხეთისთვის და იმით წავედი. ეხლა იყო, მაგრამ საკმაოდ მიზერული თანხა, იმიტომ რომ ის არ მეყოფა ნამდვილად და. ვნახოთ, რა ვიცი, თუ რამე იქნა, წავალ, თუ არ იქნა... ვინახავ იმიტომ, რომ გზის ფულად მეყოს."[სტილი დაცულია]

თინათინმა საბერძნეთშივე მიიღო ათენის კონსერვატორიის შეთავაზება, მაგრამ, იმ დროისათვის მე-11 კლასის მოსწავლემ, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტობა არჩია და ახლა უკვე მეორე კურსზე სწავლობს. მისი პედაგოგია დოცენტი ალექსანდრე გერბერი, რომელსაც თინათინი ერთპიროვნულად უკავშირებს თავის პროფესიონალურ წარმატებებს. განუზომელია, რასაკვირველია, დედის ღვაწლიც, რომელიც ასევე პიანისტია და თავისი მიუღწეველი პროფესიული მიზნების განხორციელებას შვილის მუსიკალურ კარიერაში ცდილობს. მუსიკათმცოდნეა დეიდაც. თინათინის მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, ამდენად, შემთხვევით არ მომხდარა. ახლა იგი უკვე თავად ირჩევს ფავორიტებს.

[თინათინ ალავიძის ხმა] "დავიწყებ ელისო ვირსალაძეთი, რომელიც ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, იქ რიხტერი, რუბინშტეინი, მიქელანჯელი... უამრავი კარგი შემსრულებელია. მაქვს მათი ჩანაწერები სახლში და ვუსმენ. ბევრი რამის სწავლა შეიძლება. შეიძლება პატარა ნიუანსი იყოს ისეთი, რომელსაც, დავუშვათ, ეძებ ნაწარმოებში, უცებ შეიძლება მოუსმინო ჩანაწერს და მიხვდე, რა არის ნაწარმოებში საჭირო. რა თქმა უნდა, ბევრის სწავლა შეიძლება, თუმცა მთლიანად გადმოღებაც არ ვარგა იმიტომ, რომ საკუთარი უნდა გაგაჩნდეს."

18 წლის ნიჭიერი პიანისტის ხელოვნება, საერთაშორისო კონკურსების გარდა, რესპუბლიკურ კონკურსზეც დაფასდა: 2002 წელს იგი ნოდარ გაბუნიას სახელობის ეროვნულ კონკურსზე მესამე პრემიით დაჯილდოვდა. დიდი სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს სულხან ცინცაძის სახელობის რესპუბლიკურ კონკურსშიც, რომელიც 2003 წლის ნოემბერში გაიმართება.




მე წარმატებას ვუსურვებ თინათინ ალავიძეს და მიკროფონს ვუთმობ ჩემს კოლეგას დავით პაიჭაძეს, რომელიც კიდევ ორ თბილისელ სტუდენტს გაგაცნობთ. მაკა დახუნდარიძე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს ეუფლება, თინა იაშვილი კი - საერთაშორისო ეკონომიკურ სამართალს. მათ დავით პაიჭაძე პრაღაში შეხვდა, სადაც ისინი, 7 ქართველ სტუდენტთან ერთად, პოლიტიკისა და ეკონომიკის ამერიკული ინსტიტუტის სასწავლო პროგრამით იმყოფებიან. ლექციებს მათ ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორები უკითხავენ. რას სწავლობენ გოგონები პრაღაში, რატომ აირჩიეს ეს სფერო და სად ფიქრობენ თავიანთი ცოდნის გამოყენებას? ამ კითხვებზე პასუხს მოისმენთ ინტერვიუში, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG