Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტული აქტები ბომბეიში


ანდრო ეული, პრაღა მსოფლიო თანამეგობრობამ მძაფრად დაგმო ინდოეთის ქალაქ ბომბეიში ორშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტები,

რამაც სულ ცოტა 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 150-ზე მეტი - დაიჭრა. შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ჩინეთმა, პაკისტანმა, გაერომ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ ტერორიზმს არა აქვს გამართლება. ჯერჯერობით არავის არ უკისრია ამ ტერაქტებისთვის პასუხისმგებლობა, მაგრამ ინდოეთის ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ აფეთქებები ბომბეიში - პაკისტანელმა ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოაწყეს.


ორი აფეთქება, თითქმის ერთდროულად, რამდენიმე წუთის შუალედით, ორშაბათს ნაშუადღევს მოხდა ბომბეის სამხრეთ ნაწილში; პირველი - ქალაქის ხალხმრავალ ფინანსურ რაიონში, ხოლო მეორე -მონუმენტალურ ნაგებობა "ინდოეთის ჭიშკართან", სადაც ყოველთვის მრავლად არიან ტურისტები. ასაფეთქებელი მოწყობილობები ორ ტაქსიში იყო ჩამალული.

პოლიციამ დაჰკითხა იმ ტაქსის მძღოლი, რომელიც "ინდოეთის ჭიშკართან" აფეთქდა. მძღოლი არ დაღუპულა, ვინაიდან სადილად იყო წასული იმ დროს, როცა აფეთქება მოხდა. მძღოლმა თქვა, რომ მისი ტაქსი ქალაქის ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად მთელი დღით დაიქირავა ორმა მამაკაცმა. მათ, ორი ქალი და ბავშვი ახლდა თან. ბომბეის სტუმრებმა ტურისტების საყვარელ მონუმენტალურ ნაგებობა "ინდოეთის ჭიშკართან" გააჩერეს ტაქსი, და გადმოვიდნენ რომ ესადილათ, ხოლო ჩანთა ავტომანქანაში დატოვეს.

მეორე ტაქსი ზავერის ბაზრის მახლობლად აფეთქდა, რაიონში, რომელიც ოქროულობით ვაჭრობის ცენტრად ითვლება ბომბეიში. აფეთქების შედეგად მძღოლთან ერთად მგზავრიც დაიღუპა.

მაჰარაშტრას შტატის მთავარი მინისტრის მოადგილემ ჩაგან ბუჯბალმა ინდოეთის სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა [ჩაგან ბუჯბალის ხმა]: "ვფიქრობ ამ ტერორისტებმა იმიტომ ამოიღეს მიზანში ეს ორი ადგილი - ინდოეთის ჭიშკარი და სასტუმრო ტაჯ მაჰალი, სადაც ყოველთვის მრავლად არიან ტურისტები, აგრეთვე ზავერის ბაზარი, რომელიც ბიზნესის ცენტრად ითვლება - რათა ზარალი მიაყენონ ჩვენს ეკონომიკას, რომელიც აღმავლობას განიცდის უკანასკნელ თვეებში. პოლიცია ყველაფერს აკეთებს დამნაშავეთა შესაპყრობად".

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ლალ კრიშნა ადვანიმ, ამ ტერორისტული აქტების მოწყობაში ორი აკრძალული ისლამისტური დაჯგუფება: ინდოეთის სტუდენტთა ისლამური მოძრაობა და პაკისტანში დაფუძნებული "ლაშქარ-ი-თოიბა" დაადანაშაულა.

ადვანიმ განაცხადა, რომ პაკისტანი "ტერორისტულ ომს" აწარმოებს ინდოეთის წინააღმდეგ მოყოლებული 1971 წლიდან, როცა ინდოეთი ბანგლადეშს დაეხმარა პაკისტანისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

ოფიციალურმა ისლამაბადმა დაგმო ბომბეიში მომხდარი აფეთქებები, როგორც "ტერორისტული აქტი". ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ლალ კრიშნა ადვანიმ პაკისტანს მოუწოდა - დელის გადასცეს გასასამართლებლად ის პირები, ვინც ინდოეთში ადრე მომხდარ აფეთქებათა მოწყობაშია ეჭვმიტანილი. "მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ჩვენ ვირწმუნოთ, რომ ისლამაბადმა გულწრფელად დაგმო ორშაბათს მომხდარი აფეთქებები", - დასძინა ლალ კრიშნა ადვანიმ.
XS
SM
MD
LG