Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები ჩაიშალა


23 სექტემბერს თბილისში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჰეიდი ტალიავინისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ინიციატივით ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები იგეგმებოდა.

ამ შეხვედრაზე მხარეებს უნდა განეხილათ უსაფრთხოების გარანტიების შემუშავების საკითხები, მაგრამ მოლაპარაკებები არ შედგა. გაეროს წარმომადგენლობა ამის მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს.
გაეროს წარმომადგენელი ენვერა სელიმოვიჩი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს ჩაშლილად არ თვლის და შეხვედრის ჩაშლას მხოლოდ ტექნიკურ მიზეზებს აბრალებს.

[ენვერა სელიმოვიჩის ხმა] "შეხვედრა მხოლოდ გადატანილია ტექნიკური მიზეზების გამო და გაიმართება უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს ოქტომბრის პირველ ნახევარში".

მოლაპარაკებათა ოქტომბრის პირველ ნახევარში განახლების შესახებ სელიმოვიჩის იმედს იზიარებს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც. მისი თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი არ გამხდარა დღის წესრიგის თემები, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.

[სერგეი შამბას ხმა] "ჩვენ ჯერჯერობით კონკრეტულად არ გვიმსჯელია ამ პრობლემებზე. და ჩვენ არ გვაქვს არავითარი აზრთა სხვაობა ჯერჯერობით მაინც. საქმე ამაში არ არის. მოლაპარაკებები ორჯერ იყო გადატანილი ქართული მხარის თხოვნით, ახლა კი ჩვენი თხოვნით გადატანილი იქნა ოქტომბრის დასაწყისში, რადგან ჩვენ აქ გვაქვს სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები და კიდევ არის სხვა გარემოებებიც, მოკლედ ჩვენ მოვითხოვეთ გადატანა".

როგორც ჩანს, ეს "სხვა გარემოებები" აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის მუქარა გახლავთ. ნადარეიშვილის თქმით, ჯერ კიდევ 22 სექტემბრის 22 საათამდე აფხაზები თბილისში გამოფრენას აპირებდნენ და მხოლოდ ბოლო მომენტში ნადარეიშვილის განცხადების მოსმენის შემდეგ გადაიფიქრეს.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "თუ კი ეს პირები ჩამოვლენ საქართველოში, იქნება გატარებული ის ღონისძიებები, რომლითაც ჩვენ მივმართეთ ჰააგის სასამართლოს, ანუ ისინი იქნებოდნენ დაპატიმრებულები, როგორც ადამიანები რომლებიც არიან ორგანიზატორები და გენოციდის ერთ-ერთი აქტიური შემსრულებლები".

თამაზ ნადარეიშვილის ინფორმაციით, აფხაზებს მოლაპარაკებებისთვის მომზადებული ჰქონდათ გაეროსთან შეთანხმებული "ურთიერთ თავდაუსხმელობის პაქტის" პროექტი, რომელსაც ქართულ მხარეს შესთავაზებდნენ ხელმოსაწერად. ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ არაფერი იცის საგანგებო დავალებათა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ, რომელიც მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელია.

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] "ჩემთვის ეს ინფორმაცია უცნობია. ახლა ჩვენ შეიძლება უსასრულოდ ვილაპარაკოთ, თქვენ სხვადასხვა ფორმით დამისვათ კითხვა, რომელზეც გეტყვით, რომ ჩემთვის ეს უცნობია და შეიძლება სადმე რამე არსებობს იცით..."

მალხაზ კაკაბაძე იმის გახმაურებისგანაც თავს იკავებს, თუ გალის რაიონის მოსახლეობის უსაფრთხოების რა მოდელს შესთავაზებს აფხაზურ მხარეს. იგი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით გამართულ ასეთ მოლაპარაკებებზე ქართული მხარისათვის პრიორიტეტულია საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის, დევნილთა დაბრუნების და კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხების გადაწყვეტა.
XS
SM
MD
LG