Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს შიდაპოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე


თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური დაძაბულობის უარყოფითი გავლენა ჯერჯერობით მხოლოდ ეკონომიკის მცირე სეგმენტზე შეიმჩნევა.

კერძოდ, ვარდნისკენ უმნიშვნელოდ შეიცვალა ეროვნული ვალუტის კურსი და მატება იწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასმა. რა გავლენას ახდენს შიდაპოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში მიმდინარე მსხვილ ეკონომიკურ პროექტებზე?

გასულ წლებში კასპიის ნავთობისა და გაზის მილსადენების პროექტები საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისა და ქვეყნის მიმართ დასავლეთის ინტერესის ერთგვარ ბარომეტრად იქცა. ეს იმიტომაც, რომ საქართველოში მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების გადაწყვეტილება ერთგვარი პოლიტიკური მხარდაჭერაც კი იყო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

საქართველოში ბევრი ვარაუდობს, რომ 2 ნოემბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება გამკაცრდება. შესაბამისად, ოპოზიცია პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკური ორიენტირების რუსეთისკენ შემობრუნებისა და დასავლური ნავთობპროექტების გამიჯვნას ცდილობს. ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე, ნავთობისა და გაზის მილსადენების პროექტების დიდი მნიშვნელობის აღიარებასთან ერთად, მათ ბედს ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ ორიენტირებს არ უკავშირებს.

[რომან გოცირიძის ხმა] "ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის პროექტი, რომელზეც უკვე დაიხარჯა რამდენიმე მილიარდი დოლარი და ამას ვერც შევარდნაძის გადადგომა შეუშლის ხელს და თუნდაც რაიმე პრობლემები მეზობელ სახელმწიფოებში, თურქეთში იქნება თუ აზერბაიჯანში. ეს არის პროექტი, რომელსაც მიაქანებს დრო და მსოფლიო პოლიტიკური მოთხოვნა მასზე."

შეიძლება ამით აიხსნას ისიც, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 დღეში მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) დირექტორთა საბჭომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განსახორციელებლად 250 მლნ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. უახლოეს დღეებში მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და კიდევ სხვა საფინანსო ინსტიტუტებმა.

თუმცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რომან გოცირიძის მოსაზრების საწინააღმდეგოს ამტკიცებს და მიტინგზე გამოსვლისას მან შევარდნაძეს ნავთობპროექტების პოლიტიკაც კი დაუწუნა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "გვქონდა ამხელა ტერიტორია, დაგვრჩა იმის 2/3-ზე ნაკლები და მოდით, ეს გავყიდოთ. მოდით, რაც გვაქვს, იმ ნაწილზე გავიყვანოთ ნავთობსადენი, გაზსადენი, რამდენი კილომეტრიცაა, დავითვალოთ და იმის მიხედვით დავიტოვოთ გაზის და ნავთობის გადასახადი. მოდით, გავუშვათ თურქი მძღოლები და დავითვალოთ კილომეტრაჟი და გამოვართვათ ამის მიხედვით გადასახდელი და გავყიდოთ, ერთი სიტყვით, ის, რაც დაგვრჩა ჩვენი ტერიტორია."


სააკაშვილის მოძრაობა ადრეც არაერთხელ გამოსულა მილსადენების პოლიტიკის კრიტიკით, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაში გატარების საკითხი იყო საკამათო.

ამ და სხვა პოლიტიკური ფაქტორებისა და მილსადენის პროექტის ურთიერთკავშირის შესაძლებლობის კომენტირებისაგან "ბრიტიშ პეტროლიუმში" თავს იკავებენ. ეს კომპანია მილსადენების უშუალო მშენებლობას ახორციელებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG