Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გახშირდა ქართველი მინისტრების ვიზიტები მოსკოვში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 2 მარტს მოსკოვში ერთდროულად ორი მინისტრი გაემგზავრა. სათბობენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური მოსკოვში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ლონდონელ

წარმომადგენლებს შეხვდება, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა კი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე მოსალაპარაკებლად - აფხაზეთის კონფლიქტის საკითხში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ვალერი ლოშჩინინს. რატომ გახშირდა ქართველი მინისტრების ვიზიტები მოსკოვში?

რუსეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტის შემდეგ ურთიერთობამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის გარკვეული დინამიზმი შეიძინა. ვაშინგტონიდან დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი 1 მარტს ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს და მასთან აშშ-ში ვიზიტის შედეგები განიხილა. რუსეთის პრესმდივნის ალექსეი გრომოვის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა და მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ პრობლემებზე და უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაზე.
როგორც გახსოვთ, მოსკოვში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარება მისი სიცოცხლის ამოცანაა. სწორედ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე ესაუბრება ვალერი ლოჩშინინს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა. სამწუხაროდ, უცნობია, აქვს ხელისუფლებას ამ კონფლიქტის მოგვარების ახალი კონცეფცია, თუ ამ საკითხში იგი ექსპრეზიდენტის პოლიტიკას გააგრძელებს. შეგახსენებთ: ვლადიმირ პუტინისა და ედუარდ შევარდნაძის ბოლო შეხვედრისას, 2003 წლის 7 მარტს, სოჭში თითქოსდა მოიძებნა კომპრომისი სამშვიდობო პროცესის მკვდარი წერტილიდან დასაძრავად. ქართული მხარე, გალის რაიონში დევნილების უსაფრთხო დაბრუნების სანაცვლოდ, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას თანხმდებოდა. მაშინ ამ შეთანხმებას მიესალმა აფხაზეთის კონფლიქტში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ასლან აბაშიძე, რომელიც კონფლიქტის მოგვარებისას ეკონომიკური თანამშრობლობის გაძლიერებას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა და ანიჭებს. სხვათა შორის, ახლა ასლან აბაშიძე ასევე მოსკოვში იმყოფება, თუმცა უცნობია, შეხვდება თუ არა ლოშჩინინს. ასევე, უცნობია, აგრძელებს თუ არა ასლან აბაშიძე კონფლიქტის მოგვარების პროცესში საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოვალეობის შესრულებას.
სათბობენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის მოსკოვში ვიზიტი ირიბად, მაგრამ ასევე აფხაზეთს ეხება. ახალ მინისტრს მოუწევს დაარწმუნოს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ლონდონის წარმომადგენელი, რომ საქართველო მზად არის აითვისოს ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამისთვის გამოყოფილი სესხი. საქმე ის გახლავთ, რომ ევრობანკმა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის სესხი, 38 მილიონი დოლარი, 1998 წლის დეკემბერში გამოყო, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დიდია შანსი, რომ ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი საერთოდ შეჩერდეს. ამავე დროს, ექსპერტები არ ადასტურებენ გავრცელებულ ხმებს, თითქოს რუსეთი ენგურჰესის პრივატიზაციითაა დაინტერესებული. საერთო აზრით, ენგურჰესი სტრატეგიული ობიექტია, რომლის გასხვისებით ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება სრულიად დაუცველი დარჩება.
XS
SM
MD
LG