Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება


ნოემბრის რევოლუციის, საპრეზიდენტო და განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების, ცენტრსა და რეგიონს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე საქართველოში ცოტას თუ ახსოვს,

რომ წელს, 28 ოქტომბერს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ცხადია, არჩევნების არაკანონიერებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, თუმცა ექსპერტები საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ამ მოვლენის სრულებით იგნორირებასაც არ ურჩევენ. რატომ?

რა იციან თბილისში მცხოვრებმა დევნილებმა სოხუმის ხელისუფლების მიერ 28 ოქტომბრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ? როგორც ირკვევა, ბევრი არც არაფერი:

[მამაკაცის ხმა] "აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნები? ადგილობრივი არჩევნები, ხომ? არა, არ ვიცი, არ არის ცნობილი. იმიტომ რომ რაიონში ვარ და აქ ხშირად არ ვარ, ცენტრში, და ინფორმაცია არ მაქვს ბევრი." (სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] " ვერ მოგახსენებთ ვერაფერს, რადგანაც ჩვენ აქ ვართ და... ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, რა, ფაქტიურად." (სტილი დაცულია)

დევნილთა უმეტესობამ ასევე არ იცის, თუ რა ძალები ეცილებიან ერთმანეთს სეპარატისტული რესპუბლიკის პრეზიდენტის სავარძელს:

[მამაკაცის ხმა] "იქ ერთმანეთში დაპირისპირებები არის, იქ ერთმანეთს ძალები ებრძვიან, მაგრამ ზუსტად, დაკონკრეტებით რომ გითხრათ... ვერ გეტყვით ამას."(სტილი დაცულია)

არადა, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, არძინბას მემკვიდრეობისათვის, სულ ცოტა, ხუთი პოლიტიკური დაჯგუფება მაინც იბრძვის: "ამცახარა", ანრი ჯერგენიას ჯგუფი, "ერთიანი აფხაზეთი", "აიტაირა" - იგივე "აღორძინება" და თავად არძინბას კლანი, რომელიც ფსონს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გენადი გაგულიაზე ჩამოდის. თუმცა გაიმარჯვებს ის...

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "...ვისაც მოსკოვი, საბოლოო ჯამში, მხარს დაუჭერს. ანუ ნებისმიერი მათგანი იძულებული იქნება ითამაშოს პრორუსული ძალა, მაგრამ მაგათ შორის არის განსხვავება. ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი განვასხვავოთ ეს ხალხი."(სტილი დაცულია)


ზაქარეიშვილი აცხადებს, 28 ოქტომბრის არჩევნებს თუნდაც იმიტომ აქვს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა, რომ ამ დღეს ვლადისლავ არძინბას ეპოქა მთავრდება, ხოლო იმაზე, თუ ვინ გადაიბარებს ხელისუფლებას, დიდად იქნება დამოკიდებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მომავალიო:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ამიტომ, თუ ამ კონტექსტში მივუდგებით, მე მგონი, კარგი იქნება, თუ მხარს დავუჭერთ ან "აიტაირას" კანდიდატებს, ან ერთიანი აფხაზეთის კანდიდატებს. მე მგონი, ამ ორ ძალაზე უნდა მოხდეს ჩვენი, ქართული პოლიტიკის გათვლა." (სტილი დაცულია)

პაატა ზაქარეიშვილის მონაცემებით, დღესდღეობით აფხაზეთის ტერიტორიაზე 45 ათასამდე აფხაზი, 40 ათასამდე სომეხი და 55 ათასი ქართველი ცხოვრობს. ასე რომ, გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა თბილისში მცხოვრები დევნილები ეჭვობენ, რომ ენგურსგაღმა დარჩენილ მათ თანამემამულეებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემენ.

[მამაკაცის ხმა] "ისინი შეშინებული ხალხია და შეიძლება ხმა მისცენ ამათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგათ ისინი უყვართ... იქ რომ ცხოვრობენ, ეშინიათ და ვისზეც მიუთითებენ, იმათ დაუჭერენ მხარს."

[მამაკაცის ხმა] "სულ ერთი არ არის... ვინც ჩვენ გვაწყობს, ის უნდა მოვიდეს, მაგრამ რუსეთზეა დამოკიდებული..."(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] "დააძალებენ მოსახლეობას, რომ არჩევნებზე გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა."

იმას, რომ უშუალოდ არჩევნების წინ გალის ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლას აუცილებლად ექნება ადგილი, არც პაატა ზაქარეიშვილი უარყოფს, თუმცა იგი ასეთ გამოსავალს გვთავაზობს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] "ჩვენ უნდა ვეცადოთ, გავიდეთ იმ ხალხზე (კულუარულად, რა თქმა უნდა), ვინც გვინდა, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და ვუთხრათ, რომ მათ შეუძლიათ ჩავიდნენ გალის რაიონში... ამის გაკეთება შეიძლება ტექნიკურად, მეც კი შემიძლია დავეხმარო ვინმეს, ანუ არ არის ეს პრობლემა, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ იმ ძალების გალში ჩამოსვლას და საარჩევნო პროპაგანდის წარმოჩენას, რომელიც ჩვენ გვაწყობს რომ მოვიდეს. მთავარია, ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა. როგორც კი ჩამოვყალიბდებით, ანუ გვეცოდინება, რა გვინდა, მერე შეიძლება ამის ტექნიკურად განხორციელება."(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG