Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ესტაფეტა: "ათენიდან ჰელსინკამდე" - გადაცემა მეოთხე


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი აზიის ქვეყნებიდან იაპონია პირველი იყო, რომელმაც ზაფხულის

ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. მე-18 ოლიმპიადა ტოკიოში 1964 წლის ოქტომბერში გაიმართა და 93 ქვეყნის 5 ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ოლიმპიადაზე ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი საბჭოთა კავშირმა მიავლინა, თუმცა სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე საბჭოელთა გამოსვლა სათუო გახდა. საქმე ის არის, რომ ოქტომბერში მორიგ პარტიულ შეთქმულებას ემსხვერპლა ნიკიტა ხრუშჩოვი და კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე მისი ადგილი დაიკავა ლეონიდ ბრეჟნევმა. კრემლში სასწრაფოდ გამოიძახეს ტოკიოში ახალჩასული საბჭოთა ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სერგეი პავლოვი. ოლიმპიადის ორგანიზატორები შიშობდნენ, რომ პავლოვს მთელი საბჭოთა გუნდი მიჰყვებოდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ მოხდა. საბჭოელები ტოკიოში დარჩნენ, უმეტეს სახეობაში წარმატებით გამოვიდნენ და საერთო ჩათვლაშიც ყველას აჯობეს. მათ მიერ მოპოვებული 96 მედლიდან 11 მედალი ქართველთა ანგარიშზე მოდის. 18 ოლიმპიელი და 11 მედალი - ეს შედეგი არაოფიციალურ საერთო ჩათვლაში მე-16 ადგილს შეეფარდება და აღემატება ესპანეთის, იუგოსლავიის, კანადის, თურქეთის, შვეიცარიის, დანიის და მრავალი სხვა ქვეყნის მაჩვენებელს. ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი და ფრენბურთელი ვაჟა კაჭარავა, ვერცხლის მედლები მიიღეს: გურამ საღარაძემ -თავისუფალ ჭიდაობაში, შოთა ქველიაშვილმა - ტყვიის სროლაში, რომან რურუამ - კლასიკურ ჭიდაობაში და ლევან მოსეშვილმა -კალათბურთში. მესამე ადგილებზე გავიდნენ: მოფარიკავე გურამ კოსტავა, ძიუდოისტები - ანზორ კიკნაძე და ფარნაოზ ჩიკვილაძე, თავისუფალი და კლასიკური სტილის მოჭიდავეები - ნოდარ ხოხაშვილი და დავით გვანცელაძე. მათ გარდა, ტოკიოში გამოდიოდნენ: რობერტ შავლაყაძე, როსტომ აბაშიძე, ზარბეგ ბერიაშვილი, შოთა ლომიძე, ომარ ფხაკაძე, ალექსანდრე ტუტაკაევი და ბორის პოლულიახი.

საბჭოთა კავშირის ფრენბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე სულ ცხრა მატჩი გამართა და, იაპონელთა გარდა, ყველა მეტოქეს მოუგო. შვიდ მატჩში - მათ შორის, ბრაზილიელებთან გადამწყვეტ შეხვედრაში - ითამაშა ვაჟა კაჭარავამ. "საიმედო, სტაბილური, უნივერსალური"-ასეთი შეფასება დაიმსახურა კაჭარავას გამოსვლამ ტოკიოში. იგივე შეიძლება ითქვას ხმლით მოფარიკავე ნუგზარ ასათიანზეც, რომლის ოლიმპიური დებიუტი 1960 წელს რომში შედგა. მაშინ ასათიანი პირად და გუნდურ შეჯიბრებასაც მეოთხედფინალში გამოეთიშა. ოთხი წლის შემდეგ საბჭოთა ნაკრებს უკვე ფავორიტთა შორის მოიხსენიებდნენ, თავად ასათიანს კი - გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. ისე მოხდა, რომ იტალიელებთან ფინალური შეხვედრის გადამწყვეტი ბრძოლა მწვრთნელებმა ქართველ მოფარიკავეს ანდეს და, როგორც აღმოჩნდა, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. იმ ისტორიული ბრძოლის შესახებ ნუგზარ ასათიანი წერს: " უკანასკნელი შეხვედრის წინ მინიმალური ანგარიშით დავწინაურდით და, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ოქროს მედლებს ვიგებდით. იტალიელი უხერხული მეტოქე გამოდგა-მოულოდნელ გაგრძელებებს ირჩევდა, თანაც ძალზე სწრაფ ტემპში ფარიკაობდა. ისე ვღელავდი, რომ ბრძოლის მსვლელობა თითქმის აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა ფინალი: ჩემი თანაგუნდელები სარბიელზე გადმოცვივდნენ, მეხვეოდნენ და გამარჯვებას მილოცავდნენ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა."

ასათიანისა და კაჭარავას გარდა, ჩემპიონის ოქროს მედალი ქართველთაგან არავის რგებია. არადა, ტოკიოში 9 ქართველი ფალავანი გამოდიოდა. ოლიმპიური ისტორიის საბჭოურ პერიოდში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩვენმა მოჭიდავეებმა თამაშებზე ვერ გაიმარჯვეს. ტოკიოში ზოგს გამოცდილება არ ეყო, ზოგს ფორტუნამ უმტყუნა, რომან რურუას კი მსაჯებმა უმუხთლეს და უნგრელ იმრე პოიაკთან აშკარად მოგებული შეხვედრა ფრედ დაამთავრებინეს. მსაჯების ამ უსამართლობას დიდი ხმაური მოჰყვა, მაყურებელი და პრესა რურუას აქტიურად გამოესარჩლა, მაგრამ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა - ოქროს მედალი ვეტერან უნგრელს გაატანეს. მსაჯების არაობიექტურობას ბევრჯერ შევსწრებივარ, მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს მინახავს, - ამბობს ამავე ოლიმპიადის კიდევ ერთი ვერცხლის მედალოსანი გურამ საღარაძე. ტოკიოში გურამსაც მძიმე ბრძოლები გადახდა, ხუთ მეტოქეს აჯობა და, უიღბლობა რომ არა, პირველობა მას დარჩებოდა:

[გურამ საღარაძის ხმა] "შემეძლო გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ფინალურ შეხვედრაში როცა ვხვდებოდი თურქ ისმაილ ოგანს, რომელსაც მართლა ჰქონდა ქონი წასმული, მსაჯებს ორჯერ ვთხოვე, შეხედეთ რა მდგომარეობაა-მეთქი. ასე რომ, ჩემთვის მიუდგომელი მეტოქე აღმოჩნდა, გარბოდა კიდეც, მაგრამ არ გაუფრთხილებიათ. ფრეს შემთხვევაში უნდა ავეწონეთ და ეს აღმოჩნდა ჩემთვის საბედისწერო - 300 თუ 400 გრამით ის ნაკლებს იწონიდა და ამან გადაწყვიტა ყველაფერი."

საღარაძესა და ოგანს ადრეც უჭიდავიათ ერთმანეთთან. ეს იყო სტამბულში, 1962 წელს, საბჭოთა და თურქეთის გუნდების ტრადიციული მატჩის ფარგლებში. მაშინ ოგანმა მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა, მაგრამ მერე ქვესაშუალო წონაში ლიდერი სწორედ საღარაძე გახდა:

[გურამ საღარაძის ხმა] "მე უკვე მოვძლიერდი, დამარცხებული მყავდა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ირანელი ჰაბიბი.1963 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ასე რომ, მზად ვიყავი ოლიმპიური ჩემპიონობისთვის."

იაპონელებმა, მოგეხსენებათ, მასპინძლის უფლებით ისარგებლეს და თამაშების პროგრამაში ახალი ოლიმპიური სახეობა - ძიუდოც შეიტანეს. მით უფრო ფასეულია ჩვენი ფალავნების - ანზორ კიკნაძისა და ფარნაოზ ჩიკვილაძის პირველი ოლიმპიური მედლები. სამ წონით კატეგორიაში მასპინძლებმა, ძიუდოს ფუძემდებლებმა, იმარჯვეს, მაგრამ ყველაზე პრესტიჟულ აბსოლუტურ კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული ჰოლანდიელმა ანტონ გეეზინკმა მოიპოვა და, როგორც იმდროინდელი პრესა წერდა, "მთელი იაპონია ღრმა შოკში ჩააგდო". ამ თამაშებზე კიდევ ერთი სკანდალური ამბავი მოხდა: ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად დაფიქსირდა დოპინგის გამოყენება. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზე იყო - ტოკიოს ოლიმპიადას დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თამაშებად მოიხსენიებენ.
XS
SM
MD
LG