Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საბავშვო და მოზარდთა მუსიკის ოცდამეცამეტე კვირეული მიმდინარეობს.


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი თბილისში საბავშვო და მოზარდთა მუსიკის ოცდამეცამეტე კვირეული მიმდინარეობს.

ის პირველ ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სიმფონიური მუსიკის კონცერტით გაიხსნა და 7 ივნისს ქართული მუსიკის კონცერტით დაიხურება. საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეული ყოველწლიურად იმართება და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებს აგერ უკვე ოცდამეცამეტედ სთავაზობს შანსს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობა. კვირეული პოპულარიზაციას უწევს პროფესიულ მუსიკას და მისი ორგანიზატორი წლების მანძილზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორი მერი დავითაშვილია. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ საუბარი გვექნება ნორჩ კომპოზიტორთა კონცერტზე, რომელიც, კვირეულის ფარგლებში, "კომპოზიტორთა კავშირში" შედგა. შემდეგ შემოგთავაზებთ ინტერვიუს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმათა პროექტის, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელ სიმონ ჯანაშიასთან.

3 ივნისს "საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი" ნორჩ კომპოზიტორებს მასპინძლობდა. იქ თბილისის - და არამარტო თბილისის - სამუსიკო სკოლების მოსწავლეები საკუთარი ნაწარმოებებით წარდგნენ უფროსი თაობის ცნობილი კომპოზიტორების წინაშე.

[ჩანაწერი კონცერტიდან]

ამჯერად ფორტეპიანოსთან ქართული სამუსიკო გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლე - აფხაზეთიდან დევნილი - ლალი საბანაძე იჯდა , ვიოლინოზე თათია გვანცელაძე უკრავდა, ჩელოზე კი - ქეთი როინიშვილი. ტრიო ლალი საბანაძის კომპოზიციას ასრულებდა.

[ნინო მესხის ხმა] " დღევანდელი კონცერტი არის ტრადიციული, სადაც წარმოდგენილნი არიან კომპოზიტორი ბავშვები. მე ძალიან მომწონს ეს ტენდენცია. ბოლო წლებში ძალიან ბევრი ბავშვი დაინტერესდა კომპოზიციით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არის ინტერესი პროფესიული მუსიკის მიმართ. " (სტილი დაცულია)

მუსიკათმცოდნე ნინო მესხი ბავშვთა და მოზარდთა მუსიკის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორია და მას, ისევე როგორც კვირეულის მთავარ ორგანიზატორს, ცნობილ ქართველ კომპოზიტორს მერი დავითაშვილს, ეამაყება, რომ ბავშვთა და მოზარდთა მუსიკის კვირეულებზე სხვადასხვა წლებში გამოსული ნორჩი მუსიკოსები მოგვიანებით წარმატებული შემსრულებლები გახდნენ. მერი დავითაშვილი ოცდაცამეტი წლის მანძილზე უდგას სათავეში საქმეს, რომელიც სამუსიკო სკოლების ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენას ემსახურება და ამ საქმის რეალიზაციაში მას "კომპოზიტორთა კავშირი" ეხმარება.

[მერი დავითაშვილის ხმა] "33 წელია ვატარებთ ყოველწლიურად, არ შეწყვეტილა. ხანდახან ვფიქრობ, უკვე ზედმეტი ხომ არ არის, მაგრამ იმდენია მსურველი, ძალაუნებურად უარს ვეღარ ვამბობთ. ჩვენ პროპაგანდას ვუწევთ სერიოზულ მუსიკას, კლასიკას, ხალხურ მუსიკასაც და თანამედროვე კომპოზიტორების და არა მოყვარულების მუსიკას. " (სტილი დაცულია)

3 ივნისს "კომპოზიტორთა კავშირის" საკონცერტო დარბაზში შეკრებილი საზოგადოების წინაშე 30-მდე მოსწავლე წარდგა. კონცერტი ორნაწილიანი იყო. პირველი ნაწილი დაეთმო ნორჩ კომპოზიტორებს, მათ საკუთარი ნაწარმოებები შეასრულეს, მეორე ნაწილში კი სხვადასხვა სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა ქართველი კომპოზიტორების - მათ შორის, მერი დავითაშვილის, ლელა მაქარაშვილის და სხვების - ახალი საბავშვო ნაწარმოებები დაუკრეს.

[ ჩანაწერი კონცერტიდან. ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის მეორე კურსის მოსწავლე ანა ქასრაშვილი ასრულებს საკუთარ კომპოზიციას.]

[ანა ქასრაშვილის ხმა] " ჩემი ნაწარმოებები აქამდე კონცერტებზე არ შემისრულებია, თუმცა სიმღერებს ვწერდი და მათ ბათუმში ასრულებდა ჩვენი ჯგუფი , რომელსაც ჰქვია "ემსი".

ანა ბათუმიდან თბილისში სპეციალურად ბავშვთა და მოზარდთა მუსიკის ოცდამეცამეტე კვირეულზე გამოსასვლელად ჩამოვიდა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მას დიდი ხანია სურდა და სურვილი ქალბატონ მერი დავითაშვილის დახმარებით შეისრულა. ცნობილი საბავშვო კომპოზიტორი ფიქრობს, რომ ანას ძალიან კარგი მონაცემები აქვს.


3 ივნისს უფროსი თაობის კომპოზიტორების წინაშე საკუთარი შემოქმედებით 15 წლის გიორგი მიქაძეც წარდგა. ის ქართული სამუსიკო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა. საბავშვო და მოზარდთა მუსიკის კვირეულში გიორგიმ უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა, ამჯერად საკუთარი ნაწარმოებით.

[ ჩანაწერი კონცერტიდან. "ავის განდევნა" - ასრულებს ავტორი გიორგი მიქაძე]


[გიორგი მიქაძის ხმა] " სამი წელია, რაც ვწერ. ჩემი პედაგოგი არის ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი. ნაწარმოებს, რომელიც დღეს შევასრულე, ჰქვია "ავის განდევნა".
თავიდან ვფიქრობდი დამეწერა რონდო, მაგრამ მერე სხვა დეტალები შევიტანე და გამოვიდა პიესა. ეს არის ეშმაკის და კეთილი ადამიანის შებრძოლება და, როგორც ყოველთვის, სიკეთის გამარჯვებით სრულდება. "


გიორგი მიქაძეს სერიოზული გეგმები აქვს. აპირებს გახდეს კარგი პიანისტი, ამას გარდა, საგუნდო -სადირიჟორო ფაკულტეტზე სურს სწავლა.

ანას და გიორგის გარდა, "კომპოზიტორთა კავშირში" 3 ივნისს გამართულ კონცერტში ბევრმა სხვა ნიჭიერმა მოზარდმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. უფროსი თაობის მუსიკოსებმა მათი მონაცემები შეაფასეს. დასკვნა ასეთია: საქართველოს სამუსიკო სკოლებში კარგი თაობა იზრდება და ეს თაობა სამომავლოდ აუცილებლად გამოავლენს კარგ კომპოზიტორებს.

კვირეული გრძელდება. დასკვნითი, ქართული მუსიკის, კონცერტი 7 ივნისს "კომპოზიტორთა კავშირში" შედგება და მასში მონაწილეობას ნორჩ შემსრულებელთა თბილისის მეოთხე საქალაქო კონკურსის ლაურეატები მიიღებენ.

განვაგრძობთ "ახალგაზრდულ პროგრამას. " ახლა გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმათა პროექტის, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელ სიმონ ჯანაშიასთან. მას დავით პაიჭაძე ესაუბრა.

[ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან]
XS
SM
MD
LG