Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში ვითარების მკვეთრი გამწვავების შემდეგ რუსეთის პრესაში სულ უფრო


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ცხინვალის რეგიონში ვითარების მკვეთრი გამწვავების შემდეგ რუსეთის პრესაში სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკითხს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთმა

შექმნილ ვითარებაში. გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა, რაც, როგორც ჩანს, ერთგვარი დაბნეულობის მიმანიშნებელიცაა.

13 აგვისტოს გაზეთ “ნეზავისიმოე ვოენნოე ობოზრენიეს” თქმით, “სრულიად აშკარაა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უშუალოდ რუსეთზეა დამოკიდებული.”

გაზეთი წერს: “თუ მოსკოვის მხარდაჭერას დაკარგავენ, ეს რეჟიმები უმალ დაემხობა, როგორც ეს აბაშიძის რეჟიმს მოუვიდა. რუსეთის მდგომარეობა კი მეტად საჩოთიროა. ძალიან რთულია, ებრძოლო საკუთარ სეპარატისტებს ამავე რეგიონში და, იმავდროულად, სხვების სეპარატიზმს უპირობოდ ედგე მხარში. კიდევ უფრო რთულია ამის კეთება, როცა ფორმალურად აღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. და კიდევ უფრო რთულია იმ ვითარებაში ყოფნა, როცა თვითონ არ იცი, რას ესწრაფვი, ხოლო შენმა ოპონენტმა (სააკაშვილმა) უაღრესად მკაფიოდ იცის თავისი მიზანი.”

12 აგვისტოს გაზეთ “სოვეტსკაია როსიაში” საუბარია იმ ბერკეტებზე, რომლებიც რუსეთს აქვს საქართველოზე ზემოქმედების მოსახდენად. ავტორი ვიაჩესლავ ტეტეკინი ერთ-ერთ ასეთ ბერკეტად ჯავახეთის რეგიონს მიიჩნევს, მანამდე კი ამბობს, რომ “აჭარაში ყველაფერი როდია დამთავრებული.”

მისივე თქმით: “საქართველო, უპირველესად, ეკონომიკურადაა სუსტი. აბა, ამ ქვეყნის რა რეალურ დამოუკიდებლობაზე შეიძლება საუბარი, როცა მთავრობა ორიოდე ამერიკული ფონდისგან იღებს ხელფასს. რუსეთს საკმარისად აქვს ეკონომიკური ბერკეტები იმისათვის, რომ აიძულოს სააკაშვილი და მისი გუნდი რუსეთთან ურთიერთობებში იხელმძღვანელონ საღი გონებით და არა ემოციებითა და თბილისში ამერიკის ელჩის რეკომენდაციებით.”

14 აგვისტოს გაზეთ “კომერსანტში” მოყვანილია რუსეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის ანდრეი კოზირევის თვალსაზრისი კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების შესაძლო ინტერნაციონალიზაციის შესახებ. ანდრეი კოზირევი ამბობს: “არ არის საჭირო, შევეწინააღმდეგოთ სამშვიდობო ძალების ინტერნაციოანალიზაციას - რატომ უნდა ვზიდოთ ეულად ეს ტვირთი? ჩვენ ამას ვაკეთებდით და საერთაშორისო თანამეგობრობამ მადლობა უნდა გვითხრას, მაგრამ უფრო სასარგებლო იქნებოდა, ეს ტვირთი ეუთოსთან ან გაეროსთან ერთად გვეზიდა.”

17 აგვისტოს “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ “რუსეთი კავკასიაში რთული არჩევანის წინაშე დგას”. გაზეთის თქმით, “მას შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის სააკაშვილის ძალისხმევას და ისეთივე სტუმარმასპინძლობა გაუწიოს ბატონებს არძინბასა და კოკოითს, როგორიც ბატონ აბაშიძეს გაუწია; შეუძლია აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამით ბოლო მოუღოს ქართველ პოლიტიკოსთა პროვოკაციებს; დაბოლოს, შეუძლია ინიციირება გაუკეთოს დიალოგს საქართველოს, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შორის, რაც ცხადია, ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან რუსეთი, ფაქტობრივად, უკვე იქცა “შიდაქართული” კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ. მაგრამ ძნელია წარმოიდგინო იმაზე უფრო მცდარი გადაწყვეტილება, ვიდრე რეგიონში “მართვადი არასტაბილურობის” შენარჩუნებისკენ მიმართული ძალისხმევაა.”
XS
SM
MD
LG