Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალ შეუდგება - მოხვდება თუ არა ამნისტიის კატეგორიაში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა?


დღეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

გენერალური პროკურატურა ყოფილ მინისტრს თაღლითობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით 6,7 მილიონი ამერიკული დოლარის მითვისებაში თანამონაწილეობას ედავება. დღესვე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა. კანონპროექტი პლენარულ სხდომას ხვალ წარედგინება. დეპუტატების ფართო სამსჯავროს, სავარაუდოდ, ხვალიდან მაინც ექნება პასუხი შეკითხვაზე, გავრცელდება თუ არა ამნისტია ჩინოვნიკთა იმ კატეგორიაზე, რომელსაც დავით მირცხულავა წარმოადგენს.

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი. საქმე კი ეხება ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აწერს სომხეთის მხარე და ქართული კერძო სამართლის იურიდიული პირები - საბითუმო ბაზარი, საქართველოს რკინიგზა და საქენერგო. პასუხისგებაში მხოლოდ მინისტრია მიცემული, დაზარალებულად კი საქენერგო ითვლება.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”მეეჭვება, რომ მირცხულავა დანაშაულის გამო დააკავეს. მე მგონი, ის დააკავეს თავისი ცნობილი გამონათქვამისთვის, როდესაც ჟვანიას ამბარცუმა უწოდა.” (სტილი დაცულია)

დეპუტატი კობა დავითაშვილი ფიქრობს, რომ, მირცხულავას მიმართ უმაღლესი დონის სახელმწიფო პირთა აშკარა ანგარიშსწორების მიუხედავად, საჯარო მოხელეებზე ფინანსური ამნისტიის გავრცელება დაუშვებელია. თუ რატომ, ამაზე დავითაშვილის გუნდის წევრი კახა კუკავა ისაუბრებს:

[კახა კუკავას ხმა] ”ამ ამნისტიას აქვს ასეთი დასაბუთება, როდესაც შემოიტანა ფინანსთა სამინისტრომ, რომ შევარდნაძის დროს შექმნილი იყო ისეთი სისტემა, რომლის დროსაც გადამხდელი, მეწარმე იძულებული იყო, რომ რაღაცა დაემალა და რაღაცა მოეპარა. ესენი იყვნენ ამ რეჟიმის მსხვერპლნი და ამიტომაც ახალმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაათავისუფლოს. მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკურ პირებში შედიან პარლამენტისა და მთავრობის წევრები და ეს ადამიანები რეჟიმის მსხვერპლნი არ იყვნენ. ეს ადამიანები იყვნენ, ვინც თვითონ ქმნიდნენ ამ რეჟიმს.” (სტილი დაცულია)

დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა ხელისუფლებას ამომრჩევლის წინაშე დადებული ვალდებულება შეახსენეს და კორუფციული რეჟიმის შემოქმედი რამდენიმე ცნობილი პირის დაპატიმრება მოითხოვეს - მათ შორის, ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ჩხარტიშვილისა და ყოფილი დეპუტატის ღუღუნიშვილის. მათი აზრით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ამ კონკრეტული პირების მიმართ საბანკო ანაბრების გაუფასურება უნდა გახდეს.

ფინანსური ამნისტიის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა ალტერნატიულ წინადადებას დასთანხმდება და ყოფილ სახელმწიფო მოხელეებზე ფინანსური ამნისტიის გაუვრცელებლობის გადაწყვეტილებას მიიღებს. ასეთ შემთხვევაში კი თავად მირცხულავასთვის აზრს კარგავს კანონპროექტის კიდევ ერთი სადავო მუხლის საბოლოოდ ფორმულირება. ვგულისხმობთ იმას, უნდა გავრცელდეს თუ არა ამნისტია იმ პირებზე, რომელთა საქმე სამართალწარმოებაშია, მაგრამ განაჩენი ჯერ არ არსებობს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ეს კანონი, ანუ ამნისტია, არ გავრცელდეს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა ან სამართალწარმოებაა დაწყებული, ადმინისტრაციული სამართალწარმოება.”

მემარჯვენე ოპოზიციის წევრის ზურაბ ტყელამაძის აღნიშნულ წინადადებას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აკონკრეტებს და ამბობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებული ის მეწარმეები, რომელთა მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს, ბიუჯეტის სასარგებლოდ სადავო თანხას მაინც გადაიხდიან. სხვა საკითხია, რომ ამგვარ საქმეთა რიცხვი უკანასკნელ ხანს საგრძნობლად გაიზარდა. კანონპროექტის პარლამენტში შესვლიდან დღემდე 63 საქმეა აღძრული. ოპოზიცია შიშობს, რომ კანონის ამოქმედებამდე დარჩენილ ორიოდე კვირაში გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი მკვეთრად იმატებს.
XS
SM
MD
LG