Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის დაინტერესებული თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე სამი დღეა დარჩენილი. იმის მიუხედავად, რომ არჩევნების შედეგი უკვე ნათელია,

- არავის აეჭვებს სერგეი ბაღაფშის გამარჯვება, რადგან არჩევნებში მის კონკურენტს იაკობ ლაკობას გამარჯვების არავითარი შანსი არა აქვს, - პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. 10 იანვარს იგი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ რაულ ხაჯიმბასთან ერთად გალის რაიონს ეწვევა. გალელების არჩევნებში მონაწილეობას ამჯერადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. რატომ?


ალბათ, გახსოვთ, რომ 3 ოქტომბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისათვის გადამწყვეტი სწორედ გალის ამომრჩევლის არჩევანი აღმოჩნდა: გალელების მიერ სერგეი ბაღაფშის მხარდაჭერამ ამ უკანასკნელის გამარჯვებასა და არძინბას ხელისუფლების ფავორიტის რაულ ხაჯიმბას დამარცხებაში ლომის წილი შეიტანა. ამჯერად, განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გამორიცხული არ არის, გალელების როლი კვლავ გადამწყვეტი აღმოჩნდეს: საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები 12 იანვრისთვის დაგეგმილი არჩევნების ჩაშლის საფრთხის თაობაზე. ექსპერტთა მოსაზრებით, არჩევნების უალტერნატივობიდან გამომდინარე, - პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი იაკობ ლაკობა 3 ოქტომბრის არჩევნებშიც მონაწილეობდა და მას მხარდაჭერა მხოლოდ 508 ამომრჩეველმა გამოუცხადა, - სავსებით შესაძლებელია, 12 იანვარს საარჩევნო უბნებში არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისთვის აუცილებელი რაოდენობის ამომრჩეველი არ მივიდეს. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ნათელი ხდება, რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლო სულაც არ არის: როგორც ირკვევა, აფხაზეთში გავლენის მქონე ორგანიზაციები, საერთოდ, არჩევნების გადადების მოთხოვნით გამოდიან.
ორგანიზაცია „ახიაცა“, რომელიც ერთ-ერთი გავლენიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობაა აფხაზეთში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არჩევნების ბოიკოტის შესახებ აკეთებს განცხადებას. აქვე გეტყვით, რომ „ახიაცა“ - ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად ვლადისლავ არძინბა წამოაყენა. სწორედ „ახიაცას“ არაფორმალური ლიდერი იყო თამარ შაკრილი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის სახლის სერგეი ბაღაფშის მომხრეების მიერ აღებას შეეწირა.
შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევნების ჩაშლით ან გადადებით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა დაინტერესებული. ამის მიზეზის მოძიება მარტივია: სერგეი ბაღაფშის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი იქნება, რომელიც წლების მანძილზე არძინბას შეურიგებელი ოპონენტი იყო და რომლის ავტორიტეტიც აფხაზურ საზოგადოებაში ძალიან მაღალია. შესაბამისად, 12 იანვრის შემდეგ არძინბას კლანის ხელშეუხებლობის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
XS
SM
MD
LG