Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების მიერ ჩამოწერილი ადამიანები ემიგრაციაში წასვლაზე ოცნებობენ


“ვარდების რევოლუციის” ტალღაზე მოსული ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, საქართველოში ხელფასებისა და პენსიების ზრდის პარალელურად

სახელმწიფო ორგანიზაციებიდან დათხოვნილ ადამიანთა რაოდენობაც გაიზარდა. უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების უმუტესობას კი არსებობისათვის საჭირო სახსრების შოვნა უჭირს. მათი დიდი ნაწილი თავს მოხუცი მშობლების პენსიითა და წლების განმავლობაში ნაგროვები საოჯახო ნივთების გაყიდვით ირჩენს. მე ხელისუფლების მიერ ჩამოწერილი ერთი კონკრეტული პიროვნების ბედით დავინტერესდი.

ვიცე-პოლკოვნიკმა რეზო ფურცხვანიძემ თავდაცვის სამინისტროს უწყებაში 11 წელი იმსახურა. 51 წლის ოფიცერს, რომელიც დათხოვნის მომენტში ლოგისტიკის ცენტრალური დეპოს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა, საერთო ჯამში, ლამის 40-წლიანი შრომითი სტაჟი აქვს. ჩემი რეპორტაჟის გმირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ საბრძოლო მოქმედებებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. მაგრამ, ზღვრული ასაკის გამო, თავდაცვის სამინისტროდან ერთი წლის წინ დათხოვნილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტისთვის ახალი სამსახურის შოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა:

[რეზო ფურცხვანიძის ხმა] “ჩვენთან 50 წელი არის ზღვრული ასაკი. დათხოვნილი ვიქენი შეიარაღებული ძალების რიგებიდან, მაგრამ მერე იწყება ჩემი უბედურების ამბავი. მივმართე ყველას, მათ შორის, პრეზიდენტსაც… მართლა მინდოდა ჩავრთულიყავი საქვეყნო საქმეში, რიგით თანამდებობას ვითხოვდი, ყველგან დევს ჩემი განცხადება. კაციშვილმა არ მომისმინა.”

ბატონმა რეზომ სამსახურის ძებნაში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასაც მიმართა, მაგრამ მას დასაქმების სახელმწიფო ფონდისკენ მიუთითეს:

[რეზო ფურცხვანიძის ხმა] “ამ დათხოვნის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს ქალაქს. უჭირს ძალიან ქუთაისს. ამ კუთხით მივედი, მაგრამ არავის არ უნდიხარ. ყველა გიშორებს. არც მიმიღეს, განცხადებაც კი არ შევიდა მათთან, ვიღაც დაბალი რგოლიდან გამოვიდა და დასაქმების ფონდს მიმართეო, მითხრა”.

არადა, ცნობილია, რომ, კანონით, დასაქმების ფონდს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების უფლება არა აქვს. ბატონი რეზო კი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ სახელმწიფო სამსახურების აბსოლუტურ უმრავლესობაში თანამშრომელთა მიღება პროტექციით ხდება:

[რეზო ფურცხვანიძის ხმა] “გინდა პარლამენტში, გინდა ერთიან ფონდში, მხოლოდ ძმაბიჭობით, თანაგუნდელობით მოჰყავთ და ასაქმებენ.” (სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, სამსახურის ძებნაში ჩემმა რესპონდენტმა მთელი წელიწადი დაკარგა. იმის გამო, რომ შესაბამისი ასაკისათვის არ მიუღწევია, ბატონი რეზო სახელმწიფოსგან ვერც 28 ლარიან პენსიას იღებს. რაც შეეხება აფხაზეთის ომის მონაწილეთა სოციალური დაცვის შესახებ კანონს, მის მიღებას დეპუტატები არ ჩქარობენ. ასე რომ, ჩემი რესპონდენტის ოჯახს, რომელიც პედაგოგი მეუღლის, პირველი ჯგუფის ინვალიდი დედისა და არასრულწლოვანი შვილისაგან შედგება, თავის რჩენის ერთადერთი წყარო რჩება:

[რეზო ფურცხვანიძის ხმა] “ვყიდით სუყველაფერს. ის, რაც 40 წლის განმავლობაში შემიძენია და დამიგროვებია, ნელ-ნელა გავიტანე სახლიდან. მაგრამ სახლში მრცხვენია მისვლა. ახლა წამოსული ვარ. მრცხვენია ბავშვს დავენახვო, ცოლს დავენახვო. ვერ ვარჩენ და ვერაფერს ვაკეთებ.”

ჩვენი საუბრის დასასრულს ბატონმა რეზომ მითხრა, რომ სამსახურის შოვნის იმედი დაკარგა, თუმცა არა იმდენად, რომ ქურდობაზე წაუცდეს ხელი:

[რეზო ფურცხვანიძის ხმა] “ჯერ ქურდობა და ყაჩაღობა არ დამიწყია, თუმცა კიდევ ვამბობ, არ გაბოროტდე კაცი, თორემ კაცმა არ იცის, ვინ რას გააკეთებს. მაგრამ მე უფრო ვამჯობინე, ალბათ, გავალ საზღვარგარეთ და იმათ მოვეხმარები, იმათ ნაგავში ჩავყოფ ხელს. არადა, მერჩივნა ამათ დავესაქმებინე.”
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG