Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხმრავალი საპროტესტო აქცია თბილისში


კვირა ისე არ გავა, რომ დედაქალაქსა თუ რეგიონებში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ გაიმართოს. ვინ სავაჭრო ჯიხურების აღების წინააღმდეგ გამოდის,

ვინ სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებას ითხოვს, ვინ კი გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებს. ამჯერად თბილისის მერიის წინ საავტომობილო გზა ელიავას ბაზრობაზე მოვაჭრე იმ ადამიანებმა გადაკეტეს, რომლებიც დედაქალაქის მთავრობის 2005 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან. ამ გადაწყვეტილებით, ელიავას ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქგარეთ, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „საქვაზის“ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, უნდა გადავიდეს. მინდა გიამბოთ, რა ხდებოდა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მიტინგზე.

დედაქალაქის მთავრობის მიერ მიმდინარე წლის 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის პრემიერი თემურ ქურხული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელს რამაზ სულამანიძეს ავალებს, 10 აპრილამდე უზრუნველყოს „ელიავას ბაზრობაზე“ დასაქმებული ადამიანების კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრში, გადაყვანა. ამ გადაწყვეტილების პასუხად, რამდენიმე ათასმა ადამიანმა თავისუფლების მოედნის მახლობლად რუსთაველის გამზირი გადაკეტა და თბილისის მერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრა მოითხოვა.

[მამაკაცის ხმა] „აქეთ, აქეთ დადექით, თორემ ცოტა ხალხი ვართ და გაარღვევენ... გადმობრძანდით აქეთ, ყველაფერი იქნება და იქნებ მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება.“

ყურადღება, მართლაც, მიაქციეს. აქციაში მონაწილე ადამიანებთან დიდუბე-ჩუღურეთის გამგებელი რამაზ სულამანიძე მივიდა:

[რამაზ სულამანიძის ხმა] „ეს არ არის, ზოგადად, მერის გადაწყვეტილება, ეს არის ქალაქის მთავრობის დადგენილება, რომ უნდა გადავიდეს ეს ბაზრობა. დანარჩენი შეიძლება მერთან შეთანხმდეს. პირდაპირ ვამბობ: ორჯერ ნაკლები გადასახადი ექნება ამ ხალხს იქ, იქნება გაცილებით უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები და სამი თვის განმავლობაში ეს ხალხი გადასახადს არ გადაიხდის.“

თუმცა გამგებლის მიერ მოტანილმა არგუმენტებმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ადამიანები ვერ გადაარწმუნა.

[მამაკაცის ხმა] „ის ლილოს ბაზრობა არის რუსთავის ხიდებთან. საერთოდ დაკარგულია. 50 კილომეტრია აქედან. იქ არავინ არ ჩამოვა სავაჭროდ. „ვაზის“ ტერიტორიაზე კი ფული გვთხოვეს ბევრი, ჩვენ კრედიტები გვაქვს აღებული... არ გვაწყობს იქით გადასვლა.“(სტილი დაცული)

[მამაკაცის ხმა] „მეტი სხვა საქმე არ არის გასაკეთებელი? ოსეთი დასაბრუნებელია! აფხაზეთი მისახედია! ამდენი უმუშევარი ხალხი დასასაქმებელია და ძლივს დასაქმებული ეს ხალხი უნდა გადაყაროს?“

ეს ადამიანები თბილისის მერთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. რამაზ სულამანიძის რჩევით, აქციის მონაწილეთაგან სახელდახელოდ შეიქმნა ათკაციანი ჯგუფი, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. მოლაპარაკების შედეგები თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ადამიანებს თავად ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააცნო:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „ნუ შევეცდებით საკითხის პოლიტიზებას, შევეცადოთ ჩამოვწეროთ კონკრეტული პრობლემები და ამ პრობლემებთან დაკავშირებით მოვძებნოთ ერთობლივი გამოსავალი. ამიტომ ხვალ 2 საათზე - არ არის საჭირო მიტინგების მოწყობა - თქვენი წარმომადგენლები იქნებიან, გავაკეთებთ ჩანაწერის ოქმსაც იმისათვის, რომ დაგირიგდეთ და იცოდეთ, რა თქვა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც იყო შეხვედრაზე.“

ერთი სიტყვით, შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ მერია, ბაზრობის ადმინისტრაცია და მოვაჭრეები ეტაპობრივად, კონსენსუსის საფუძველზე, გადაჭრიდნენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ელიავას ბაზრობის შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით წარმოიშვა. მერის ამგვარი პოზიცია მოედანზე შეკრებილი ბევრი ადამიანისთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა დადებითი პასუხის მიღებამდე მერიის მისადგომების დატოვებაზე უარი განაცხადა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG