Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ბაღაფშისა და კოკოითის შესაძლო ვიზიტზე სოხუმსა და ცხინვალში არაფერი იციან


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა სტივენ მანმა, რომელიც თბილისში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის მოსამზადებლად იმყოფება, სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტს,

პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის წევრებს სოხუმში ვიზიტის შედეგები გააცნო.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი დიპლომატი აფხაზეთში თავის გამგზავრებას საქართველოში ჯორჯ ბუშის მომავალ ვიზიტს არ უკავშირებს, გავრცელდა ინფორმაცია 10 მაისისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თბილისში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერთა შესაძლო ჩამოსვლის თაობაზე.

ამერიკელი დიპლომატები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვიზიტით კმაყოფილები არიან. ორშაბათს სოხუმში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ევრაზიის საკითხებში სტივენ მანი და აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი, რომლებიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ. სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბასთან საუბრის შინაარსი ამერიკელმა დიპლომატებმა სამშაბათს საქართველოს ხელისუფლებას გააცნეს.
ბაღაფში უკიდურესად კატეგორიული არ ყოფილა, ხაჯიმბა კი არძინბას ხელისუფლების დროინდელ პოზიციას სრულად ინარჩუნებს - ამერიკელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ მათი შთაბეჭდილება ზოგადად ამ სიტყვებით გადმოსცა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ:

[გივი თარგამაძის ხმა] ,,ისინი ჯერჯერობით დააკვირდებიან იმას, თუ რამდენად შეძლებს ბაღაფში ხაჯიმბასგან და, ანუ რუსებისგან, დამოუკიდებლად მოქმედებას.” (სტილი დაცულია)

სოხუმში ამერიკელი დიპლომატების ვიზიტის ოფიციალური მიზანი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისადმი სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციის გაცნობა იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის სტივენ მანის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია გამორიცხავს კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების შესაძლებლობას, რასაც თბილისში ვიზიტისას დაადასტურებს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.
სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 10-11 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით, თბილისში, შესაძლოა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერთა შეხვედრა გაიმართოს:

[გივი თარგამაძის ხმა] ,,საზოგადოდ არსებობს იდეა ასეთი, რომ თბილისში ბუშთან შეხვედრაზე იყვნენ წარმოდგენილნი აფხაზური და ოსური მხარეები. ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად არის ასეთი შეხვედრისთვის თბილისში.” (სტილი დაცულია)

ამასთან, გივი თარგამაძე აცხადებს, რომ სოხუმში სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას ამერიკელ დიპლომატებს თბილისში მისი ვიზიტის საკითხი არ განუხილავთ. აფხაზეთში გამგზავრებას აშშ-ის პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლას არც სტივენ მანი უკავშირებს.
არსებული იდეის თაობაზე საერთოდ არაფერი იციან ბაღაფშის ადმინისტრაციაში, რომლის წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტარზე უარი გვითხრეს. თბილისში სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის შესაძლო ჩამოსვლას ,,ფანტაზიის ნაყოფი” უწოდა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ,,მცდარი ინფორმაციაა. არანაირ კომენტარს არ ვაპირებ, რადგან ჩემთვის მსგავსი შეხვედრის შესაძლებლობა უცნობია. მე არც მინახავს და არც არაფერი მსმენია ამგვარ განზრახვაზე.”

არსებული ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატები ცხინვალში გამგზავრებასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან მოლაპარაკებაზე. საგულისხმოა ისიც, რომ სამშაბათს მოსკოვში გაემგზავრა სერგეი ბაღაფში, რომლის ამ დაუგეგმავ ვიზიტს რუსეთის წარმომადგენლებისთვის ამერიკელ დიპლომატებთან შეხვედრის შინაარსის გაცნობას უკავშირებენ.
ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ თბილისში ჯორჯ ბუშის ვიზიტისას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა განიხილება. ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის იმედი აქვს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG