Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს კრიზისის დაძლევაში ევროკავშირის ლიდერებიც ჩაერივნენ


ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროპაში უშიშროებისა

და თანამშრომლობის ორგანიზაცია "კრიზისშია". ამ კრიზისის ძირითად მიზეზად კი სახელდება რუსეთის მცდელობა შეზღუდოს ეუთოს მოღვაწეობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამის ერთ-ერთი მაგალითი, როგორც იცით, საქართველო-რუსეთის საზღვრის მეთვალყურეობის მისიის შეწყვეტა იყო. ნინო გელაშვილი უფრო დაწვრილებით გესაუბრებათ იმ დაძაბულობაზე, რომელიც რუსეთმა ეუთოსა და ევროკავშირთან ურთიერთობაში შექმნა:

ეუთო არის წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომელიც კონსენსუსის პრინციპზე მომედებს. რუსეთის – ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის დაკარგვა რეალურად საფრთხეს შეუქმნის ეუთოს, როგორც ორგანიზაციის მომავალს.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს - ევროკომისიის წევრმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა გასულ შაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების დასრულებისას განაცხადა:

[ფერერო-ვალდნერის ხმა]
"დიახ, ჩვენ ერთგვარი კრიზისის მოწმე ვართ. ეს მართალია. და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეუთო თავისი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან და რთულ მომენტში იმყოფება. უნდა დავფიქრდეთ რისი გაკეთება შეგვიძლია".

"რადიო თავისუფლებისთვის" ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა უახლოეს დღეებში ვლადიმირ პუტინისთვის წერილის მიწერას აპირებს. ინკოგნიტო დიპლომატის თანახმად, სოლანა აპირებს გააფრთხილოს პუტინი, რომ ეუთოს დასუსტების მცდელობით რუსეთი საფრთხეს უქმნის თავის ურთიერთობას ევროკავშირთან.

"რადიო თავისუფლებისთვის" ევროკავშირის კიდევ ერთი ინკოგნიტო წარმომადგენლისგან ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების არც ერთი წარმომადგენელი წინააღმდეგი არ არის სოლანას მიერ რუსეთის გაფრთხილებისა. შაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საფრანგეთისა და იტალიის წარმომადგენლებმა გაჩუმება არჩიეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გამოთქვა სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის დაპირისპირება ეუთოსთან სერიოზული ზეგავლენას ახდენს ვითარებაზე სამხრეთ კავკასიაში.

მოსკოვი განუწყვეტლივ იმეორებს, რომ ეუთოს ყურადღება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ განსაკუთრებით იზრდება. ევროკავშირთან დიალოგისას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ეუთოს არჩევნების მეთვალყურეთა მისიებს რიგ ქვეყნებში არეულობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

გარდა იმისა, რომ რუსეთმა დეკემბერში საქართველო-რუსეთის საზღვარზე ეუთოს მეთვალყურეობის მისიის გაგრძელება ჩაშალა, მან შეაჩერა ეუთოს ბიუჯეტში თავისი წილი თანხის გადარიცხვა და ამის პარალელურად ეუთოსგან ითხოვს, რომ მან მეტი ყურადღება ევროპის უსაფრთხოების საკითხებს დაუთმოს.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი ეუთოს იმ პრიორიტეტების მნიშვნელობას, რომლებსაც რუსეთი ეწინააღმდეგება:

[ასელბორნის ხმა]
"მსურს კიდე ერთხელ განვაცხადო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთოს მოქმედებას ადამიანის პოლიტიკურ და საყოველთაო უფლებათა სფეროში, კერძოდ არჩევნების მეთვალყურეობის მისიების, ადგილობრივი მისიებისა და საზღვრის მეთვალყურეობის მისიების მოქმედებას. სამივე ეს მისია უკიდურესად მნიშვნელოვანია".

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირი აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთთან იმისათვის, რომ, დაიძლიოს არსებული, როგორც თავად ასელბორნმა აღნიშნა, "კრიზისი". ეს მოლაპარაკებები იმ სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებასაც ისახავს მიზნად, რომელსაც 10 მაისს მოსკოვში მოეწერება ხელი.

გასუილ კვირაში რუსეთმა განაცხადა, რომ დროებით შეაჩერებს ეუთოს ანგარიშზე თანხების გადარიცხვას. როგორც ამბობენ მოსკოვი და ვაშინგტონი ერთიანი ძალებით აპირებენ ეუთოს იძულებას მოახდინოს არჩევნების მეთვალყურეობის მისიების რეფორმირება.

ეუთოს ბიუჯეტის 70 პროცენტს ევროკავშირის ქვეყნები ავსებენ, ამიტომ ჟან ასელბორნს კი მიაჩნია, რომ, როცა ეუთოს რეფორმირებაზეა ლაპარაკი, გადაწყვეტილების სიმძიმის ცენტრი ევროკავშირზე უნდა დარჩეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG