Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიის მეთაურის შეცვლის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია


სამშაბათს კვლავ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უახლოეს ხანში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი მეთაური ეყოლება.

ამ პოსტზე ლევან ვარშალომიძის შემცვლელად სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს ჯემალ ინაიშვილს ასახელებენ.
თავად ინაიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, ვარშალომიძე კი ამჟამად ბათუმში არ იმყოფება. აჭარაში მიაჩნიათ, რომ რეგიონში არსებულ ვითარებას მხოლოდ ავტონომიის ხელმძღვანელის შეცვლა ვერ გამოასწორებს.

მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მართვა პრეზიდენტმა თავის მეგობარ ლევან ვარშალომიძეს დაავალა, პერიოდულად ვრცელდებოდა ვარშალომიძისთვის თანამდებობის შეცვლის ვერსიები. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ ადასტურებს, აჭარის მთავრობის მეთაურის შეცვლის საკითხი კვირის ბოლომდე გადაწყდება და ამ პოსტზე სავაჭრო პალატის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დაინიშნება. ჯემალ ინაიშვილი, რომლის კანდიდატურა აჭარის მეთაურის პოსტზე გასული გაზაფხულიდან სახელდებოდა, ამ გაზაფხულზე ბათუმში მისი გადაყვანის ვერსიას ჯერჯერობით სისულელეს უწოდებს. რაც შეეხება ლევან ვარშალომიძეს, იგი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და, გავრცელებული ინფორმაციით, პოტენციურ ინვესტორებს ეძებს. აჭარის მთავრობის ახალი მეთაურის შესაძლო დანიშვნაზე ბათუმში არაფერი იციან მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა. ავტონომიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ რეგიონის ხელმძღვანელის შეცვლის ექსკლუზიურ უფლებას პრეზიდენტი ფლობს:

[პეტრე ზამბახიძის ხმა] ,,პრეზიდენტს უფლება აქვს, ვისაც ჩათვლის საჭიროდ, წარმოადგინოს, მაგრამ მე ვთვლი, რომ დღის წესრიგში არ დგას ეს საკითხი, რადგან მთავრობის მეთაური აგრძელებს თავის უფლებამოსილებას.” (სტილი დაცულია)

ვარშალომიძის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საკმარისია მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილი, რასაც დიდი ხანია ელის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რესპუბლიკელი მურმან დუმბაძე:

[მურმან დუმბაძის ხმა] ,,ეს პიროვნება აჭარის რეგიონში არის პრაქტიკულად ურეიტინგო და, ალბათ, საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვარშალომიძე პრეზიდენტს არაერთხელ შეუქია, აჭარის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ რეგიონში, უშუალოდ აბაშიძის მმართველობის გარდა, არაფერი შეცვლილა:

[ირმა ზოიძის ხმა] ,,მთავარი ის არის, რას ვხედავ. ქალაქში ვხედავ ვთქვათ, რომ გზები იგება, ვხედავდი იმას, რომ რაღაც კეთდება ელემენტარული, მაგრამ ესეც ვიცით, რომ ეს კეთდება მთლიანად ქვეყანაში და, ასე რომ, მისი დამსახურება არაფერში არ ჩანს.” (სტილი დაცულია)

ირმა ზოიძე, რომელიც ბათუმის ტელევიზიაში მუშაობს, ამბობს, რომ აჭარის მოსახლეობა რეალურ ცვლილებებს დღემდე ელის, ლევან ვარშალომიძე კი, რომლის კონკრეტული პოლიტიკა არ ჩანს, რეგიონის სამართავად საკმაოდ ახალგაზრდაა. აჭარის მთავრობის მეთაურს მონდომებულ ადამიანს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი საზოგადოების ინსტიტუტის” თავმჯდომარე სულხან ღლონტი, რომელიც საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ, ვარშალომიძის შეცვლის შემთხვევაში, რეგიონში ერთი რამ, შესაძლოა, მართლაც შეიცვალოს:

[სულხან ღლონტის ხმა] ,,აჭარა დაკარგავს, აი, ამ ადამიანებს, რაც იქნება ძალიან კარგი, ვინც ჩადის ათას სიბინძურეს, რის გამოც ხალხი დისკომფორტში გრძნობს თავს და რის გამოც საქმე არ მიდის წინ. ეს არის მთავარი. ახლა ლევანის სახელით ეგენი ძალიან ხშირად სარგებლობენ, ეს არის ფაქტი და როცა არ იქნება ლევანი, ფაქტიურად, არ იქნება ამათი ძალაუფლებაც. მიბმულია ეს ყველაფერი ერთმანეთზე.” (სტილი დაცულია)

რეალურად აჭარის მთავრობის მეთაურის უფლებამოსილება და დამოუკიდებლობა შეზღუდულია, რის გამოც კონკრეტული პიროვნების შეცვლა ბევრს ვერაფერს შეცვლის. თუმცა სულხან ღლონტი ამბობს, რომ, მეტი პრინციპულობის შემთხვევაში, არაერთი პრობლემის მოგვარება ცენტრის გარეშეც შეიძლება. რეალური თვითმმართველობისა და პირდაპირი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს ირმა ზოიძე:

[ირმა ზოიძის ხმა] ,,ბუნებრივია, როცა ირჩევ, ორიენტირი მისთვის, სამიზნე და საზომი ხდება ხალხი და არა ის ადამიანი, რომელმაც დღეს დანიშნა და ხვალ მოხსნის.” (სტილი დაცულია)

შეცვლის თუ არა პრეზიდენტი აჭარის მთავრობის მეთაურს, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია, მით უმეტეს, რომ ხელისუფლება ასლან აბაშიძის მმართველობის დასრულების წლისთავის აღსანიშნავად ემზადება. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, აჭარაში მხოლოდ აბაშიძის არყოფნა ადამიანებს ვერ გამოკვებავს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG