Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი და დნესტრისპირეთი მიესალმებიან უკრაინის გეგმას


უკრაინამ განაცხადა, რომ მოლდავეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ და დნესტრისპირეთის რეგიონმა დადებითად უპასუხეს კიევის მიერ მიმდინარე კვირაში წამოყენებულ გეგმას,

რომელიც 13-წლიანი კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად. ორი მხარე მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში, რომელიც უკრაინის ქალაქ ვინიცაში შედგა. ეს კონფლიქტში მონაწილე მხარეთა მეორე შეხვედრაა მას მერე, რაც კიშინოვმა შეწყვიტა ხელახლა გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები.
ვინიცის მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა აგრეთვე იუშჩენკოს გეგმა, მოლაპარაკებათა პროცესში ჩართულ იქნენ ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები. იუშჩენკოს ამ წინადადებას წინ უსწრებდა მოლდავეთის ხელისუფლების მოწოდება, სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის, ამერიკისა და მეზობელი რუმინეთის ჩართვაზე.
[ჰილის ხმა]
"განცხადება, რომელიც მივიღეთ ვინიცის შეხვედრის ბოლოს, მიანიშნებს, რომ უკრაინისა და ეუთოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მოლდავეთის რესპუბლიკის ინიციატივას შემდეგ შეხვედრაზე ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მოწვევის თაობაზე," განუცხადა ჩვენს რადიოს მოლდავეთში ეუთოს ელჩმა უილიამ ჰილმა.
ჯერჯერობით არ არის ნათელი ამ საკითხში დნესტრისპირეთის პოზიცია.
მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სტრატანმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში თქვა, რომ კიშინიოვმა უკვე დაუგზავნა მოწვევები ევროკავშირს, შეერთებულ შატებსა და რუმინეთს. მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს დნესტრისპირეთის პრობლემის მშვიდობიან მოგვარებაში.
ახალი, შვიდპუნქტიანი გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ 22 აპრილს წარომადგინა კიშინიოვში, სუუამის სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.
გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია დნესტრისპირეთში სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. იუშჩენკო აგრეთვე გამოვიდა სეპარტისტულ რეგიონში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვინიცაში ამ არჩევნებში საერთაშორისო მეთვალყურეობის განხორციელების ღონისძიებებიც იქნა განხილული.
მოლდავეთში ეუთოს ელჩის, ჰილის თმით, მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ დნესტრისპირეთი საერთოდ არ მიიჩნევს თავს მოლდავეთის ტერიტორიად.
[ჰილის ხმა]
"აუცილებელია მაცხენა ნაპირიდან იმის მკაფიო აღიარება, რომ დნესტრისპირეთი მოლდავეთის ნაწილია და რომ საქმე ორ სხვადასხვა სახელმწიფოს არ ეხება. ჩვენ ვლაპარაკობთ ძალაუფლების განაწილებაზე და აღიარებული სახელმწიფოს რეგიონისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ადეკვატური უფლებების მინიჭებაზე. ამის თაობაზე შეთანხმების მიღწევას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დნესტისპირეთში დემოკრატიზაციის საკითხი."
იუშჩენკოს გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე მოლდავეთ-უკრაინის საზღვრის დნესტრისპირეთის სექტორისა და სეპარატისტულ რეგიონში მდებარე იარაღის ქარხნების მეთვალყურეობას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
დნესტრისპირეთის წინააღმდეგ არაერთხელ წამოყენებულა ბრალდება, რომ მისი ტერიტორიიდან უკრაინაში იარაღის უკანონო კონტრაბანდას აქვს ადგილი.
მიიჩნევა, რომ კონტრაბანდული იარაღის ნაწილი მომდინარეობს დნესტრისპირეთში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზიდან.
საერთოდ, რუსეთის სამხედრო ტექნიკისა და 1000-ზე მეტი ჯარისკაცის გაყვანის შეფერხება სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია.
ეუთოს ეგიდით 1999 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, მოსკოვი პირობას დებდა, რომ 2002 წლამდე გაიტანდა სამხედრო ბაზას. მაგრამ მოლდავეთში ეს საქმე ისევე ჭიანურდება, როგორც საქართველოში. ჰილის თქმით, 2004 წლის მარტიდან მოყოლებული დნესტრისპირეთიდან რუსეთის ტექნიკისა და ჯარების გასვლა შეჩერებულია. ელჩს მიაჩნია, რომ ეუთოს მოეპოვება სათანადო რესურსები ბაზის გატანის პროცესში დახმარების გასაწევად. ეს პროცესი ექვს თვეში შეიძლება მოთავდესო, განუცხადა მან ჩვენს რადიოს.
XS
SM
MD
LG