Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია-ჩეხეთის საზღვრისპირა არეალი - ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებიდან ერთ წელი გავიდა


როცა ფრიდრიხ შილერი “სიხარულის ოდას” წერდა,

ის მომავალზე ფიქრობდა, მაგრამ იმდენად შორს არ იყურებოდა, ევარაუდა, რომ მეოცე საუკუნეში ის ევროპის ჰიმნის ტექსტი გახდებოდა. ფრიდრიხ შილერი ამ ოდაში გამოხატავს იმედს, რომ ადამიანებს შორის ძმობა დამყარდება.
ევროპის კავშირი ფართოვდება და მისი წევრი ქვეყნის მოქალაქეების დაახლოება გრძელდება. არის თუ არა ეს ძმობა, ვერ გეტყვით, მაგრამ კანონმდებლობით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, დაახლოება ხდება.

იცით, რომ ჩეხეთი, ერთი წელია უკვე, ევროპის კავშირის წევრია. ჩვენ ვესტუმრეთ ბავარია-ჩეხეთის საზღვარს და შევეცადეთ გაგვერკვია, რა შეიცვალა იქ და რა არა.
აქვე გეტყვით, რომ ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი გერმანიაში სამჯერ და მეტად უფრო მაღალია, ვიდრე აქ, ჩეხეთში.

(ჩეხეთის ჰიმნი)
ჩეხები თავიანთ ჰიმნს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა, შეკითხვით იწყებენ: სად არის ჩემი სამშობლო, სად არის ჩემი მამული? - და შემდეგ, პასუხად, შუა ევროპის ამ არეალის ბუნებაა აღწერილი. ჰიმნის ავტორი თავის სამშობლოს მიწიერ სამოთხედ, ყველაზე ლამაზ კუთხედ მიიჩნევს.
საზღვართან, ჩეხეთის მხარეს, აშკარაა ცვლილება.

ბოლო სოფელია როზვადოვი. ის გალამაზებულია. ჩანს, რომ სოფელს მეტი ფული გაუჩნდა. მთავარი გზა, ადრე დასავლეთს და აღმოსავლეთს რომ აკავშირებდა, ახლა სოფელზე აღარ გადის - გვერდზე ავტოსტრადა აშენდა. მაგრამ გამვლელი მაინც ბევრია და გარკვეული სახის ტურიზმი მაინც მოქმედებს. ალბათ, ამანაც გაამდიდრა სოფელი, რომლის ცენტრში ახლახან კაზინო ააშენეს, ძველი საროსკიპოებიც მოქმედებს, გარეგნულად უფრო მოვლილი.
მე ვესტუმრე მეფუტკრეთა ოჯახს, კლეტეჩკებს, რომელთა უკვე მესამე თაობა თაფლის და სხვა პროდუქტის წარმოებითაა დაკავებული. ჯერ კიდევ შარშან მათ ქუჩაში გამოდგმულ მაგიდაზე ეწყოთ თაფლის ქილები და ასე ყიდიდნენ პროდუქტს. ახლა მაღაზია გახსნეს და ეს მაღაზია ცუდად არ გამოიყურება. კლეტეჩკების რძალია ანიტა კლეტეჩკოვა.

(კლეტეჩკოვას ხმა)

მისი ნაამბობით, მისმა მეუღლემ მამისგან ისწავლა მეფუტკრეობა საკმაოდ სწრაფად. ახლა ოჯახს 600 სკა აქვს და პროდუქტს საკმაოდ წარმატებულად ყიდის. ადრე, სოციალიზმის დროს, - იხსენებს ის, - ადამიანს ამდენი შრომა არ უწევდა, არც გასაქანი ჰქონდა. ახლა სხვაგვარადაა, - მითხრა მეფუტკრე ოჯახის რძალმა, რომელიც ჩაბმულია ამ საოჯახო ბიზნესში. მაგრამ ძნელია, - დააყოლა მან, - ყველაფერი იყო: ბუღალტერიც, ხელოსანიც და მეფუტკრეც. ახლიდან ვსწავლობთო, - მითხრა ანიტა კლეტეჩკოვამ.

ჩემი გამოცდილებით, ოჯახს შესანიშნავი თაფლი აქვს. ისინი ამზადებენ ასევე თაფლის სასმელს, ცვილის ფიგურებს, სანთლებს. თანამოსაუბრის თქმით, ახლა მათი საქმე კარგად მიდის. სახელმწიფო მიხვდა, რომ ჯობს უშუალოდ მათგან იყიდოს თაფლი და შემდეგ გაასაღოს.
ანიტა კლეტეჩკოვამ მითხრა, რომ, მთლიანობაში, ვითარება უმჯობესდება, მაგრამ აღნიშნა ერთი უარყოფითი ტენდენცია: დასავლეთის ფირმები ჩეხეთში გადმოდიან და აქ ხსნიან ფაბრიკებს, რადგან იქ არც ხალხია, ვინც ამ მავნებელ თუ სხვა მხრივ მიუღებელ სამუშაოს შეასრულებდა, და არც ადგილია, რადგან დასავლეთში ძვირია ყველაფერი. მეფუტკრეთა ოჯახს კი ჯანმრთელი გარემო, ჯანმრთელი ტყე სჭირდება - ისეთი, ჰიმნში რომ უმღერიან. ანიტა კლეტეჩკოვას თქმით, ისინი დასავლურ თაფლს დასავლეთშიც უწევენ კონკურენციას, რადგან ჩეხეთის, ანუ ბოჰემიის, ტყე მდიდარია წიწვოვანი ხეებით, რომლის თაფლი, მისი თქმით, იშვიათია დასავლეთში.
(კლეტეჩკოვას ხმა)
ახლა ჩეხეთს თავი ვანებოთ და ვნახოთ, რა ხდება გაღმა, გერმანიაში.
(გერმანიის ჰიმნი)
გერმანიის ჰიმნი ცნობილია. მასში პოეტი თანამემამულეთ უსურვებს, რომ ერთობას, სამართლიანობასა და თავისუფლებას ესწრაფოდნენ.

გერმანიის მხარეს გარეგნული ცვლილება არ შეიმჩნევა. ბავარია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ნაწილია გერმანიისა და იქ, როგორც ამბობენ ხოლმე, ქუჩებიც დაგვილია, გზაც უკეთესია და შენობებიც ყოველთვის ასე მოვლილი გამოიყურებოდა. ჩემი მასპინძლები არიან ლინდნერები - ოჯახი, სადაც უკვე მესამე თაობა კაფეს ამუშავებს. ლინდნერები მომავალს იმედით უყურებენ, იმ მხრივ, რომ ჩეხეთის ევროკავშირში შესვლა, სულ მცირე, ორი ქვეყნის დაახლოებას დააჩქარებს. ძმებმა ლინდნერებმა მითხრეს, რომ მათ კაფეს სტუმარი არ მოჰკლებია. სწრაფსავალი გზის მშენებლობამ მცირე ზარალი მოუტანა, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ ეგრეთ წოდებული “საწვავის ტურიზმი” ახეირებს. განსაკუთრებით შაბათ-კვირას უამრავი გერმანელი მიემართება ხოლმე ჩეხეთში, რადგან იქ ბენზინი 20 პროცენტით იაფია. ცხადია, ამას უარყოფითი მხარეც აქვს - სოფელში ძალიან ბევრ მანქანა მოძრაობს, მაგრამ ტურიზმის ეს სახეც ადამიანებს შორის ურთიერობას უწყობს ხელს და, ამდენად, მისაღებია.
(ლინდნერების ხმები)
ლინდნერების ოჯახს კაფე და საცხოვრებელი სახლი ერთ შენობაში აქვს. ჩემი იქ ყოფნისას იქვე ტრიალებდა დედა, ასევე პაპა. მე ვიკითხე, როგორ იყო ადრე-მეთქი, შეიძლება თუ არა ომამდელი პერიოდისა და ახლანდელი ვითარების შედარება. ძმები ამბობენ, რომ გაღმაც გერმანელები ცხოვრობდნენ, ახლო ნათესაური კავშირები ჰქონდათ. ტყე, ბავარიისა და ბოჰემის, ერთი ტყე იყო. შემდეგ ჩეხეთიდან გერმანელების გასახლებას მოჰყვა რკინის ფარდა და ახლა უკვე იქ ჩასახლებული ჩეხები ბავარიელთათვის ახლობლები აღარ არიან. პაპა ამბობს, რომ ადრე ეს ერთ ქვეყანასავით იყო - ბოჰემიასა და ბავარიას შორის საზღვარი არ არსებობდა.
(ლინდნერების ხმები)
ძმები ლინდნერების თქმით, შეზრდა მოხდება, მაგრამ ორივე მხარეს ცვლილებებია საჭირო. ერთ-ერთმა გაიხსენა, თუ როგორ მოუვიდა ავარია ჩეხეთში და წლების განმავლობაში სასამართლოში იარა. კორუფცია ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, ჩეხეთში, მათ დაძლეულად არ მიაჩნიათ. მოკლედ, იმედი აქვთ, რომ მომავალში ეს კავშირი მეტად განმტკიცდება.
მე დავემშვიდობე ლინდნერებს და გამოვუყევი გზას პრაღისკენ. ამით დასრულდა ეს მოგზაურობა საზღვრისპირა რეგიონში - იქ, სადაც რკინის ფარდა ეკიდა, ახლა კი თავისუფალი მიმოსვლაა და ევროპის კავშირის ჰიმნი საერთო ჰიმნია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG