Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორი საჯარო სამსახურის კოდექსზე მუშაობს


ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის შექმნის მიზნით, საქართველოს გაეროს ასოციაცია,

ქართული კანონმდებლობის ანალიზის გარდა, საჯარო სამსახურის საერთაშორისო მოდელებსაც სწავლობს. თუმცა ასოციაციის წარმომადგენლები, მეცნიერული კვლევისა და „საჯარო სამსახურის კოდექსის“ კანონპროექტის შედგენის გარდა, საჯარო სამსახურის პრინციპების პოპულარიზებასაც ეწევიან. ამ მიზნით, საქართველოს გაეროს ასოციაციამ ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ბეჭდური და ანიმაციური მასალების პრეზენტაცია გამართა.

[ისმის ხმა] „საჯარო მოხელეთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მათ გარდაუვალ პასუხისმგებლობას უნდა იწვევდეს.“

გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში შეკრებილ საზოგადოებას, მულტიპლიკაციური ფილმების, საჯარო სამსახურის შესახებ ჩატარებული კვლევის მასალებისა და სარეკლამო დაფების საშუალებით, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი შეახსენეს. საქართველოს გაეროს ასოციაციის მმართველობისა და გამჭვირვალობის პროგრამების დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პარალელურად, შესაცვლელია საჯარო მოსამსახურეებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაც:

[ზვიად დევდარიანის ხმა] „საჯარო სამსახურში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკადრო სისტემის უწყვეტობა და სტაბილურობა - ალბათ, ყველაზე მტკივნეული ეს არის დღეს. იგივე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო სამსახურის საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, თუმცა მათი ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით; საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ასე შემდეგ, ანუ ჩვენ ავიღეთ 12 ძირითადი პრინციპი და ამ თემაზე ილუსტრაციები შევქმენით.“(სტილი დაცულია)

ცნობილია, რომ საჯარო სამსახური სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. სწორედ მის ეფექტურ საქმიანობაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო ფუნქციების განხორციელება. კმაყოფილია თუ არა საზოგადოება საჯარო მოხელეების საქმიანობით?

[მამაკაცის ხმა] „თავი შემაზიზღეს. რომ ვიყო ახალგაზრდა, აქ გამჩერებელი არა ვარ, გავიქცეოდი და წავიდოდი - ასე შემაზიზღეს თავი გინდა იმათ და გინდა ამათ.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „თითქოს რაღაცა უნდათ გააკეთონ, მაგრამ კადრებს რომ ძალიან მალი-მალ ცვლიან და აგდებულად უყურებენ, ეს დაგვღუპავს ჩვენ.“ (სტილი დაცულია)

კადრების, ანუ საჯარო მოსამსახურეთა, ხშირი ცვლის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი, რომლის ხელმძღვანელი ტარიელ მგელაძე საჯარო მოსამსახურეთა უფლებების ტიპურ დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას:

[ტარიელ მგელაძის ხმა] „როდესაც ახალი გამგებელი დაინიშნა, მან სთხოვა თანამშრომლებს განცხადებების დაწერა და, მართლაც, 83 კაციდან განცხადება დაწერა 45-მა. დანარჩენ 38-ს არ დაუწერია და კანონი არც ავალდებულებს საჯარო მოხელეს განცხადების დაწერას. მაგრამ როცა მოხდა ხელახალი დანიშვნა, გამგებელმა ისინი დააბრუნა თანამდებობებზე, ვისაც განცხადება ჰქონდა დაწერილი.“(სტილი დაცულია)

უფლებების შელახვის პარალელურად, ასევე აქტუალურია საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციისა და ნდობის საკითხიც. პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, სახელმწიფო აპარატის შეუფერხებელი და ეფექტური მუშაობა საჯარო სამსახურის მოწყობის ოპტიმალურმა მოდელმა უნდა უზრუნველყოს:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] „შერჩევა, კომპეტენტურობა, გამოცდილება და შემდეგ კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება, ანუ მოხელე მუდმივად უნდა იზრდებოდეს და მუდმივად უნდა იმყოფებოდეს შესაფერის დონეზე. ყოველივე ამაზეა დამოკიდებული მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხი: საზოგადოების დამოკიდებულება და ნდობა საჯარო მოხელისადმი.“

დაბოლოს: საჯარო სამსახურის შესახებ კანონი პარლამენტმა რვა წლის წინ, 1997 წელს, მიიღო. საქართველოს გაეროს ასოციაციის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ დეპუტატები აღარ დაახანებენ და მოძველებულ კანონს ახალი „საჯარო სამსახურის კოდექსით“ ახალ წლამდე ჩაანაცვლებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG