Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რახანია, ბიბლიოთეკაში თანამედროვე ქართველ პროზაიკოსზე არ გვილაპარაკია. დღეს ამ “ხარვეზს”


დავით პაიჭაძე, თბილისი რახანია, ბიბლიოთეკაში თანამედროვე ქართველ პროზაიკოსზე არ გვილაპარაკია. დღეს ამ “ხარვეზს” დავით პაიჭაძე გამოასწორებს და მიმოიხილავს მოთხრობების კრებულს,

რომელსაც “ნოეს მტრედები” ჰქვია. ავტორია დავით ქარდავა. “ნოეს მტრედები” მისი პირველი წიგნია, ის წელს გამოიცა და ჯერჯერობით კრიტიკა ძალიან ძუნწად გამოეხმაურა. არადა, “ბიბლიოთეკის” წამყვანის აზრით, წიგნი მეტს იმსახურებს. თუ რატომ - ახლა შეიტყობთ.

ტექსტისთვის ყოველთვის შეიძლება იმ კრიტერიუმების მიყენება, რომლითაც მას ან დაიწუნებ ან მოიწონებ. გააჩნია მიდგომას - ერთი და იმავე საზომით, გემოვნების თუ ახირების კვალად, შეიძლება ნაკლიც ეძებო და ღირსებაც მონახო. მაგრამ შეფასებას, ალბათ, მაინც აღწერა სჯობს და ჩვენც დღევანდელ პროგრამაში შევეცდებით, გამოვკვეთოთ ის რამდენიმე თემა და მოტივი, რაც ახასიათებს დათო ქარდავას მოთხრობებს და მერე მკითხველმა განსაჯოს, კარგია თუ ცუდი, როცა მწერალი ქართული ლიტერატურისთვის ტრადიციულ განწყობილებებს აცოცხლებს ან ხაზგასმით წყვეტს კავშირს ამ ტრადიციებთან. მე ვთხოვე ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურს, გაეზიარებინა ჯერ მხოლოდ შთაბეჭდილება, რომელიც დათო ქარდავას წიგნმა დაუტოვა.

[ოჩიაურის ხმა] “ეს არის მოზაიკა, რომელიც შედგება ძალიან მრავალფეროვანი, ცოცხალი ფრაგმენტებისგან და, მთლიანობაში, ასახავს ჩვენი თანამედროვე ცხოვრების მწვავე და პირქუშ სურათს. მაგრამ, ამავე დროს, ეს სურათი არ არის დამთრგუნველი, შემაწუხებელი და უფრო დამამძიმებელი იმ ყოფისა, რომელშიც ვარსებობთ. დათო ქარდავას წიგნი ჩემთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში ვიპოვე ბევრი პასუხი, თემა, რომელიც მაწუხებს, როგორც მოქალაქეს. ამასთან რაღაცნაირი სიმშვიდეც მომგვარა ამ ყველაფერმა, შემირბილა, თითქოს გამინეიტრალა ის ტკივილები, თითოეულ ამ მოთხრობაში რომ არის ჩადებული.”

შარშან სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ს საკვირაო გადაცემაში ასეთი რუბრიკა ჰქონდა: მკვდარი ქალაქები. ჟურნალისტი და ოპერატორი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და გადმოსცემდნენ ვრცელ რეპორტაჟებს ოდესღაც მჩქეფარე ქალაქებიდან. გაცილებით ადრე ეს გააკეთა დათო ქარდავამ თავის მოთხრობებში. იქ მკვდარ ქალაქებს, რომლებიც ახლა არსებობენ მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობდნენ ორი და მეტი ათეული წლის წინათ, სახელი არა აქვთ. მაგრამ თუ დავუკვირდებით, ამოცნობაც შეიძლება. მახსოვს, ოთარ ჭილაძის რომანში “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” როგორ ამოიცნო ერთმა ქართველმა კრიტიკოსმა წნორი. დათო ქარდავასთან ასეთი ამოსაცნობი ქალაქია რუსთავი. მწერალს საკმარისი ენობრივი არტისტიზმი აქვს საიმისოდ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრი პერსონაჟები თავიანთ დიალექტზე სრულიად ძალდაუტანებლად ამეტყველოს. მისი უსახელო ქალაქის მკვიდრნი თბილისურ დიალექტზე ლაპარაკობენ, მაგრამ აშკარად არ ცხოვრობენ თბილისში. რუსთავი, როგორც სამრეწველო ქალაქი, ხშირად იყო საბჭოთა პერიოდის ქართველ საბჭოთა მწერალთა “შთაგონების წყარო” და მათი პერსონაჟების სამოქმედო გარემო. დათო ქარდავასთან კი ეს გარემო ძალიან დავიწროებულია, პერსონაჟები იშვიათად გასცდებიან საკუთარ ეზოებს და მცირე ჯგუფების ურთიერთობათა წვენში იხარშებიან.

[მუსიკა]

ცხადია, “ნოეს მტრედები” არ არის მხოლოდ ერთი ქალაქის წიგნი. ის გიამბობს ქვეყანაზე, რომელიც დაინგრა სხვა, გაცილებით დიდი ქვეყნის დანგრევის შემდეგ და ამ ნგრევას თავისი ომიც დაურთო. ავტორი ჰგავს მაშველს, რომელიც ნანგრევებში დაეძებს ადამიანებს გადასარჩენად. რას ნიშნავს გადარჩენა ამ კონტექსტში? პერსონაჟების ისე წარმოსახვას, რომ მკითხველი შეამზადო და განაწყო მათი გაგებისა და თანაგრძნობისათვის. ალბათ, ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ვფიქრობ, შემიძლია გავუგო დათო ქარდავას პერსონაჟთაგან უკანასკნელ არამზადასაც კი. საამისოდ აუცილებელი არაა, არამზადების ქცევა მოტივირებული იყოს. დათო ქარდავას ხასიათები ხშირად მარგინალურ სიტუაციაში მოქმედებენ ან თვითონ არიან მარგინალები. ასეთ შემთხვევაში მოტივაცია ძნელი მოსაძებნია. დამაჯერებლობასა და მკითხველის მხრიდან მათი გაგების ეფექტს მწერალი ამ პერსონაჟებისადმი თანაგრძნობის აღძვრით აღწევს. ოღონდ ეს თანაგრძნობა აღიძვრის ყოველგვარი სენტიმენტების, ემოციათა პედალირების გარეშე. დათო ქარდავას ამ თვისებას ლელა ოჩიაური უფრო ომის თემაზე დაწერილ მოთხრობებში ხედავს:

[ოჩიაურის ხმა] “მომეჩვენა, თითქოს ეს არის რეპორტაჟები ფრონტის ხაზიდან. აქ არის ძალიან ზუსტი, თავშეკავებული აღწერა სცენებისა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მართლაც სენტიმენტალური და ყალბიც კი. ესაა ისეთი ჩუმი და შეფარული ემოცია (და ამის გამო ტკივილიც უფრო შემზარავია), რომელიც აბსოლუტურად არ არის გამოხატული სიტყვით ან ფრაზით. თითქოს ეს ყველაფერი ყოფაშია გადატანილი. ძალიან ფაქიზი შეხება აქვს ემოციასთან.”

[მუსიკა]

დათო ქარდავას მოთხრობებში მოქმედება მოულოდნელად ფეთქდება. რუსი საბჭოთა ოფიცერი ცოლზე ეჭვიანობის გამო ჯარისკაცებს ხოცავს. ცალხელა ჭარმაგი ტაქსის მძღოლი მძრაცველებს უსწორდება და ნაძარცვთან ერთად ჯილდოდ ბრუტალური სექსი აქვს მათ თანამზრახველ ქალთან. ჯიბის ქურდი მაშინ ხვდება, რომ სიყვარული ეწვია, როცა მასთან ყოფნის შემდეგ ქალი თავს მოიკლავს. მკვეთრი პერიპეტია მოთხრობათა ფინალში უფრო იჩენს თავს. ეს გარდატეხა, უეცარი შემობრუნება შეიძლება მოხდეს მოქმედებაშიც და პერსონაჟშიც. ლელა ოჩიაური ამბობს, რომ თავადაც ყოველთვის ფინალში ელის ყველაზე საინტერესოს და დათო ქარდავას უცაბედი პერიპეტიები ზოგჯერ შოკისმომგვრელადაც მიაჩნია:

[ოჩიაურის ხმა] “თუმცა ამ ყველაფრის საწყისი შეიძლება გამოკრთეს სადღაც, პირველ ან მეორე ფრაზაში, თუ ნაწარმოებს გულისყურით წავიკითხავთ. რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელობები, თითქოს საიდანღაც მოსული ფინალები, ალბათ, ისაა, რისთვისაც იწერება მთელი მოთხრობა, რისთვისაც გამზადებს ავტორი და მერე, კარგი გაგებით, სილასავით გირტყამს და გაფხიზლებს.”

გადაცემის დასაწყისში ქართული ლიტერატურის ტრადიციები ვახსენეთ. სიღარიბე, დუხჭირი ცხოვრება და ასეთ ცხოვრებაში უცებ გაჩენილი იუმორი ქართველ მკითხველს არ ეუცხოება. ცხადია, დავით კლდიაშვილის ტრაგიკომიკური მოტივების უცვლელად შენარჩუნება 100 წლის შემდეგ შეუძლებელია. თუ გსურს სიღატაკე და კომიკური ახლა შეახვედრო ერთმანეთს, შავი იუმორის გამოყენება თითქმის გარდაუვალია. უჭირისუფლო ღატაკ მიცვალებულს მეზობლები კრძალავენ. მათაც არ ულხინთ და გადაწყვეტენ, შეგროვილი ფული კუბოზე დაზოგონ:

“გარდერობი ორი განყოფილებისგან შედგებოდა. პირველსა და დიდს წყვილი კარი ჰქონდა შებმული, მეორეს, მომცროს კი - ერთი. სწორედ ეს ერთკარიანი მომცრო განყოფილება გადააკეთა სარდიონოვიჩმა სასახლედ. დიდი ჯაფა არ დასდგომია - სამი ფიცარი გახერხა და თაროები ამოიღო. გვერდიდან, ანუ ჩახერხილი მხრიდან, მეტი სიმტკიცისა და სილამაზისათვის, დარჩენილი ორიდან ერთი კარი მიაჭედა. იატაკზე რომ დადგეს, ნამდვილ სასახლეს ჰგავდა, მდიდრულს, ჰოლივუდის ფილმებში მაფიოზებს რომ ასვენებენ ხოლმე, ისეთს. ოღონდ ერთი ეგ იყო: სასახლეს თავსახურის ნაცვლად კარი ჰქონდა.”

ამ ციტატით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. შეგვეძლო გველაპარაკა დათო ქარდავას ენობრივ სისადავეზე, მაგრამ “ნოეს მტრედების” ავტორის, როგორც მთხრობელის, ოსტატობა, მისი პროზის სხვა შემადგენელთან - ნაკლსა თუ ღირსებასთან - ერთად, მკითხველებს დავუტოვოთ განსასჯელად.
XS
SM
MD
LG