Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი - რევოლუციური ცვლილება თუ ,,სუკიზაციის” პროცესი


სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პროექტის განხილვა დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით,

საქართველოში გაუქმდება შინაპატიმრობის წესი, მას გირაო ან თავდებობა შეცვლის, ანონიმური შეტყობინება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი იქნება, მასმედიის მიერ სასამართლო პროცესების გაშუქებას კი მოსამართლის თანხმობა დასჭირდება. ის, რაც, პროექტის ავტორთა განმარტებით, საპროცესო პროცედურებს გაამარტივებს, საპარლამენტო ოპოზიციისთვის 1937 წელთან ასოცირდება. მინდა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებით პარლამენტში გამოწვეულ ემოციებზე მოგითხროთ.


სისხლის სამართლის იმ კოდექსზე, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი პარლამენტი ცვლის, თავის დროზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით, მიხეილ სააკაშვილიც მუშაობდა. რევოლუციის შემდგომი ცვლილებები დეპუტატებს ამავე კომიტეტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა, წარუდგინა და განუმარტა, რომ პროექტი სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებას უზრუნველყოფს. არაეფექტურობის მოტივით, აღარ იარსებებს აღმკვეთი ღონისძიებების ისეთი სახეობები, როგორიცაა პოლიციის ზედამხედველობა და შინაპატიმრობა; წინასწარი გამოძიებისას ადვოკატებს დოკუმენტების ასლების მიღების უფლება აღარ ექნებათ, მხარეთა დაპირისპირება მხოლოდ სასამართლო პროცესზე მოხდება და ამოქმედდება ანონიმური მოწმის ინსტიტუტი. მიუხედავად დეპუტატებისადმი პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოწოდებისა, რომ დაბადების დღის გამო ლევან ბეჟაშვილის კრიტიკისთვის თავი აერიდებინათ, კომიტეტის თავმჯდომარეს დაუპირისპირდა რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა, რომელმაც პროექტს ,,ქვეყნის ყველა სისტემის სუკიზაცია” უწოდა:

[ივლიანე ხაინდრავას და ლევან ბეჟაშვილის ხმები] ,,ეს არის დასმენა, ჩაშვება, დაპატიმრება, შინაპატიმრობის გაუქმება. მე არ ვიცი, აი, თქვენ იურისტი ხართ და თანამედროვე ფორმაციის იურისტად მიგაჩნიათ, ალბათ, თავი, როგორ გამოგაქვთ ეს, საით მიერეკებით?” ,,ბატონო ივლიანე, საქმის კურსში ხართ, რა წერია კანონპროექტში? აზრზე არა ხართ, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი.” (სტილი დაცულია)


მათ შორის, ვინც ,,აზრზე არ არის,” თავად უმრავლესობის წევრებიც აღმოჩნდნენ. შინაპატიმრობის წესის გაუქმება და მისი შეცვლა გირაოს ან თავდებობის პრინციპით მიუღებელი აღმოჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის. ელენე თევდორაძე აცხადებს, რომ გირაოს გადახდას ბევრი ვერ შეძლებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] ,,ნუ გვავიწყდება, ხალხნო, რომ ჩვენ კი მივდივართ, ქვეყანა, ნამდვილად წინ, მაგრამ სოციალურად დაუცველი ფენები საკმაოდ ჯერ კიდევ დიდი რაოდენობისა გვაქვს და, სამწუხაროდ, მათ შორის ხდება უფრო დანაშაული, არასრულწლოვანთა ჩათვლით. მათი დანაშაული, ძალიან ბევრი, ზოგჯერ 30 ლარსაც არ აღემატება.” (სტილი დაცულია)

აღმკვეთი ღონისძიება რომ მხოლოდ დანაშაულის კატეგორიაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ეს დეპუტატებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ბოკერიამ შეახსენა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ,,თუ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის მიიმალება, არა აქვს ქონება ათასი ლარის, ან სახლი, ან რამე, რომ გირაოში ჩადოს, ან არ ჰყავს ერთი ნაცნობი, რომელსაც აქვს სამუშაო და უბანში იცნობენ, ან სამეზობლოში, რომელიც იტყვის, რომ ეს კაცი არ გაიქცევა, მე ვუდგები თავდებში და მე ვაგებ პასუხს, თუ ასეთი ხალხი არა ჰყავს, დანაშაული აქვს ჩადენილი და პროკურატურას აქვს მტკიცებულებები, რომ ის შეიძლება გაიქცეს, მაპატიეთ, მაგრამ, როგორი მცირეც არ უნდა იყოს დანაშაული, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ის იჯდებოდა ციხეში.” (სტილი დაცულია)


მიუხედავად იმისა, რომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სასჯელად რჩება, გიგა ბოკერიას მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ამჟამად აღმკვეთ ზომად პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი 69%-ია, რაც ორი წლის წინანდელ მონაცემებზე 30%-ით ნაკლებია. ამ მონაცემების ნაკლებად სჯერა კონსერვატორ კახა კუკავას, რომელიც დარწმუნებულია, რომ კოდექსის შეცვლა სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს:

[კახა კუკავას ხმა] ,,ადამიანი ნებისმიერი დანაშაულისათვის - ლურსმნის მოპარვისათვის ან, საერთოდ დანაშაულის გარეშე - სამთვიანი პატიმრობებით არის დღეს გამოძეძგილი ჩვენი ციხეები და, ყვარყვარესი არ იყოს, ფეხით აწვება გარედან იუსტიციის მინისტრი, რომ როგორმე გარეთ არ გამოვარდეს პატიმრები.” (სტილი დაცულია)

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც განსაკუთრებული დავის საგნად იქცა, მასმედიის მიერ სასამართლო პროცესების გაშუქებაა. სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას ჟურნალისტების დასწრების საკითხს პირადად მოსამართლე გადაწყვეტს. ოპოზიცია და დამოუკიდებელ იურისტთა ნაწილი ამგვარ ცვლილებას მედიის უფლების შეზღუდვას უწოდებს, რაც, ავტორთა შეფასებით, სპეკულაციაა. თუ პროექტის ინიციატორთა განმარტებას დავეყრდნობით, ეს ცვლილება ერთგვარ საფრთხეს არა საჯაროობას, არამედ მხოლოდ ვიდეოკამერებს უქმნის.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG