Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრინველის გრიპის ექსპერტები ლონდონში შეიკრიბნენ


ოთხშაბათს ლონდონში მუშაობა დაიწყო ორდღიანმა კონფერენციამ, რომელმაც თავი მოუყარა ფრინველის გრიპის ექსპერტებს.

ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რა გზებით შეიძლება იქნეს თავიდან აცილებული ამ სახიფათო დაავადების პანდემია. შეგახსნებთ, H5N1-ის სახელით ცნობილ ვირუსს დღემდე უკვე 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა აზიის ქვეყნებში. საფრთხის თავიდან ასაცილებლად მსოფლიო მასშტაბით აქამდე 150 მილიონამდე ფრინველი გაჟლიტეს.

წინასწარ გეტყვით ამ ექსპერტთა საერთო დასკვნას, რომელიც არც თუ ოპტიმისტურად გამოიყურება: პანდემია, ადრე თუ გვიან, მოგველის. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ როდის მოხდება ეს.

[ოუპენშოუს ხმა] "მე ვფიქრობ, მსოფლიოს უმეტესი ექსპრეტები დამეთანხმებიან, რომ ლაპარაკია არა იმაზე, მოხდება თუ არა, არამედ იმაზე, თუ როდის მოხდება ეს... ყველგან ერთი აზრისანი არიან, რომ რაღაც დროისთვის ეს მოხდება, მაგრამ ამაზე ლაპარაკი მიწისძვრის წინასწარმეტყველებას ჰგავს."

ეს გახლდათ პიტერ ოუპენშოუ, ლონდონის იმპერიალ კოლეჯის ექსპეტრიმენტული მედიცინის სპეციალისტი.

მეორე მხრივ, სანუგეშოდ გამოიყურება ის, რომ აქამდე მილიარდობით კონტაქტი შედგა ადამიანსა და ფრინველს შორის, მაგრამ დღემდე ადამიანის დაავადების მხოლოდ 130-მდე შემთხვევაა ცნობილი. აქიდან 70-მდე სასიკვდილო აღმოჩნდა.

აი, თუკი ვირუსმა მუტაცია განიცადა და მან ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი შეიძინა, მაშინ დაავადების ფართო გავრცელებას ვერაფერი შეუშლის ხელს. ფრინველსა და ადამიანს შორის კონტაქტის შეზღუდვა კიდევ შეიძლება, მაგრამ ადამიანებს შორის კონტაქტის შეზღუდვა წარმოუდგენელია.

რაც მთავარია, ვირუსის მუტაციამდე საერთოდ შეუძლებელია მის საწინააღმდეგო საშუალების შექმნა.

უცნობია ისიც, მართლაც გადამფრენი ფრინველები ავრცელებენ დაავადებას, თუ იგი სხვა გზითაც შეიძლება გავრცელდეს. ზოგიერთის აზრით, ფრინველის ხორცის ტრანსპორტი შეიძლება იყოს დაავადების გავრცელების მთავარი საშუალება.

ამჟამად ჩინეთში მიმდინარეობს ფრინველის აცრა. მაგრამ მისი ეფექტიანობის შესახებ საუბარი ძალზე ძნელია. ერთ-ერთი არსებული ვაქცინა მოქმედებს დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმის წინააღმდეგ. მეორე ვაქცინა თითქოს შველის ფრინველებს, მაგრამ დაავადების გადატანა მათ მაინც შეუძლიათ.

როგორც ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში თქვა კოლინ ბლეკმორმა, ლონდონის კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კონფერენციის მთავარი მიზანია შეაჯამოს დღეისთვის არსებული კვლევის შედეგები მსოფლიო მასშტაბით და წინასწარ მოახდინოს შესაძლო პანდემიასთან გასამკლავებლად საჭირო ყველა ზომის კოორდინაცია.

ბლეკმორის აზრით, ამ მზადების პროცესში განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ აღმოსავლეთი ევროპისა და აზიის ქვეყნებში. როგორც სავარაუდოა, პანდემია სწორედ ამ ქვეყნების გავლით გავრცელდება.

ასე რომ, დღეს მეცნიერები მუშაობენ არა პანდემიის თავიდან აცილებაზე, არამედ პანდემიასთან გამკლავებაზე.
XS
SM
MD
LG