Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იყო 2005 წლის ბოლო დღე თბილისში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წინასაახალწლო გაწყობილება თბილისს უკვე ემჩნევა - ქალაქის სხვადასხვა რაიონში ნაძვის მორთული ხეები დგას,

თოვლის ბაბუით და ზღაპრის გმირებით სავსე ავტობუსები ბავშვებს საახალწლო კონცერტზე ეპატიჟებიან. რაც მთავარია, ამინდმაც გაამართლა - ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, თბილისში დღეს საკმაოდ თბილა. ანუ, სავარაუდოდ, ახალი წლის ქუჩაში შეხვედრის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იქნება.
როგორი იყო 2005 წლის ბოლო დღე თბილისში - მოგითხრობთ თამარ ჩიქოვანი




თბილისში დილიდან ავტომანქანების საცობებია - თბილისელთა ნაწილი 31 დეკემბერს აკითხავს ბაზრებს საახალწლო მაგიდისთვის სურსათის საყიდლად - როგორც გამოცდილი ადამიანები ამბობენ, 31 დეკემბერს გამყიდველები უფრო დამყოლები არიან და ფასს აკლებენ. ბოლო ბოლო, ბაზრის მოვაჭრეებისთვისაც ხომ მოდის ახალი წელი - შესაბამისად, 31 დეკემბრის საღამოს გოჭის თუ ინდაურის ფასი კლებულობს და მყიდველიც ამით სარგებლობს - წელს, მაგალითად, ინდაურს რეკორდული ფასი დაედო - 80 ლარი. გოჭი კიდევ უფრო ძვირი ღირდა - 100 ლარამდე.
თუ თადარიგი 31 დეკემბრამდე დაიკავეთ და კულინარული პრობლემები მოაგვარეთ - ახალი წლის მოსვლამდე ტელევიზორთან შეგიძლიათ ახალი წლის დალოდება - ქართული ტელეკომპანიების საახალწლო რეპერტუარი უკვე ძალაშია -საინტერესოა, რომ წლების მიუხედავად, ტელერეპერტუარი არ იცვლება - თუ არ ჩავთვლით, მაგალითად, წლევანდელი ტელესივრცის ყველაზე ხმაურიან და საკამათო გადაცემას - ჯეობარს - რომლის გამარჯვებულის ვინაობა 2005 წლის ბოლო დღეს - საღამოს 9 საათზე გაირკვევა.
რაც შეეხება პროგრამას, რომელიც თბილისის მერიამ იმ თბილისელებს მოუმზადა, ვინც სიხარულით აიტაცა ახალი ტრადიცია - ახალი წლის ქუჩაში შეხვედრა. წელს მთავარი კონცერტი რიყეზე გაიმართება. ახალ წელს პატრიარქი და პრეზიდენტი მოგვილოცავენ - გემახსოვრებათ, 2005 წელს მიხეილ სააკაშვილი კიევში შეხვდა და ახალი წელიც იქიდან მოგვილოცა. რიყეზე დისკოთეკაცაა დაგეგმილი. სახლში რომ 1 იანვრის დილისთვის მაინც მოხვდეთ - თბილისის მეტრო დილის 4 საათამდე იმუშავებს. თუ სურვილი გაქვთ და შესაძლებლობა - შეგიძლიათ, ახალ წელს გორში შეხვდეთ - შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი ყველას განსაკუთრებულ სანახაობას პირდება - კერძოდ, 15 წუთიან ფეირვერკს და მერაბ სეფაშვილის კონცერტს.
სანახაობის თვალსაზრისით, თბილისის მერიას ტოლს ვერავინ უდევს-
ამ დროისთვის თბილისის სხვადასხვა რაიონში კოჯრის ტყის მაჯლაჯუნებზე ნადირობა გრძელდება. ახალი წლის ღონისძიების სცენარის ავტორთა ვერსიით, ამ მაჯლაჯუნებმა კრისტალები მოიპარეს. კრისტალების გარეშე კი, თურმე ახალი წელი არ მოვა. ჰოდა, ახლა მაჯლაჯუნებს და კრისტალებს ეძებენ. რას იზამთ, ასე ვთქვათ კრიმინალური ელემენტის გარეშე ახალი წლის დღესასწაულიც კი წარმოუდგენელი გახდა საქართველოში - პარლამენტარ გიგი წერეთელს, ალბათ, დიდხანს წაყვება უსიამოვნო გრძნობა, როცა ხელებგაკავებულს პოლიციის მანქანისკენ მიაქანებდნენ და მაჯლაჯუნებთან კავშირში დებდნენ ბრალს.
ახალ წელს, ალბათ, ყველაზე დიდი მაჯლაჯუნაც ცდილობს, საკუთარ თავში კარგი თვისებები აღმოაჩინოს. ამას გისურვებთ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე. ახალი წელი კი ნებისმიერ შემთხვევაში მოვა.

XS
SM
MD
LG