Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ბიუჯეტი 182 მილიონი ლარით იზრდება


დღეს საქართველოს პარლამენტი 2006 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების განხილვას შეუდგა. კანონპროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის 182 მილიონი ლარით გაზრდას

ითვალისწინებს. საპარლამენტო ოპოზიცია ეჭვობს, რომ ქაღალდზე ასახული ცვლილებები ცხოვრებაში რეალურად გატარდება, და ხელისუფლებას ბიუჯეტის დაგეგმვის ხარისხს უწუნებს. მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ოპტიმალური გათვლებით კი, 2006 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილება პირველი და ერთადერთი არ იქნება და სახელწიფო ბიუჯეტის ხარჯები წლის ბოლომდე 4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის თანახმად, ნამატი ხარჯების საფუძველზე 46 მილიონი ლარი ენერგეტიკულ სექტორში გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოხმარდება, იუსტიციის სამინისტრო ახალი ციხის მშენებლობისათვის 25 მილიონ ლარს მიიღებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯებს 20 მილიონი ლარი დაემატება, დამატებითი 20 მილიონი ლარით თბილისის ბიუჯეტი შეივსება გზების რეაბილიტაციისათვის და ასე შემდეგ. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძის განმარტებით, ბიუჯეტის ჩავარდნის შესახებ პესიმისტების ვარაუდები არ გამართლდება.

[ლაშა გოცირიძის ხმა]“ასეთი ვარაუდები გამოითქმება ყოველთვის, ყოველი საბიუჯეტო ცვლილების წინ, რომ ეს არის ხელოვნური, რომ სინამდვილეში ვერ მოხდება ამდენი თანხის მობილიზება, სინამდვილეში მოხდება სეკვესტრი. მაგრამ დროა, რომ ასეთი ტიპის ვარაუდები დავივიწყოთ.”

ლაშა გოცირიძის მიერ პესიმისტებად მოხსენიებულ ოპონენტებს შორის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც იგულისხმებიან. ფრაქცია „დემოკრატიულმა ფრონტმა“ ფრაქციის სხდომაზე 10 მაისს საგანგებოდ მიიწვია ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე. სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი გასული წლის ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა და ანგარიში იყო. თუმცა საუბარი მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების თემასაც შეეხო. ცვლილებების პროექტის დაგეგმარებაში დემოკრატიულმა ფრონტმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინა. სხდომაზე განსაკუთრებულად აქტიურობდა ბეჟან გუნავა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მისამართით გამოთქმულ რამდენიმე შენიშვნას გაგვაცნობს:

[ბეჟან გუნავას ხმა]“მე მინდა გითხრათ, რომ წინა წელს, 2005 წელს, 225 ლარი დარჩა გაუხარჯავი. და ძალიან საინტერესოა, ის გაუხარჯავი ხომ არ დარჩება წელსაც, როდესაც შემოდის 182 მილიონი ლარით მატება საქართველოს ბიუჯეტში. და ეს მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, გაუცემელია სახელფასო დავალიანებები, გაუცემელია საპენსიო დავალიანებები. გეგმავენ ხელფასებისა და პენსიების დაფარვას 2006 წლის მესამე კვარტალისათვის - მაშინ, როდესაც ახლოვდება არჩევნები და არჩევნების წინა პერიოდში. ფაქტობრივად, ეს წინასაარჩევნოდ არის გამოზნული.“ (სტილი დაცულია)

იყო სხვა პრეტენზიებიც – ძირითადად, პრეზიდენტის ფონდთან დაკავშირებით. ოპოზიცია აღნიშნავს, რომ, დაგეგმილი 10 მილიონის ნაცვლად, გასულ წელს პრეზიდენტის ფონდიდან 70 მილიონი ლარი დაიხარჯა. ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარეს ზვიად ძიძიგურს მოუსმინეთ:

[ზვიად ძიძიგურის ხმა]“ უამრავი საკითხი და უამრავი თემაა, რომელსაც ეს სამთავრობო გუნდი თვითნებურად წყვეტს, ყოველგვარი კანონის იგნორირებით. და, საერთოდ, ვფიქრობ, რომ როცა ფინანსთა სამინისტრო ვერ გეგმავს ვერც შემოსავლის ნაწილში ბიუჯეტს და ხარჯვით ნაწილში აქვს შემდეგ 225 მილიონიანი გარღვევა, ვფიქრობ, რომ ეს არის დაფიქრების საგანი. ბიუჯეტი არის არაგამჭვირვალე დღესაც, საოცრად არაგამჭვირვალე, რაც ქმნის კორუფციული გარიგებებისა თუ ხარჯვის ძალიან სერიოზულ ალბათობასა და ეჭვს.“(სტილი დაცულია)

2006 წლის ბიუჯეტის ცვლილებების საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში განიხილავს. თუმცა დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმაც, რომ ოპონენტები და სკეპტიკოსები სახელმწიფოს ფინანსურ გუნდს არც პარლამენტს გარეთ აკლია.

[ნიკო ორველაშვილის ხმა]“ ეკონომიკის ზრდას განაპირობებს ეკონომიკური აქტივობის მატება. მაგრამ ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ ბიზნესი ჯერ დააბნია, შემდეგ დააშინა, ბოლოს კი საერთოდ შოკში ჩააგდო.“

ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი იმათ პასუხად, ვისაც მიაჩნია, რომ 2006 წლის ბიუჯეტის გაზრდა ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. ექსპერტი ფიქრობს, რომ ბიუჯეტის შესრულებაც და ზრდაც მხოლოდ ქაღალდზე ხდება.
XS
SM
MD
LG