Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ევროპული პოლიტიკა გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 11 მაისს გერმანიის პარლამენტს, ბუნდესტაგს, ამ ქვეყნის ევროკავშირში თავმჯდომარეობის პერიოდში,

2007 წლის პირველ ნახევარში, ევროპული პოლიტიკის შესახებ თავისი გეგმები წარუდგინა.
სხვათა შორის, ევროპის კონსტიტუციაზე, კავშირის გაფართოებაზე საუბრისას კანცლერმა განაცხადა, რომ კავშირის წევრი ვერ გახდება ყველა, ვისაც სურს, მაგრამ ეგრეთ წოდებული “სამეზობლო პოლიტიკის” განვითარება ამ ქვეყნებში კავშირის გააქტიურებას მოემსახურება.


------------------
ბერლინში დავუკავშირდით გერმანიის საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ინსტიტუტის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის მკვლევარს, უვე ჰალბახს, და კომენტარი ვთხოვეთ ევროკავშირის სამომავლო საგარეო პოლიტიკის თაობაზე. უვე ჰალბახმა გვითხრა, რომ მერკელის გამოსვლამდე მასმედიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გერმანიის მორიგე თავმჯდომარეობის პერიოდში კავკასიის მიმართ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩანს, არასწორი მოლოდინი გააღვიძა. შუა აზიაში გააქტიურებაზეა ლაპარაკი, თქვა მან, კავკასიაში კი ეს პროცესი უკვე დაიწყოო.

(ჰალბახის ხმა)
“ევროპის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში კავკასიამ მაშინ დაიმკვიდრა ადგილი, როცა, 2004 წლის ივნისში, "სამეზობლო პოლიტიკის" ნაწილი გახდა. ახლა სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოსთან უნდა განვითარდეს ეს პოლიტიკა, შეიქმნას სამოქმედო გეგმა, რომელიც დაახლოებით სამ წელიწადში უნდა განხორციელდეს.”

გერმანელმა პოლიტოლოგმა შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა კონკრეტული სიახლეები, თქვა, რომ ზუსტად სამოქმედო გეგმის კონკრეტულ თემებზეა ლაპარაკი, მაგრამ, ჰალბახის აზრით, კონკრეტიზება ორმხრივი საკითხია:

(ჰალბახის ხმა)
“ეს ეხება კავკასიის ურთულეს პრობლემას, რამაც ევროპა დააშინა - რეგიონში მოუგვარებელ კონფლიქტებს ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ისინი მხოლოდ გარედან არ მოგვარდება - არ შეიძლება ველოდეთ, რომ გერმანია და ევროპელები მეტს გააკეთებენ, ვიდრე დღემდე აკეთებდნენ. ახლა ბევრია დამოკიდებული თვითონ დაპირისპირებულ მხარეებზე, მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე.”


მან გამოყო, უსაფრთხოებასთან ერთად, საქართველოს სამართლის სფერო, რომელშიც აქტიურობს ევროკავშირი, უშუალოდ ჩართული სისხლის სამართლის სფეროს რეფორმირებაში.
უვე ჰალბახმა იცის, რომ საქართველოს გულით სურს კავკასიის უსაფრთხოებაში ევროპის კავშირი უფრო მეტად აქტიური იყოს:

(ჰალბახის ხმა)
“იმაში, რაც საქართველოს ასე გულით სურს, - ვგულისხმობ კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროპის უფრო აქტიურ, უფრო აშკარა ჩარევას, - მომავალში ის, ალბათ, იმედგაცრუებული დარჩება.”

ევროკავშირი კავკასიაში რუსეთის გარეშე ვერ აქტიურობს - ეს იყო ჩვენი საუბრის შემდეგი საკითხი. ბერლინელმა პოლიტოლოგმა განგვიცხადა, რომ კავკასიის პოლიტიკაში ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს გულისხმობს, რადგან რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის გამორიცხვით ეს პოლიტიკა ვერ განხორციელდება. ჰალბახი პრობლემას ასე ხედავს:

(ჰალბახის ხმა)
“პრობლემა ის არის, როგორ მივაღწიოთ რუსეთთან ისეთ დიალოგს, რომ უსაფრთხოების ერთობლივ ინტერესებზე ვილაპარაკოთ და გადავლახოთ “დიდი თამაშისა” თუ “გავლენის სფეროების გეოპოლიტიკური განაწილების” სტერეოტიპები.”

ჰალბახის თქმით, რუსეთი კავკასიაში ყველა უცხო მოთამაშის ჩარევას საკუთარი ძალაუფლებისთვის მუქარად მიიჩნევს და ამაზე შესაბამისადაც რეაგირებს. და სწორედ ეს არის პრობლემა ევროპის პოლიტიკისთვის. ჰალბახს მიაჩნია, რომ ევროპა დღემდე ესწრაფვის, მაგრამ შეიძლება არასაკმარისად ინტენსიურად, არასაკმარისად თანმიდევრულად ცდილობს რუსეთთან კავკასიის პრობლემების შესახებ დიალოგი დაიწყოს. სინამდვილეში, ევროპის კავშირს რუსეთისთვის უნდა მიეთითებინა:

(ჰალბახის ხმა)
“წინააღმდეგობებზე, რომელთა არსებობას რუსეთი კავკასიაში თვითონ უწყობს ხელს, წინააღმდეგობრივ პოლიტიკაზე, რომელსაც თვითონ ატარებს. შეხედეთ, მაგალითად, სეპარატისტული კონფლიქტების მიმართ დამოკიდებულებას საკუთარ სარბიელზე, ჩეჩნეთში, და სეპარატიზმის მხარდაჭერის პოლიტიკას კავკასიონის გადაღმა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არის წინააღმდეგობები, რომელთა გარკვევა აუცილებელია ევროპისა და რუსეთის დიალოგის დროს.”

ჰალბახის თქმით, როცა კავკასიის მიმართ ევროპის ინტერესებზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, ენერგომატარებლებისა და მათი ტრანსპორტირების სფეროს ვგულისხმობთ. მაგრამ, მისი აზრით, ამ საკითხის მიმართ ზომიერი მიდგომაა საჭირო:

(ჰალბახის ხმა)
"ოღონდ ამ საკითხში გადაჭარბება არ შეიძლება. საქმე ისეა, თითქოს კასპიის რეგიონი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მომარაგების უკვე არსებული წყაროების სტრატეგიული ალტერნატივა იყოს. თუმცა ევროპისთვის ეს არის ენერგიის წყაროების დივერსიფიცირების ელემენტი. არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომელთა გამო კავკასია ევროპისთვის საინტერესო ხდება. როცა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროპა აცხადებს, რომ უნდა ჰქონდეს სტაბილური საზღვრები, სტაბილური განაპირა რეგიონები, მაშინ კავკასიაში უსაფრთხოება დიდ გამოწვევად იქცევა ევროპის პოლიტიკისთვის და იგი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებით."
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG