Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უცხოური მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსთან ხელახლა შეერთებას აპირებს


უკანასკნელ ხანებში კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობა მას მერე,

რაც მოსკოვში ქართულ ეკლესიაში ქართულად ღვთისმსახურების რუსულით შეცვლა გადაწყდა. ამან საქართველოში პროტესტი გამოიწვია.

ამ მოვლენების ფონზე დღეს შევეცდებით ვნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც აღორძინებას განიცდის და გავლენის სფეროს გაფართოებას აგრძელებს. გესაუბრებით რუსეთის უცხოური მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებაზე, კვლავ დაუბრუნდეს მშობლიურ კერას - მოსკოვის საპატრიარქოს.

ნიუ იორკში წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სერგეი რადონეჟელის ტაძრები ფეხით ათი წუთის სავალზეა. მაგრამ ამ ორ ეკლესიას შორის მანძილი ბევრად უფრო დიდი იყო უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში. ერთი ეკუთვნის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს, მეორე კი რუსეთის უცხოურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

გასულ კვირაში, სან ფრანცისკოში, რუსეთის უცხოური მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭომ მოიწონა გადაწყვეტილება მოსკოვის საპატრიარქოს წიაღში დაბრუნების თაობაზე. გადაწყვეტილება ეკლესიის ხელმძღვანელობის მხრიდან დასტურს ელოდება.

რუსეთის უცხოური მართლმადიდებელი ეკლესია 1927 წელს შეიქმნა როგორც პასუხი საბჭოთა კავშირის პოლიტიკაზე რელიგიის სფეროში. ხელახლა გაერთიანების მცდელობები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე იყო, მაგრამ საბჭოთა კომუნისტური რეჟიმი წარმოადგენდა მთავარ დაბრკოლებას. ეკლესიის მესვეურნი მიიჩნევენ, რომ დღეისთვის რუსეთში უკვე გაიზარდა რელიგიისადმი შემწყნარებლობა და არსებობს ეკლესიათა გაერთიანებისთვის ხელსაყრელი პირობები.

ნადეჟდა მოხოვა რუსეთიდან 1917 წლის რევოლუციის შემდეგ წასულ ემიგრანტთა შვილიშვილია. იგი წმინდა სერგეი რადონეჟელის ეკლესიის მრევლშია ათწლეულების მანძილზე. მისი აზრით, დიდი ხანია, მომწიფდა ეკლესიათა გაერთიანების აუცილებლობა. მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს.

[მოხოვას ხმა ] "ამ ეკლესიაში ძალზე ბევრია ისეთი, ვინც არ არის თანახმა. აქ ბევრი ადამიანი მოდის. ტაძარში მოდიან ისეთები, ვინც სხვაგან მიმავალნი არიან გზად. ზოგს აწუხებს ის, რომ ქონება წაართვეს ბოლშევიკებმა. წაართვეს? - წაართვეს. პაპაჩემსაც წაართვეს მთელი მამულები. მერე რა? ხომ არ წავალ და მამულებს ხომ არ მოვითხოვ? რად მინდა? იქ ხომ ახლა ვიღაც ცხოვრობს. ჰოდა იცხოვროს."

მამა იაკიმი კალიფორნიაში დაიბადა რუსი ემიგრანტების ოჯახში. იგი წმინდა სერგეი რადონეჟელის ტაძრის ერთ-ერთი მღვდელია. ჩვენს რადიოსთან საუბარში მან თქვა, რომ ეკლესიათა ხელახლა გაერთიანებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

[მამა იაკიმის ხმა] " რუსეთის საზღვარგარეთული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო და საერო პირები ფიქრობენ, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როცა შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებმაც გამოიწვია რუსეთის ეკლესიის გაყოფა მრავალი წლის წინ. დრო მომწიფდა. რუსეთში სულიერი აღორძინების ნიშნები ჩანს. რუსეთში სასულიერო პირები და ერისკაცები ცდილობენ გადალახონ წინაღობები, რომლებიც გვაშორებდა ერთმანეთს."

ირინა კოლცოვა რუსეთში დაბადებული ემიგრანტია. იგი უკვე ხუთი წელია წმინდა სერგეი რადონეჟელის ტაძარში დადის.

[კოლცოვას ხმა] "მე ვფიქრობ, ეკლესიების გაერთიანება პირველ რიგში რუსეთს გააძლიერებს. მეორე მხრივ, გააძლიერებს ქრისტიანობას, რომელიც ფეხით ითელება და იდევნება მთელ მსოფლიოში."

რუსეთის უცხოურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის დაპირისპირების მთავარ საგნად რჩება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მოსკოვის საქმინობა და ეკუმენური მოძრაობა.

11 მაისის გადაწყვეტილებაში რუსეთის უცხოურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოს მიმართა თხოვნით, შეწყვიტოს ამ სფეროებში საქმიანობა.
XS
SM
MD
LG