Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და "ბოლონიის პროცესი"


საქართველოში განათლების რეფორმისა

და ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების ეგრეთ წოდებულ “ბოლონიის პროცესში” ჩართვის შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ საზოგადოებას თითქმის არა აქვს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს რეფორმა სახელოვნებო განათლების სფეროში. კანონი – კანონია, ამიტომ რეფორმა ადრე თუ გვიან დასრულდება იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც არა განათლების, არამედ კულტურის სამინისტროს ექვემდებარებიან. როგორც ირკვევა, ჩვენი არტისტებისთვის - უფრო სწორად, მომავალი არტისტების პედაგოგებისთვის - ამ რეფორმაში ბევრი რამ გაუგებარი რჩება: როგორ უნდა წეროს, დავუშვათ, სამხატვრო აკადემიის პროფესორმა სასწავლო გეგმა, სილაბუსი; რატომ უნდა იხელმძღვანელოს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნებით, უფრო სწორად, როგორ იხელმძღვანელოს, როცა არ იცის ეს ენები, მაგრამ იცის ხატვა ან დაკვრა.

ახლახან თბილისში მოეწყო კონფერენცია, რომელზეც ბოლონიის პროცესში ჩართულმა ევროკავშირის ქვეყნების იმ სპეციალისტებმა, რომლებიც სახელოვნებო განათლების სფეროში მუშაობენ, თავიანთ ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და უამბეს, როგორ მიმდინარეობდა განათლების რეფორმა მათ ქვეყნებში, რას ნიშნავს ბოლონიის პროცესი. ამ კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეატრმცოდნე ლევან ხეთაგური, აღნიშნავს, რომ სახელოვნებო განათლება განსაკუთრებული თავისებურებით გამოირჩევა. ამიტომაცაა, რომ ბოლონიის პროცესი ამ დარგებში გაცილებით უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს:

[ლევან ხეთაგურის ხმა] “ბოლონიის პროცესი უფრო პოლიტიკური პროცესია. ესაა უფრო საპირწონე პროცესი ამერიკანიზაციაზე...ის, ვისაც პრეტენზია აქვს ევროპელობაზე, არ უნდა ეშინოდეს იმ პროცესების, რომელიც ევროპულ იდენტურობას იცავს. მე შეიძლება საკამათო ფორმულაც შემოგთავაზოთ: ამერიკიდან რაიმეს წამოღება ძალიან ძნელია – ამერიკა გახსნილია იმისთვის, რომ რაღაც მიიღოს... ამერიკა, ისტორიულად, მოდის ევროპაში, მიაქვს აქედან კულტურა, განათლება...” (სტილი დაცულია)

ბოლონიის პროცესი 1998/99 წლებში დაიწყო და უამრავმა ქვეყანამ გაიარა უკვე. ლევან ხეთაგური გვთავაზობს, უკეთ გავეცნოთ ევროპის ამ ქვეყნების გამოცდილებას, რათა აღარ გავიმეოროთ მათი შეცდომები. ქართველი თეატრმცოდნე საინტერესოდ მიიჩნევს ეგრეთ წოდებული “ანგლოსაქსური ფრთის” გამოცდილებას, შეგვახსენებს, რომ კულტურის სფეროში სასწავლო პროგრამები, მოდულები პირველად სწორედ ბრიტანელებმა შექმნეს. სხვათა შორის, თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელშიც 18 ქვეყნის სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა, ბრიტანელები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ. ლევან ხეთაგურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიის პროცესი, ფაქტობრივად, აუცილებლად მიიჩნევს სახელოვნებო განათლების სფეროში ინგლისური ენის შემოღებას, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის გამონაკლისი უკვე გაკეთებულია:

[ლევან ხეთაგურის ხმა] “ჩვენ ჯერ გაგვიჭირდება იმ მკაცრი მოთხოვნების წამოყენება, რომელიც უფრო ადვილია ევროპელისთვის. ორასწლოვანმა რუსულენოვანმა ექსპანსიამ ჩვენ ჩამოგვაშორა ევროპულ ენებს...
უნივერსიტეტები მზად უნდა იყვნენ უცხოენოვანი პროგრამებისთვის, განსაკუთრებით ეს მაგისტრატურას ეხება. 2110 წლისთვის საქართველოში უნდა არსებობდეს პედაგოგთა დიდი ჯგუფი, რომლისთვისაც, ისევე როგორც წინა თაობათა პედაგოგობისთვის რუსული ენა იყო იოლი, ესეც შესაძლებელი უნდა იყოს.” (სტილი დაცულია)

მაგისტრებისთვის ერთიან ინგლისურ ენაზე გადასვლა სახელოვნებო სასწავლებლებს საშუალებას აძლევს უცხოელი სტუდენტები თავიანთი კულტურით დააინტერესონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი ევროპელ ახალგაზრდას ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლის სურვილი გაუჩნდა ან სურს იმუშაოს ქართული კინოსა თუ თეატრის პრობლემებზე, მან უნდა იცოდეს, რომ საქართველოში, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში, აირჩევს პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც მას ინგლისურად ასწავლიან. მით უმეტეს, რომ ამის საშუალება აქვთ იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მიემგზავრებიან სასწავლებლად. ლევან ხეთაგურის თქმით, ბოლონიის პროცესში საერთო ენის გამოყენება გვაბრუნებს აღორძინების ეპოქაში, როცა ლათინური ენა, მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი ენა იყო, მეცნიერების ენად მიაჩნდათ:

[ლევან ხეთაგურის ხმა] “გლობალურად რომ შევხედოთ, ეს გააიაფებს სწავლასაც. ერთ ენაზე შექმნილი სამეცნიერო ნაშრომი ყველასთვის გასაგები გახდება – არ დასჭირდება თარგმნა... თუმცა ბოლონიის პროცესი, განსაკუთრებით სახელოვნებო განათლება, ხაზს უსვამს, რომ, ამ გაერთიანების მიუხედავად, ეროვნული იდენტურობა, ნაციონალური თვისებები კიდევ უფრო მეტად გამძაფრდეს...რაც არის თვითმყოფადი, რაც არის საკუთარი, რაც განასხვავებს ერთ კულტურას მეორისაგან, ძალიან მნიშვნელოვანია.” (სტილი დაცულია)

დასასრულს, თეატრმცოდნე ლევან ხეთაგურმა გვიამბო ეგრეთ წოდებულ “ბერლინის პროცესზე”, რომელიც შარშან დაიწყო ევროპის კულტურის პოლიტიკაში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კონსტიტუციის იდეამ კრახი განიცადა:

[ლევან ხეთაგურის ხმა] “გარკვეული ანალიზის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნის მიზეზი იყო კულტურის დაფინანსების შემცირება... და აქვე გაჩნდა მოსაზრება, რომლის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკური პროექტიდან უნდა გადაიქცეს კულტურულ პროექტად, ანუ შემდგომ წლებში ევროკავშირი აძლიერებს კულტურის დაფინანსებას... მათ ნახეს, რომ საზოგადოების მომავლისთვის ეს აუცილებელია, რაც ჩვენთვის ნიშანი უნდა იყოს იმისთვის, რომ თადარიგი დავიჭიროთ.” (სტილი დაცულია)

თუკი ჩვენ “უძველესი ევროპელები” ვართ და ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენზია გვაქვს, იმ პროცესებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომელიც უკვე დაწყებულია ევროპაში. არსებითად ეს პროცესი მისაღებია ქართული საზოგადოებისთვის, რომლის ერთი ნაწილი უკვე ჩივის, რომ ხელისუფლება არ უთმობს ყურადღებას ეროვნული კულტურის განვითარებას. მაგრამ თუკი, ლევან ხეთაგურის თქმისა არ იყოს, “თადარიგი არ დავიჭირეთ”, ანუ თუკი სახელოვნებო განათლების სფეროში რეალური რეფორმა არ დაიწყო, “უძველესი კულტურის უძველეს ევროპელებს” შეიძლება, მართლაც, აღარაფერი დაგვრჩეს...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG