Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ოქრუაშვილის პროგნოზს რეალურად მიიჩნევს


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში წარმოქმნილ დაძაბულობას სამშვიდობო პროცესის ხელის შემშლელ ხელოვნურ ფაქტორად მიიჩნევს პარტია

"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა დამნაშავე მხარეს არ აკონკრეტებს. 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა სამშვიდობო პროცესის შემაფერხებელ სხვა ფაქტორებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მსგავსი წინააღმდეგობების დაძლევის შემთხვევაში, ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება 2007 წლის 1 იანვარისთვის, მართლაც, მოესწრება. ერთი სიტყვით, პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ პროგნოზს სავსებით რეალურად მიიჩნევს. ექსპერტთა ერთ ნაწილს კი მიაჩნია, რომ, ამჟამად შექმნილი მძიმე სიტუაციის ფონზე, ხსენებული პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურია და რომ კონფლიქტის მოსაგვარებელი ბერკეტების ასამუშავებლად ეს ვადა საკმარისი არ არის.

პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი იმ ხელოვნურ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას აფერხებს:

(სალომე ზურაბიშვილის ხმა) ”ხელოვნურ დაძაბულობას მე ვეძახი პარლამენტის უდროო ულტიმატუმებს და, მე ვიტყოდი, უაზრო ულტიმატუმებს. და ხელოვნურ დაძაბულობას ვეძახი, ასევე, რაც მოხდა ცხინვალის რეგიონში.” (სტილი დაცულია)

უკვე ნათქვამის გარდა, სახელდება კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - რუსეთთან ურთიერთობა:

(სალომე ზურაბიშვილის ხმა) ”იმიტომ რომ რუსეთიც საჭიროა რაღაც დონემდე ამ სამშვიდობო პროცესში და თუ ჩვენ ასევე ხელოვნურად დავძაბავთ რუსეთთან ურთიერთობას, მაშინ ესეც ხელს შეუშლის იმ სამშვიდობო პროცესს, რომელიც უნდა იყოს ამ წლის ბოლომდე დამთავრებული.” (სტილი დაცულია)

რუსეთთან ურთიერთობა უკვე ისედაც დამაფიქრებელ დონეზეა დაძაბული და უარყოფითი შედეგების მოლოდინისთვის სულაც არ არის საჭირო დამატებითი დაძაბულობა, - მიაჩნია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს გოგი ხუციშვილს:

(გოგი ხუციშვილის ხმა) ”ისეთ დონეზეა კონფრონტაცია ახლა რუსეთთან, რომ რაიმე, ვთქვათ, აი, მოლაპარაკებების ან რაღაცა, ვთქვათ, კონფლიქტის მოგვარების მხარდამჭერი მოძრაობების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს ჩვენ რუსეთისგან. მხარს უჭერს სეპარატისტებს, ამას გააძლიერებს, რაც აქვს ბერკეტები, ყველაფრის გამოყენებით, და ეცდება, რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა და პრობლემები შეუქმნას, ესე იგი, ჩვენი მხრიდან სამშვიდობო გეგმას.” (სტილი დაცულია)

სამშვიდობო გეგმას პრობლემები არ შეექმნება, თუკი დაძაბულობის ხელოვნური მექანიზმების შეჩერება მოხერხდება და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხის ოპტიმისტური განწყობის რესურსი შესაბამისად იქნება გამოყენებული - თავის მხრივ, დარწმუნებულია სალომე ზურაბიშვილი. 26 მაისს, ცხინვალში სტუმრობის შემდეგ, ის კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საერთაშორისო ორგანიზაციების მოწონებულ სამშვიდობო გეგმას დადებითად აფასებს. შესაბამისად, თუკი ყველაფერი მშვიდობით იქნება, პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი სავსებით რეალურად მიიჩნევს ქართულ-ოსური კონფლიქტის იმ ვადაში მოგვარებას, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საკმაოდ ხშირად ასახელებს:

(სალომე ზურაბიშვილის ხმა) ”მე ვუყურებ, მაგალითად, თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ 1 იანვარს, 2007 წლის, შეიძლება ჩვენ ცხინვალში ვიყოთ არამხოლოდ გავლით, მაგრამ ისე, რომ სამშვიდო პროცესი იყოს ბევრად უფრო წინ წაწეული და საერთაშორისო პროცესი - ასევე წინ წაწეული. მე მიმაჩნია, რომ ეს არის შესაძლებელი და უნდა ამ ყველაფერს ხელი შევუწყოთ.” (სტილი დაცულია)

კონფლიქტის მოგვარების პროგნოზირებული ვადა არარეალურად მიაჩნია გოგი ხუციშვილს. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კონფლიქტის მოგვარების უმთავრესი რესურსის - ხალხის რესურსის - გამოყენებას ასეთი მცირე დრო არ ეყოფა:

(გოგი ხუციშვილის ხმა) ”ის ცალკეული ერთი-ორი ადამიანი, რომელსაც აქვს საშუალება, ვთქვათ, მიაწოდოს თავისი აზრი, ან რაღაც კონტაქტში შევიდეს, ან მესამე ტერიტორიაზე რაღაცა, ვთქვათ, ღონისძიებაში, კონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა, ეს აბსოლუტურად არ არის საკმარისი. უნდა იყოს რაღაცა, საზღვრის სულ სხვა რეჟიმი, უნდა იყოს ურთიერთობათა, მიმოსვლის სულ სხვა რეჟიმი. შენ ერთ წელიწადში ამას ყველაფერს ააშენებ, აი, იმ საწყისი პირობებით, რა საწყისი პირობებიც დღესდღეობით არსებობს?! ვერ ააშენებ...”. (სტილი დაცულია)

ისე კი, მარტივი არითმეტიკით, 2007 წლის 1 იანვრამდე უკვე არა ერთი წელი, არამედ მხოლოდ 7 თვე რჩება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG