Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომედია არასოდეს ყოფილა დიდად პოპულარული ჟანრი ქართულ მწერლობაში. იუმორიც, შეიძლება


დავით პაიჭაძე, თბილისი კომედია არასოდეს ყოფილა დიდად პოპულარული ჟანრი ქართულ მწერლობაში. იუმორიც, შეიძლება ითქვას, იშვიათი ხილია ქართულ ლიტერატურაში.

გასულ საუკუნეს თუ გადაავლებ თვალს, თითებზე ჩამოთვლი მწერლებს, რომელთაც მკითხველში სიცილის აღძვრა შეეძლოთ: ვთქვათ, პოლიკარპე კაკაბაძე, რეზო გაბრიაძე, ნოდარ დუმბაძე... თითქოს თავისთვის, ცალკე არსებობდა იუმორისტული ლიტერატურა, მაგრამ მას სერიოზულ ლიტერატურად არავინ თვლიდა, ისევე როგორც სერიოზულ თეატრად არ მიიჩნევდნენ მინიატურების თეატრს. მოკლედ, ქართულ მწერლობაში იშვიათად იცინოდნენ და იშვიათად აცინებდნენ მკითხველს. ბიბლიოთეკაში წარსადგენად დღეს შევარჩიეთ წიგნი, რომელსაც აქვს უნარი, გამოიწვიოს სიცილი: მსმენელმა განსაჯოს, არის ეს სერიოზული ლიტერატურა თუ მისი შეფასებისას ჩვენი წარსული უნდა გავიხსენოთ და იგივე კრიტერიუმები მოვიმარჯვოთ, ჟურნალ ”ნიანგის” კითხვისას რომ ვიყენებდით. დავით პაიჭაძე კი ილაპარაკებს ლაშა ბუღაძის წიგნზე ”25 პატარა პიესა”.

საიდან იბადება ლაშა ბუღაძის სიცილი? უფრო ზუსტად, რატომ იცინის ლაშა ბუღაძის მკითხველი, რა შინაარსი აქვს კომიკურს მასთან? კომიზმის ფენომენს გენიალური მკვლევრები ჰყოლია. ერთ-ერთი თეორია ამტკიცებს, რომ კომიკურის არსია, აჩვენო, როგორ ირღვევა თუ იხრწნება ადამიანი ან საგანი თავის თავში. კიდევ ერთი თეორია ამბობს, სიცილი - ეს არის აფექტი, რომელსაც წარმოშობს დაძაბული მოლოდინის უეცარი გადაქცევა არაფრად. ორი ძირითადი თეორიის - განმუხტვისა და წინააღმდეგობის თეორიათა -გარდა, არსებობს კომიზმის სხვა კონცეფციებიც, მაგრამ მათი აღწერა ძნელია და შორს წაგვიყვანს. ჩვენ ხომ ლაშა ბუღაძის წიგნზე ვლაპარაკობთ, რომელშიც ყველაზე დიდი პიესა 6-გვერდიანია, უმეტესობა კი ერთ-ორ გვერდზე ეტევა. თავის შთაბეჭდილებას მიზიარებს პროზაიკოსი ანა კორძაია-სამადაშვილი:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”ყველაფერი, რის შესახებაც ლაშა ბუღაძე წერს თავის 25 პატარა პიესაში, ძალიან კარგად არის ნაცნობი ჩვენი საზოგადოების ყოველი წევრისათვის. ეს ამბები ყველამ ვიცით. უბრალოდ, აღარ გვეცინება. მიგვაჩნია, რომ ნორმალური ამბავია. ლაშას დამსახურება ისაა, რომ ყურადღება გაამახვილა ამ ვითარებების, სიტუაციების სრულ აბსურდულობაზე, იმ ხალხის სრულ იდიოტიზმზე, ვინც ამგვარი ტექსტებით იქცევს თავს და მიაჩნიათ, რომ მათ გვერდით მსგავსი პერსონაჟები ნორმალური არსებები არიან.”

რა პერსონაჟები ჰყავს ასეთი ლაშა ბუღაძეს, ერთი მხრივ, ნორმალურ ადამიანებად რომ ჩანან, მეორე მხრივ კი, ვთქვათ ასე, ამ ნორმალური, კარგად ნაცნობი ადამიანების დისკურსის განვითარება, ლოგიკურ ზღვრამდე მიყვანა მათ აბსურდულ და კომიკურ ტიპებად აქცევს? წარმოიდგინეთ ოჯახის მამა, შუა ხნის ქართველი, ბატონი თამაზი, რომელიც ნასვამია. თავისი ვაჟის ქორწილის ღამეს შვილსა და რძალს თავს წამოადგება, ოთახიდან არ გადის, დაუსრულებლად იგონებს ახალგაზრდობის ამბებს და თაობის ნორმატიულ ღირებულებათა მთელ სისტემას გადმოალაგებს აბნეულ ლაპარაკში. რაც მთავარია, ოთახს არ ტოვებს. ვერ გაჰყავთ. ხოლო როცა ვაჟი გათრევას დაუპირებს, ნიკაპი აუკანკალდება, შესაძლოა, იტიროს კიდეც და ამბობს: ”მაყურებინეთ, თორემ თავს მოვიკლავ”. რაღა თქმა უნდა, რომ პიესა აქ სრულდება.

ანა კორძაია-სამადაშვილთან საუბრისას ვთანხმდებით, რომ ეს არ არის სატირა, შესაბამისად, არც ლაშა ბუღაძეა სატირიკოსი. ის არაფერს არ ამათრახებს, როგორც ამას სატირიკოსთა შესახებ გვასწავლიდნენ:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”მან შეიძლება ძალიან სასაცილო ისტორია გიამბოს ისე, რომ ელეთ-მელეთი მოგივა და ჩათვლი: სამყარო დაიძირა, ცხოვრება დამთავრდა და შეუძლია სრულიად ჩვეულებრივი ისტორიით ძალიან ბევრი გახითხითოს. დრამატულია, როცა ნოდარიკო თმას ივარცხნის და გოგო ეუბნება, ჩემო სიცოცხლე, მე შენს გვერდით ვიდგები (ამბობს ”მძიმე”, მამაკაცური ინტონაციით - დ.პ.) და ა.შ. მე არ მიმაჩნია, რომ აქ არის მარადიული დედის ძებნა და რაღაც ფსიქოლოგიური წიაღსვლები. ძალიან ნაკლებად. ამას ყველა ჩვენგანი ხედავს, მაგრამ ლაშა - უფრო მძაფრად, და აღმოჩნდება, რომ, უბრალოდ, ძალიან სასაცილო ამბავია.”

”ნოდარი და თამუნა” ერთგვერდიანი პიესაა, სადაც, თუ პერსონაჟებს სახელებს შეუცვლით, ყველაფერი, ასე ვთქვათ, ზედმიწევნით ტრადიციულად იქნება: ქალი შინ თმას ივარცხნის, ინაზება, მეგობარი კაცი ეტანება და ის უძალიანდება. კაცი გარეთ იწვევს, ქალი უარზეა და გვიან ღამეს იმიზეზებს. კაცი აგრესიულია, ქალი დედას უხმობს საშველად. ეს უბრალო ტრავესტი ლაშა ბუღაძესთან სრულდება კაცის, ნოდარის, შეკივლებით, როცა ის ცდილობს, კოცნა აიცილოს: ”ნუ მკოცნი, იდიოტო! გაუპარსავი ვარ!”

შესაძლოა, ლაშა ბუღაძის პიესათა შინაარსის ან ცალკეული რეპლიკების გადმოცემას არავითარი კომიკური ეფექტი არ ახლდეს. მეტიც, როგორც ცნობილია, რუსთაველის თეატრის სცენაზე ბუღაძის მცირე პიესების გადატანამ მაინცდამაინც არ გაამართლა, რაც კრიტიკოსებმა რეჟისურის სისუსტითაც ახსნეს. მე ვეკითხები ანა კორძაია-სამადაშვილს, მისი აზრით, ბუღაძის პიესები უფრო დასადგმელია თუ წასაკითხი? ანა ამბობს, რომ ამ ტექსტების კომიკური ეფექტის შენარჩუნებას კარგი მსახიობები სჭირდება. მაგრამ ამბობს კიდევ ერთ რამეს:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”ლაშა ბუღაძის კითხვის დროს გული მწყდება, რომ საქართველოში არ არსებობს აუდიო პროზა, ძალიან ნაკლებად არის გავრცელებული. აღარ არის ის, რაც იყო ჩემს ბავშვობაში, როცა ირაკლი ანდრონიკაშვილი, ჩაის ჭიქით ხელში, ტელევიზორში ამბებს ჰყვებოდა. საქართველოში დღეს ვერავინ ახერხებს სხვათა გაცინებას. რომ წარმოვიდგინოთ, რა ფენომენთან გვაქვს საქმე (და ლაშა, გარკვეულწილად, ფენომენია), ის თვითონ უნდა იყოს ამაში ჩართული, თავად ჰყვებოდეს თავის ისტორიებს. ძალიან ნაზი ბიჭის, ნოდარიკოს, ამბავი ახსენეთ. როცა ამას ლაშა ჰყვება, კითხვები არ ჩნდება, რადგან საოცრად არტისტულია - როგორც მწერალი და როგორც ადამიანი.”

ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართველ მწერალთა იმ იშვიათ ქვეკატეგორიას ეკუთვნის, რომელიც არ ერიდება სიცილს რელიგიის თემაზე. სადაც, ჩვეულებრივ, კრძალვითა და მოწიწებით საუბრობენ ან პუბლიცისტური პათოსით, სერიოზულად აკრიტიკებენ კლერიკალიზმსა თუ ეკლესიას, როგორც რუსეთის გავლენის აგენტს საქართველოში, იქ ლაშა ბუღაძე სიცილს არჩევს. მის რომანსა თუ მოთხრობებში ჩნდება ყოფილი ნარკომანი მღვდელი, მოქმედი ნარკომანებით მრევლში, დისკოთეკის მაკურთხებელი მოძღვარი, რომელმაც ბიკინი თუ არ უკურთხა თინეიჯერებს, ისინი ზღვაში ჩასვლას ვერ ბედავენ. პიესაში ”გიულის ძღვენი” გიული მარტოხელა, მრავალი მამაკაცის დამწუნებელ ქალს საჩუქარს მიუტანს არა, უბრალოდ, რაღაც ხელსაწყოს, არამედ ასაწყობ, მთლიან, ხელოვნურ მამაკაცს. ქალები ააწყობენ და ის მღვდელი აღმოჩნდება, რომელიც ეგრევე აკრძალავს ტაძარში შარვლით სიარულს, ფერ-უმარილის წასმას და ქალს ცოდვათა გამხელას მოსთხოვს. რაც მთავარია, ქალიც დაჰყვება...

ლაშა ბუღაძე ყველა პიესაში თანაბრად სასაცილო არ არის. ზოგი, აშკარად, სუსტია. ტაბუებთან შეთამაშებაც, შეიძლება, მკრეხელობად თუ არა, ცინიზმად ჩაუთვალონ. მაგრამ ასე არ ფიქრობს ანა კორძაია-სამადაშვილი:

[ანა კორძაია-სამადაშვილის ხმა] ”ლაშა ბუღაძე ცინიკოსი არ არის. ის კი არ დასცინის, ერთობა მთელი სულითა და გულით. ეს ამბები სრულიად უბოროტოა სინამდვილეში. მე ბევრი მიფიქრია, რატომ მომწონს ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის პიესები, კლასიკური გაგებით. ვერასოდეს ვიტყვი, რომ ესაა პროზა, რომლის გამოც წიგნის მაღაზიაში წავალ და ბოლო კაპიკებს მივახარჯავ. უბრალოდ, მე მიყვარს მისი ტექსტები.”
XS
SM
MD
LG