Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოსთვის გაზის საფასურის გაორმაგებას აპირებს


საქართველოსთვის 2007 წელს 1000 კუბური მეტრი რუსული გაზის ფასი, შესაძლოა, 110-დან 230 დოლარამდე გაიზარდოს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯერჯერობით არ ადასტურებენ

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი მართლაც გაიზარდოს. რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების პირობებში, გაზის ტარიფზე მოლაპარაკება მხარეებს შორის პრაქტიკულად ჯერ არ დაწყებულა.

რუსული გაზის ტარიფის ერთბაშად 2–ჯერ და მეტად გაზრდის შემთხვევაში, საგრძნობლად გაიზრდება სამომხმარებლო ფასიც. ამ ეტაპზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ფასის ორჯერ გაძვირებას გამორიცხავენ. მანამ კი, სანამ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები ოფიციალურ სახეს მიიღებს, ენერგეტიკის ექსპერტებიც და მთავრობის წარმომადგენლებიც ვარაუდობენ, რომ საქართველოსთვის რუსული გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაძვირება პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე ეკონომიკური.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “ჩვენ რუსეთის მხარემ უნდა გვაჩვენოს ის ფორმულა, რა ფორმულით ქმნიან ფასს. ჩვენ უნდა ვნახოთ, საიდან არის ეს ფასი, რატომაა ეს ფასი ისეთი, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში ყიდიან. საქართველო, რომელიც უფრო ახლოს იმყოფება და სატრანზიტო გადასახადი არ უნდა იყოს ისეთი ძვირი, როგორიც ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ანუ ეს არის ტექნიკური მოლაპარაკებების საგანი. ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებია, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ამ ფასში მეტი წილი ეკუთვნის პოლიტიკას, ვიდრე ეკონომიკას.“ (სტილი დაცულია)

ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი. საქართველოს მთავრობამ - განსაკუთრებით კი ენერგეტიკის სამინისტრომ - ზამთრისათვის მზადება - უფრო კი მზადება ფორსმაჟორული სიტუაციებისათვის - საგანგებოდ დაიწყო. რუსული გაზის ალტერნატიული მარშრუტი აზერბაიჯანის მიმართულებაა, აზერბაიჯანული და ირანული გაზის სახით. მთავრობაში ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი, დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, ან არ განაახლებდა ხელშეკრულებებს, ან ტარიფის საგრძნობლად გაზრდის პირობას დააყენებდა. პირობა, მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ მაინც იქნა წამოყენებული. “გაზპრომიდან” წამოსულ ინფორმაციებს ადასტურებენ რუსეთის ენერგეტიკის სამინიტროშიც:

[იური იერშოვის ხმა] “უკვე დროა სუბსიდირების პრაქტიკა მოვშალოთ. დაბალ ფასში გაყიდულ პროდუქციაში ჩვენ საპასუხოდ ვერანაირ ეკვივალენტს ვერ ვღებულობდით. ჩვენც გვიჭირს, ბევრია ღარიბი, გვაქვს სოციალური პრობლემები. ამიტომ, უბრალოდ, ვინმეს შენახვისა და ვინმეს დახმარების საშუალება ჩვენ აღარ გვაქვს. ამიტომ ფასი მსოფლიო ფასს უნდა უტოლდებოდეს.“

ამბობს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი იური იერშოვი. მის პასუხად, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი შენიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან რთული გადაწყვეტილებები ექნება მისაღები:

[გია ხუხაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

გაცილებით ოპტიმისტურადაა განწყობილი ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე–პრეზიდენტი გია ჯანდიერი:

[გია ჯანდიერის ხმა] იხ. აუდიოვერსია

“გაზპრომმა” ბუნებრივი აირის ტარიფი საქართველოს ერთბაშად გაუორმაგა გასულ წელსაც. მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე საქართველო რუსულ გაზს 110 დოლარად ღებულობს. ფასის მკვეთრმა მატებამ მიმდინარე წელს ინფლაციის გაღრმავება განაპირობა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს საფრთხე მომავალ წელს კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს, თუმცა ყველაფერი მაინც ტარიფის პირობებსა და მოლაპარაკებების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
XS
SM
MD
LG