წამყვანი:
ძვირფასო მსმენელებო, გადაცემას ახლა “მეათე სტუდიით” - ყოველკვირეული რადიოჟურნალით ვაგრძელებთ და ჯერ გავიხსენებთ რეფერენდუმს, რომელშიც ქართველი ამომრჩეველი პარლამენტარების რაოდენობის შემცირებას მიემხრო: გავიხსენებთ ამ რეფერენდუმის მესამე წლისთავთან დაკავშირებით. შემდეგ გიამბობთ გამოფენაზე, რომელიც თბილისში ევროპელი არქიტექტორების მოღვაწეობას ასახავს. გიამბობთ შთაბეჭდილებებზე, გერმანელმა სპეციალისტებმა რომ მიიღოს ატენის სიონში. ბოლოს კი ვილაპარაკებთ ერთ ძალიან გახმაურებულ ახალ ფილმზე და მის პროტაგონისტზე, ბორატზე.
გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.
[მუსიკა]
სამი წლის წინ გამართულ რეფერენდუმზე საქართველოს ამომრჩეველმა პარლამენტარების რაოდენობის შემცირებას დაუჭირა მხარი
წამყვანი:
ზუსტად 3 წლის წინ, 2003 წლის 2 ნოემბერს, საქართველოში ის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელიც, საბოლოოდ, არსებული ხელისუფლების შეცვლით დასრულდა. 2 ნოემბერსვე გაიმართა რეფერენდუმი, რომლის შედეგებიც არ გაუქმებულა და რომელსაც 2 ნოემბერს საარჩევნო უბნებში მისული ამომრჩევლის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. სარეფერენდუმო კითხვა მარტივად ჟღერდა: უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტართა რაოდენობის 150-მდე შემცირებას? რატომ დადგა დღის წესრიგში პარლამენტართა რაოდენობის შემცირების აუცილებლობა? - ამ სამი წლის წინანდელი ამბების გახსენება თამარ ჩიქოვანმა რეფერენდუმის საორგანიზაციო ჯგუფის წევრს ნანა კაკაბაძეს სთხოვა:
[ნანა კაკაბაძის ხმა] ”ოი, ეს, მართლაც, ძალიან რთული პროცესი იყო. სანამ ჩვენ ხელმოწერებამდე მივიდოდით და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეფერენდუმის ჩამტარებელ ჯგუფად დავრეგისტრირდებოდით, მანამდე არაერთხელ მივწერეთ პარლამენტს და პრეზიდენტს თვითონ გამოეჩინათ კეთილი ნება და შეეტანათ ცვლილება კონსტიტუციაში.”
თამარ ჩიქოვანი:
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის” ერთ-ერთი გახლდათ იმ ხუთ პარტნიორს შორის, ვინც რეფერენდუმის ჩასატარებლად მთელ საქართველოში ხელმოწერების შეგროვების პროცედურა დაიწყო. პარლამენტართა რაოდენობის შემცირების მიზეზად ნანა კაკაბაძე რამდენიმეს ასახელებს - იმას, რომ საქართველოს ამდენი პარლამენტარი არ სჭირდება, რომ მრავალრიცხოვანი პარლამენტი არ არის ქმედობაუნარიანი, რომ პარლამენტში ხშირად იყო კვორუმის პრობლემა. ნანა კაკაბაძის თქმით, პარლამენტართა რაოდენობის შემცირების საკითხს ყველაზე დიდი ენთუზიაზმით მოსახლეობა შეხვდა:
[ნანა კაკაბაძის ხმა] ”ჩვენ ვიყავით 5 არასამთავრობო ორგანიზაცია რეფერენდუმის ინიციატორები, მაგრამ ყველაზე დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინა მოსახლეობამ. ჩვენ მეტროსადგურების წინ ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში დავდგით მაგიდები, სადაც ჩვენი წევრები აგროვებდნენ ხელმოწერებს - რეგიონებშიც და ცენტრშიც. მაგრამ მოხდა ისე, რომ მოდიოდნენ ხელმომწერები, თვითონ თხოულობდნენ ფურცლებს - მეზობლებს, ნათესავებს მოვაწერინებთ ხელსო. მართლაც, რიგები დგებოდა - მოსახლეობას თვითონ მოჰქონდა ხელმოწერები. ხშირად ბევრი ხელმოწერა არასწორად იყო გაფორმებული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინა საზოგადოებამ.”
ენთუზიაზმი, მართლაც, დიდი იყო: აუცილებელი 200 ათასი ხელმოწერის ნაცვლად, რეფერენდუმის საორგანიზაციო ჯგუფმა 287 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. როგორც ნანა კაკაბაძე იხსენებს, ხელმოწერების შეგროვების თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური თბილისელები იყვნენ.
[ჟურნალისტის ხმა] ”პოლიტიკურ პარტიებთან თუ გქონდათ კონსულტაციები?”
[ნანა კაკაბაძის ხმა] ”არც ერთი პოლიტიკური პარტია არ იყო ამის მომხრე. არც ერთი პოლიტიკური პარტია - ჩემდა სამწუხაროდ. არც ოპოზიციამ - იმდროინდელმა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია - არ გაიზიარა ეს და თქვა, რომ - მაგალითად, მახსოვს გიგა ბოკერიას აზრი, რომ, შესაძლოა, ეს გასაკეთებელია, მაგრამ ამ ხელისუფლების ხელში არ უნდა გაკეთდეს. როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, მერე შეიძლება ამაზე ფიქრიო.” (სტილი დაცულია)
სხვაგვარად ფიქრობდა ამომრჩეველი: 2003 წლის 2 ნოემბრის დღეს საარჩევნო უბნებში მისულმა პრაქტიკულად ყველა ადამიანმა მხარი დაუჭირა პარლამენტართა რაოდენობის შეცვლას.
[ნანა კაკაბაძის ხმა] ”ერთადერთი, იყო ბიულეტენები გაუქმებული იმის გამო, რომ წარწერები იყო გაკეთებული: ზოგან ეწერა, ეს პარლამენტი საერთოდ უნდა გაიყაროსო; ზოგს - რატომ 150 და არა 15-იო. იყო წარწერები: გენაცვალეთ ამის ორგანიზატორებს. - ასეთი ბიულეტენები გაუქმდა, თორემ დანარჩენი იყო აბსოლუტური უმრავლესობით. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნები გაუქმდა და დარჩნენ მაჟორიტარები, რაც, ჩემი აზრით, აბსურდია, რეფერენდუმთან დაკავშირებით ვერაფერი ვერ ქნეს.”
რეფერენდუმის შედეგები კონსტიტუციაში აისახა. 2008 წელს ჩვენ ყველანი, 235 დეპუტატის ნაცვლად, 150-ს ავირჩევთ.
თამარ ჩიქოვანი “რადიო თავისუფლებისათვის”, თბილისი.
[მუსიკა]
ევროპელი არქიტექტორები თბილისში - მაია მანიას ფოტოგამოფენა
წამყვანი:
”თბილისი იანუსივით ორსახოვანი ქალაქია, ერთის მხრივ აზიურია, მეორეს მხრივ კი ევროპული” - ეს სიტყვები მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ერთ ქართველ პუბლიცისტს ეკუთვნის. სამწუხაროდ, აზიური თბილისის ხუროთმოძღვართა სახელები ნაკლებად არის შემორჩენილი. ევროპული სახის თბილისის ავტორთა ვინაობა კი მეტნაკლებად ცნობილია. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარმა მაია მანიამ რამდენიმე წელი შეალია ევროპელი არქიტექტორების თბილისური ნაკვალევის საგულდაგულო კვლევა-ძიებას. მისი ნაღვაწის შემაჯამებელი ფოტო-გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღეა გაიხსნა თბილისის ისტორიის მუზეუმ-ქარვასლაში. ამ გამოფენის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს.
ალექსანდრე ელისაშვილი:
ჯოვანი სკუდიერი, ჯუზეპე ბერნარდაჩი, ოტო იაკობ სიმონსონი, ალბერტ ზალცმანი, ლეოპოლდ ბილფელდი, ალექსანდრ შიმკევიჩი, ვიქტორ შრეტერი, პაულ შტერნი, ფერდინანდ ლემკული, იოჰან დიცმანი, სტეფან კრიჩინსკი... მთაწმინდა, სოლოლაკი, რუსთაველის გამზირი, ზემელი, ვერა, ჩუღურეთი, კუკია, ავლაბარი...
ჩამოთვლილი სახელები, გვარები და თბილისის უბნები პირადაპირ უკავშირდება ერთმანეთს. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველ რიგში სწორედ იტალიელი, შვეიცარიელი, შვედი, ფრანგი, პოლონელი, გერმანელი და რუსი არქიტექტორები ქმნიდნენ ევროპული თბილისის იერსახეს. ახლა ეს იერსახე თანდათან ფერმკრთალდება, ხშირად ნადგურდება, ინგრევა, მათ შემოქმედთა სახელები კი ყველას ავიწყდება. მაგრამ თბილისის ევროპული არქიტექტურული მემკვიდრეობა და ევროპული წარმოშობის არქიტექტორები არ ავიწყდებათ დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მკვლევრებს.
ერთ-ერთი მათგანია მაია მანია, რომელიც ამ საკითხზე უკვე 7 წელიწადზე მეტია მუშაობს. ქალბატონმა მაიამ ეს წლები არქივებში მუშაობას, თითოეული არქიტექტორის ბიოგრაფიისა და თბილისში აგებული საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობების დეტალურ შესწავლას შეალია. საბოლოოდ კი, ევროკავშირის მხარდაჭერით, გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი წიგნი გამოსცა და თბილისის ისტორიის მუზეუმ-ქარვასლაში ფოტოგამოფენაც მოაწყო. ”ევროპელი არქიტექტორები თბილისში” - ასე ჰქვია წიგნსაც და გამოფენასაც. მუზეუმის კურატორი ლიკა მამაცაშვილი მაია მანიას წიგნს თბილისის არტიტექტურის ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაშრომად მიიჩნევს:
[ლიკა მამაცაშვილის ხმა] ”წიგნი არის, შემიძლია ვთქვა, სახელმძღვანელო. თუ ვინმეს დააინტერესებს, რომელი სახლი ვინ ააშენა, როდის ააშენა, როგორ ააშენა, სულ ყველაფერი არის წარმოდგენილი ქალბატონი მაიას წიგნში, რომელსაც ჰქვია ”ევროპელი არქიტექტორები თბილისში.”
თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში დილაადრიანად მისულებს ერთი ქალბატონი დაგვხვდა. მას გამოფენით დაინტერესების მიზეზზე ვკითხეთ:
[ლალი იაშვილის ხმა] ”რომ ვუყურებ ამ არაჩვეულებრივ შენობებს, რომლებისგანაც ნახევარი მგონი აღარც არის და ხედავთ აგერ რა დღეშია... და ამის ნაცვლად შენდება სულ სხვა, სულ სხვა, რომ ვიღებთ, ძალიან გული მწყდება.”
განათლებით ბიოლოგი, თბილისზე შეყვარებული ლალი იაშვილი გამოგვიტყდა, რომ მისთვის გამოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე შენობა და მისი არქიტექტორის ვინაობა ნამდვილი აღმოჩენა იყო. ქალბატონმა ლალიმ გულისტკივილიც გაგვიზიარა თბილისისადმი თანამედროვე ქართველი არქიტექტორების დამოკიდებულების გამო:
[ლალი იაშვილის ხმა] ”გული მწყდება, აგერ უცხოელი არქიტექტორები არიან და როგორი რუდუნებით ეკიდებოდნენ საკითხს, როგორ არჩევდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ თბილისი კიდევ უფრო წარმოჩენილიყო, მისი ულამაზესი ლანდშაფტი არ დამახინჯებულიყო და ჩვენ ეხლა, ქართველი არქიტექტორები, რას ვაკეთებთ, არ ვიცი.”
თბილისის ისტორიის მუზეუმიდან დიდი შთაბეჭდილებით წამოსულებს რამდენიმე დღის მანძილზე ერთი უხერხულობა გველოდა. საქმე ის არის, რომ გამოფენის ავტორი მაია მანია იმაზე დაკავებული ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. რამდენიმედღიანი ძალისხმევის მიუხედავად, მასთან რამდენიმეწუთიანი ინტერვიუს ჩაწერა ვერა და ვერ მოვახერხეთ, მათ შორის ვერც სატელეფონო ინტერვიუსი. ამდენად, ამ რეპორტაჟში გამოფენის ავტორის თვალსაზრისს ვერ წარმოგიდგენთ, თუმცა ეს ალბათ მთავარი არ არის. მთავარი ისაა, რომ თბილისში მოღვაწე ევროპელ არქიტექტორთა შესახებ კომპეტენტური ინფორმაციის მოპოვება ახლა უკვე ერთი წიგნის მეშვეობითაა შესაძლებელი. ფოტოგამოფენის დათვალიერება კი თბილისში მყოფ ნებისმიერ ადამიანს კიდევ ერთი კვირის მანძილზე შეუძლია.
ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო "თავისუფლება", თბილისი.
[მუსიკა]
რით გააკვირვა ატენის სიონმა გერმანელი პროფესორები?
წამყვანი:
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ატენის სიონმა გააოცა. მათთვის ჯერჯერობით კვლავაც ამოუხსნელად რჩება მე-11 საუკუნის ფრესკების საიდუმლო. ჯერ ისევ მრავალი შეკითხვა უკავშირდება უნიკალური კედლის მხატვრობის ტექნიკასა და გამოყენებულ მასალებს. როგორ მოხვდნენ გერმანელი პროფესორები საქართველოში და რა მიზანს ისახავს ქართულ-გერმანული პროექტი, რომელსაც გერმანელები აფინანსებენ? ამის შესახებ ლელა კუნჭულია მოგითხრობთ:
ლელა კუნჭულია:
მე-7 საუკუნის უნიკალურ ძეგლზე, ატენის სიონზე, მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური უკვე ძალიან დიდი ხანია ფიქრობს:
(მერაბ ბუჩუკურის ხმა) ”ეს არის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ძეგლი საქართველოში, თავისი ეპიგრაფიკული ნიმუშებით. აქ არის აუარებელი წარწერები, ისტორიული წარწერები. ერთ-ერთი წარწერა, ცნობილი წარწერა, ბუღა თურქის მიერ თბილისის გადაწვას ეხება - მითითებულია თვე, რიცხვი, დღე. ასეთი ბევრია. არის რამდენიმეენოვანი წარწერა: ებრაულ-ბერძნულ-არაბულ-სპარსული, რუსულიც კი. ერთ-ერთი უადრეულესი რუსული წარწერა არის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს თვითონ არქიტექტურაა ძალიან საინტერესო. ასევე საინტერესოა ფრესკები - პირველხარისხოვანი.” (სტილი დაცულია)
საპატრიარქოს სარესტავრაციო დეპარტამენტმა, რომლის ხელმძღვანელიც სწორედ მერაბ ბუჩუკური გახლავთ, თავდაპირველად დახმარებისთვის ამერიკის საელჩოს მიმართა და ამ გზით გადაუდებელი სამუშაოებისთვის გარკვეული თანხაც მოიძია:
(მერაბ ბუჩუკურის ხმა) ”ეს ეკლესია აშენებული არის ხელოვნურად მომზადებულ ბაქანზე. ეს არის სწორედ ის სუბსტრაქცია, რომელიც იშლებოდა, საფუძველი იშლებოდა - საფუძვლის, აი, გარე პერიმეტრი - და ამერიკელებმა სწორედ ეს დააფინანსეს.” (სტილი დაცულია)
ამერიკელებს მალე ევროპელებიც შეუერთდებიან. გერმანელი სპონსორები მერაბ ბუჩუკურმა მეგობრის, ლალი ჩხუმიანის, დახმარებით თითქმის შემთხვევით აღმოაჩინა. ბელგიაში მცხოვრებმა გერმანელებმა თავდაპირველად ატენის სიონის ფრესკის ერთი ფრაგმენტის - ანგელოზის - რესტავრაცია მოისურვეს. თუმცა მას შემდეგ, რაც მხატვარ-რესტავრატორმა აუხსნა, ეს შეუძლებელიაო, სპონსორებმა მას უფრო მასშტაბური პროექტის მომზადება შესთავაზეს. პროექტი, მართლაც, დამუშავდა და მისი პრეზენტაცია შედგა გერმანიაში, მერაბ ბუჩუკურის კიდევ ერთი მეგობრის, მარიკა ლაფაურის, დახმარებით. პარალელურად, ქართველი, რომელიც უკვე 17 წელიწადია გერმანიაში ცხოვრობს და გერმანულ-კავკასიურ საზოგადოება ”ლილეს” აქტიური საქმიანობით არის დაკავებული, პროექტით დაინტერესებული უცხოელების გამალებულ ძებნას შეუდგა. მართალია, მარიკა ლაფაურის კონტაქტები ძალიან ბევრის საშუალებას იძლევა, მაგრამ საჭირო სპეციალისტების მოძებნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს:
(მარიკა ლაფაურის ხმა) ”ბევრი რეკვა, ძებნა სჭირდება... იმიტომ რომ ეს პროფესორები კი ბევრნი არიან, მაგრამ ჩვენ ყველა არ გამოგვადგება. თანხების და პროფესიონალიზმის გარდა (საერთოდ, ეს ისეთი საქმე არის, რომ...), ამას აღფრთოვანება და გულიც სჭირდება.” (სტილი დაცულია)
ორჯერვე სწორედ გულით ჩამოვიდა საქართველოში მარიკა ლაფაურის მიერ დიდი შრომის შედეგად აღმოჩენილი ერვინ ემერლინგი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ატენის სიონმა, მართლაც, გააოცა:
(ერვინ ემერლინგის ხმა) ”ვიცოდი, რომ აქ ფანტასტიკური ეკლესიები იყო, მაგრამ, მართლაც, სულ სხვაა, როდესაც ამ საოცრებებს რეალობაში ნახავ. ის, რაც ატენის სიონში ვნახეთ, - თაბაშირზე შესრულებული ფრესკები, - მართლაც, უჩვეულო და საინტერესოა. გამოსაკვლევია ეს უნიკალური ტექნიკა და არის თუ არა ის დამახასიათებელი მხოლოდ ატენისთვის. ამისათვის სხვა ეკლესიებთან შედარებაა საჭირო... და კიდევ, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ მასალები, რომლებიც სარესტავრაციოდ უნდა გამოვიყენოთ. რამდენადაც ვიცი, მხატვრობა თაბაშირზე უჩვეულო იყო იმხანად... მათ შორის - საქართველოსთვისაც.”
როგორც მერაბ ბუჩუკური ამბობს, თაბაშირზე შესრულებული კედლის მხატვრობა უიშვიათესი მოვლენაა და მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ნიმუშს თუ აღმოაჩენს ადამიანი. სწორედ ამიტომ, ასეთი ძეგლების რესტავრაცია ხანგრძლივ მოსამზადებელ სამუშაოებს საჭიროებს. კარგად მოსაფიქრებელი და გასათვლელია ყოველი ნიუანსი. ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაიყაროს:
(მერაბ ბუჩუკურის ხმა) ”თაბაშირი კი არის, მაგრამ თაბაშირის გამოწვის ხარისხზეა მისი სიმკვრივე - არ შეიძლება ორიგინალზე მკვრივი იყოს, რითაც ამაგრებ. დააზიანებს, ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ მისი გაფართოების კოეფიციენტები და სხვა და სხვა... დროთა განმავლობაში, ეს თავის საქმეს ვერ გააკეთებს. უნდა ავიღოთ ნიმუშები და ლაბორატორიებში უნდა დადგინდეს, რა გრადუსზე იყო გამომწვარი ის თაბაშირი, რა შემავსებლებს შეიცავს. სულ ცოტა, 10 ნიმუში მაინც უნდა გაკეთდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა გარკვეულ სამუშაოში გამოყენებულ მასალას უნდა კვლევა - რამდენად გაამართლებს. იმიტომ რომ ეს სხვანაირად იწოვს ფერს, მჟავების მოქმედება სხვანაირია, ფერის გამაგრება სხვა არის და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)
ამ საქმეში საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიები ჩაერთვებიან და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ფრესკების რესტავრაციის დაწყება მომავალი წლის შემოდგომაზე გახდება შესაძლებელი. თუმცა მანამდე ასევე ჩასატარებელია სერიოზული საინჟინრო კვლევები და სამუშაოები. ატენის სიონი ამ მხრივაც საიმედო ხელშია. ისტორიული ნაგებობების მკვლევარი, კონსტრუქტორ-ინჟინერი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი რაინერ ბარტელი საქართველოში ერვინ ემერლინგის ნაამბობმა ჩამოიყვანა:
(რაინერ ბარტელის ხმა) ”ერთხელ მან მითხრა, რომ საქართველოში ერთი საოცრად საინტერესო ეკლესია იცის, რომელსაც საინჟინრო პრობლემებიც აქვს. მკითხა - ხომ არ წამოხვალო? მე საქართველო ძალიან მაინტერესებს და ამიტომ მალევე დავთანხმდი. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ატენის სიონის აღსადგენი ფრესკებისთვის საიმედო, მყარი ბაზა შეიქმნას. როდესაც ასეთ ღირებულ მხატვრობაზეა საუბარი, უპირველეს ყოვლისა, დაცული უნდა იყოს მისი უსაფრთხოება.”
სარესტავრაციო სამუშაოები ატენის სიონის სამხრეთ აბსიდით დაიწყება. მარიკა ლაფაურს და მერაბ ბუჩუკურს იმედი აქვთ, რომ ამასობაში ატენის სიონის დახმარების მსურველი კიდევ არაერთი სპონსორი გამოჩნდება და ძეგლის სრულყოფილად აღდგენა გახდება შესაძლებელი. და ეს კიდევ უფრო ადვილი იქნება მას შემდეგ, რაც გერმანელი პროფესორები თაბაშირზე მოხატული ფრესკების საიდუმლოს გაახმაურებენ.
ლელა კუნჭულია “რადიო თავისუფლებისთვის”, თბილისი.
[მუსიკა]
“ბორატი” და მისი ფილმი
წამყვანი:
დიდი ინტერესი, ფართო გამოხმაურება, ცხარე დისკუსიები - ყოველივე ეს გამოიწვია ფილმმა, რომელზეც, თამამად შეიძლება ითქვას, დღე არ გავა, დასავლეთის მედიაში რამე არ ითქვას, ან არ დაიწეროს. რატომ - ახლა მოგიყვებით...
[მუსიკა]
“ბორატი - ამერიკის კულტურის შესწავლა ყაზახეთის დიდებული ერის სასარგებლოდ” - დაახლოებით ასე, უხეირო ქართულით შეიძლება ითარგმნოს უხიეროვე (შეგნებულად უხეირო!) ინგლისურ ენაზე შეთხზული სახელწოდება ფილმისა, რომელმაც - მას შემდეგ, რაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია კანის, ტორონტოს, ლონდონის კინოფესტივალებზე - აუკვე აშშ-ის კინოეკრანებსაც მოევლინა. ფილმის პროტაგონისტია ბორატი - ყაზახი ტელერეპორტიორი - ბრიტანელი კომიკოსის, საშა ბარონ კოენის მიერ გამოგონილი პერსონაჟი და მის ამერიკულ ოდისეას, რომელიც ზემოხსენებულ ფილმშია ასახული, ბევრი მიიჩნევს უგემოვნო, რასისტულ, სექსისტურ, დისკრიმინაციულ პრიმიტივიზმად. თუმცა, ბორატს მრავალი თაყვანისმცემელიც ჰყავს: ყაზახი ჟურნალისტის შეკითხვებს, ჩვეულებრივ, რიგით ამერიკელებს რომ უსვამს, სოკრატეს დიალოგებს ადარებენ, აქებენ ამერიკელებში ფარული რასიზმის, ცრურწმენის და იზოლაციონიზმის გამოაშკარავებისთვის.
მაინც, ვინ არის კაცი, რომელიც ასეთ მკვეთრ, ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქციებს იწვევს? მოუსმინეთ ოქროპირ რუხაძეს.
ოქროპირ რუხაძე:
საშა ბარონ კოენი, როგორც უკვე ითქვა, ბრიტანელი კომიკოსი, რომელიც ყაზახ ტელეჟურნალისტს, ბორატს განასახიერებს, ყაზახეთში არასოდეს ყოფილა. იგივე ითქმის ამერიკელთა უმრავლესობაზე - თუმცა, ისინი არათუ არ ყოფილან ყაზახეთში, არამედ არც იციან სად მდებარეობს ეს, მოგეხსენებათ, საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე გადაშლილი ქვეყანა.
ჩვენმა კორესპონდენტმა ნიკოლა კრასტევმა არ დაიზარა და ბლიც-გამოკითხვა ჩაატარა ნიუ-იორკის ქუჩებში, რათა ყაზახეთზე გამვლელთა ინფორმირებულობის ხარისხი შეემოწმებინა. პასუხები ასეთი მიიღო:
- ყაზახეთი? სადღაც რუსეთში უნდა იყოს, არა? მეტი არაფერი ვიცი.
- ყაზახეთზე ცუდი არაფერი მსმენია.
- ახლა ვერაფერს გეტყვით, მეჩქარება!
- ეს ერთ-ერთი “სტანია” - თურქესტანი, კაზ...
- სადღაც აღმოსავლეთ ევროპაშია?
ასეთია წარმოდგენა, რომელიც ნიუ-იორკელებშია გავრცელებული ყაზახეთის შესახებ.
ახლა კი რაც შეეხება ყაზახეთს, რომელსაც ბრიტანელი კომიკოსი თავის ფილმში ასახავს - ანუ “ბორატის ყაზახეთს”: მისი მკვიდრნი ცხენის შარდს მიირთმევენ, დიდის ენთუზიაზმით მონაწილეობენ ზეიმში სახელწოედბით “ებრაელთა დევნა” და ადამიანის რძის ყველს ამზადებენ.
უნდა ითქვას, რომ ბორატი არც ამერიკელებს ინდობს. შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას ის ესაუბრება რიგით მოქალაქეებს - მათ უბრალოდ ატყუებს: არწმუნებს, რომ ყაზახეთის ტელევიზიისთვის იღებს რეპორტაჟს და საამისოდ ამერიკელებთან ინტერვიუებიც უნდა ჩაწეროს. ფილმში იხილავთ ეპიზოდს, როცა ბორატი ხალხით სავსე სტადიონზე ხელთ იგდებს მიკროფონს და ხოტბას ასხამს ამერიკელებს, ბოლოს კი დასძენს - “დაე, თქვენმა მხედართმთავარმა, ჯორჯ ბუშმა მრავლად დახოცოს ტერორისტი მამაკაცები, ქალები და ბავშვები, დალიოს მათი სისხლიო”.
ახლა კი ბორატის ხმასაც მოგასმენინებთ - ოღონდ ნაწყვეტს ფილმის სარეკლამო კლიპიდან. ბრიტანელი კომიკოსი შეგნებულად დამახინჯებულ ენას იყენებს: [სარეკლამო კლიპი]
“გთხოვთ, ფილმს უყურეთო” - გვთხოვს ბორატი და მართლაც, მის კინო-თავგადასავალს დიდ კომერციულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ისიც ნათელია, რომ ბრიტანელი კომიკოსის პროვოკაციები (ესთეტიკურ პრინციპად გადაქცეული უგემოვნობა) ყველაზე მწვავე რეაქციას ყაზახეთში იწვევს. რა რეაქციას - მოისმენთ პრეზიდენტ ნაზარბაევის პრეს-მდივნის, რომან ვასილენკოსაგან. საინტერესოა, რომ მისი განმარტებით, მთავრობა მხოლოდ თავდაპირველად იყო აღშფოთებული ბორატის გამოხდომებით. [რომან ვასილენკოს ხმა] “რეაქცია შეიცვალა, და შეიცვალა იმიტომ, რომ ოფიციალურმა პირებმა უკეთ ამოიცნეს ბორატის ხასიათი. ვგულისხმობ იმას, რომ იმ ადამიანების წარმოდგენა ყაზახეთზე, ვინც ეს ფილმი ნახა, სრულიად განსხვავდება იმათ წარმოდგენისაგან, ვისაც ყაზახეთზე მხოლოდ გაკვრით თუ სმენია. სულ უფრო მეტი ადამიანი იგებს, რაზეა ეს ფილმი, იგებს, რომ საქმე ეხება სატირას და პირველ ყოვლისა სატირას, რომელიც მიმართულია არა ყაზახეთის, არამედ სულ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ყაზახეთი, პრინციპში, მხოლოდ შემოქმედებითი ხრიკია”.
ამდენად, ყაზახეთი ბორატს ერთგვარ რეკლამასაც კი უნდა უმადლოდეს. თუმცა ასტანაში მაინც საჭიროდ ჩათვალეს დიდი ფულის გაღება საზღვარგარეთ ყაზახეთის პოზიტიური იმიჯის გასავრცელებლად: მთავრობა სპეციალურ რეკლამებს ათავსებს ამერიკისა და ევროპის წამყვან გაზეთებში, რათა თანამედროვე ცივილიზაციის ღირსეულ წევრად წარმოსახოს ყაზახეთი.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - სხვათა შორის პრეზიდენტ ნაზარბაევის სიძემ, რახატ ალიევმა ბორატი ყაზახეთში მიიწვია: “ნახეთ, სინამდვილეში როგორია ჩვენი ქვეყანაო!¨
ყაზახეთი კი - მის მკვიდრთა რწმენით - ძირეულად განსხვავდება ქვეყნისაგან, რომელზეც ბრიტანელი კომიკოსის პერსონაჟი უყვება ამერიკელებს. [ყაზახი სტუდენტის ხმა] “ის არასოდეს ყოფილა ყაზახეთში და არც არაფერი ესაქმება ყაზახეთთან, ის შეურაცხყოფს ყაზახეთს და მის ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ საქმე მხოლოდ სატირას არ ეხება”, - ასე ფიქრობს ერთ-ერთი ალმა-ატელი სტუდენტი. და არა მარტო ის - ბორატის სატირაზე.
[ყაზახი სტუდენტი გოგონას ხმა] “ის ყაზახებს ველურ ერად წარმოსახავს. რასაკვირველია, შეიძლება ამას უყურო, როგორც შოუს. მაგრამ შოუ სხვა რამეა. ის რასაც ამბობს, ეყრდნობა ყურმოკრულ ინფორმაციას, აქ ხომ არასდროს ყოფილა. შეიძლება ინფორმაცია იყოს სწორიც და არასწორიც. მაგრამ ვფიქრობ, არ არის სწორი, რომ ჩვენ შესახებ მსოფლიოს ტყუილებს უყვები. ამას ბოლო უნდა მოეღოს.”
ასეთი განწყობის ფონზე, ბუნებრივია, თავს იჩენს შეკითხვა - აჩვენებენ თუ არა ბორატის ფილმს ყაზახეთში? პრეზიდენტის პრეს-მდივანი არაფერს გამორიცხავს. მისი თქმით, კერძო სადისტრიბუციო კომპანიები გადაწყვეტენ, უღირთ თუ არა ფილმის ჩვენება. ყაზახეთის კულტურის სამინისტრო ამ საქმეში ჩარევას არ აპირებს.
და, კაცმა რომ თქვას, ბორატის ფილმში ყველაზე ცუდ შთაბეჭდილებას გროტესკული პროტაგონისტი კი არ ტოვებს, არამედ მისი მიერ გამოკითხული მავანი ამერიკელი: ჰომოსექსუალთა მოძულე კავბოები, თუ სამხრეთი შტატების რასისტული ბურჟუაზია. მათი პრიმიტიულობა და გაუნათლებლობა დოკუმენტურ კადრებზეა ასახული.
ბორატი მხოლოდ შეკითხვებს სვამს. მაგალითად ასეთს - “ეს მანქანა ბევრ ბოშას რომ დაეჯახოს, მანქანა თუ დაზიანდება?” შუა ხნის ამერიკელი მთელის რაიოცნალურობით პასუხობს: “გააჩნია, რა სისწრაფით დაეჯახებაო...”
წამყვანი:
“ნახეთ ამერიკის ნამდვილი სახე” - გვეპატიჟება ფილმის სარეკლამო კლიპში ბორატი. ფილმს, სავარაუდოდ, მართლაც ძალიან ბევრი მაყურებელი ეყოლება - თუ ეს საქართველოშიც მოხდა, ბორატის ფენომენს ჩვენს გადაცემაში კიდევ დავუბრუნდებით. ახლა კი დროა დაგემშვიდობოთ: “მეათე სტუდია”, ყოველკვირელუი რადიოჟურნალი დასრულდა, ხმის რეჟისორის პულტთან მუშაობდა პრაღაში იულია საიკო, თბილისში კი ლევან გვარამაძე. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვებოდა.