Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად დემოკრატიული და მისაღებია სატელეფონო საუბრების კონფიდენციალობის შეზღუდვა?


საქართველოში სატელეფონო საუბრების მოსმენა და ფარული ვიდეოჩანაწერების გაკეთება საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.

დამოუკიდებელი ტელეარხებიც შეუზღუდავად ავრცელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ მასალას, რომლის მოსაპოვებლად ოპერატიულ ორგანოებს სასამართლოს დადგენილებაც აღარ სჭირდებათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ცოტა ხნის წინ ოპერატიული თვალთვალისა და მოსმენის ობიექტი სახალხო დამცველის რწმუნებული გახდა, საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ საქართველოში ყველა და ყველაფერი ისმინება. რამდენად კანონიერია ასეთი ფარული მოსმენებისა და მათი ტრანსლირების პრაქტიკა? და შესწევს თუ არა საზოგადოებას ძალა, შეცვალოს არსებული რეალობა?

8 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელმა სხდომამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და 14 ნოემბრამდე გადადო განხილვა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელისა, რომლის ავტორები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებას ლახავს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ანა დოლიძის განმარტებით, საქმე ეხება ადამიანის პირადი ცხოვრების, პირადი ჩანაწერის, მიმოწერისა და საუბრის ხელშეუხებლობას, რომლის შეზღუდვის აუცილებლობას, კონსტიტუციის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროებოდა. თუმცა, 2005 წლის 20 აპრილს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონში შეტანილი ცვლილებით, უბრალოდ, მოსამართლის ბრძანებაც კი არ არის საჭირო, რომ თქვენ თვალთვალისა და მოსმენის ობიექტი გახდეთ, უთხრა ანა დოლიძემ რადიო "თავისუფლებას":

[ანა დოლიძის ხმა] "ჩვენი კანონი ნებას რთავს პოლიციას, რომ მოუსმინოს ჩვენს სატელეფონო საუბრებს მოსამართლის ბრძანების გარეშე. მაგალითად, თუ ერთ-ერთი მოსაუბრე თანახმაა, შეუძლიათ მეორის საუბარიც ჩაიწერონ. თუ დანაშაული, რომელიც მზადდება, საკმაოდ მძიმეა( რაც ზოგადი ფორმულირებაა), მოსამართლის ბრძანება საჭირო არ არის. - ეს პირდაპირ შეუსაბამოა, პირველ რიგში, კონსტიტუციასთან და, მეორე რიგში, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის პრინციპებთან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს სამოსამართლო კონტროლს ჩვენი პირადი ცხოვრების ამგვარი დარღვევების შემთხვევებზე." [სტილი დაცულია]

მაგრამ თანდათანობით ფარული ჩანაწერების ამ გზით მოპოვება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მათი გავრცელება, რაც, ანა დოლიძის თქმით, ცალკე აღებულ დანაშაულსა და კომუნისტურ გადმონაშთს წარმოადგენს, საქართველოში უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. თანაც, ფარულ მოსმენას აწარმოებენ არა ოპერატიულ-სამძებრო სტრუქტურები, არამედ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების მესვეურები, როგორც მოხდა ამ ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის რწმუნებულის სატელეფონო საუბრის შემთხვევაში. თუმცა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, იურისტი ნიკა გვარამია საკითხის ასე დასმას არასწორად მიიჩნევს:

[ნიკა გვარამიას ხმა] "არა, პენიტენციალური სისტემის თანამშრომელი უსმენდა, ამით მე არ დავიწყებდი. თქვენს ადილზე მე დავიწყებდი იმით, რაც გააკეთა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა. მან მოახდინა დანაშაულის პროვოცირება. და მე ყველას შევახსენებდი, რომ ის არ არის ოპერატიული ორგანოს თანამშრომელი, რომ ესეთი ტიპის ღონისძიებები დაგეგემოს. ეს აბსოლუტურად გაუგებარი და გაუგონარი ფაქტია ნამდვილად და სახალხო დამცველის რეაქცია იყო სრულიად არაადეკვატური." [სტილი დაცულია]

საუბრების კონფიდენციალობის შეზღუდვას, კანონის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარად უყურებენ რიგითი ადამიანები. უმრავლესობას მიაჩნია, რომ სატელეფონო საუბრების მოსმენა და ფარული გადაღებების პრაქტიკა მიუღებელია ცივილიზებული ქვეყნებისათვის, უმცირესობა კი მიესალმება ასეთ ზომებს, თუკი იგი ხელს უწყობს უფრო მეტი დანაშაულის თავიდან აცილებას:

[სტუდენტი გოგონების ხმები] "ჩემი აზრით, არ შეიძლება, არ არის კარგი."/ "ჩემი აზრითაც."/ "შეიძლება რომ გამოვიყენოთ, მაგრამ შეგრძნება, რომ სულ გისმენენ და, ვაიმე, არსად არაფერი ვთქვა ისეთი, რომ... ანუ შიშის გრძნობა არ უნდა იყოს." [სტილი დაცულია]

[კორესპონდენტის ხმა] "და თქვენ ფიქრობთ, რომ შიშის გრძნობა გაჩნდა ამ ბოლო დროს?"

[სტუდენტი გოგონები] "კი, კი, ჩემი აზრით, კი."/ "ბევრი რამის სინდრომი გაჩნდა, მარტო შიშის არა"/ "შიშის უფრო არა, უფრო ფრთხილობენ, რა."/"ეგ გამოხატავს შიშსაც, მერე."

ფარული მოსმენებით და ფარული ვიდეოკადრების ტელეეკრანებიდან ხშირი ტრანსლირებით საზოგადოებაში გარკვეული შიშის სინდრომი რომ გაჩნდა, ეს თბილისის ქუჩებში ჩემ მიერ ჩატარებულმა ბლიცგამოკითხვამაც ცხადყო. ჩემმა რესპონდენტმა სტუდენტმა გოგონებმა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს სწორედ სიფრთხილის გამო, სწორედ იმისათვის, რომ მომავალში ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG