Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარდების რევოლუციის მესამე წლისთავი საქართველოში


საქართველო ვარდების რევოლუციის მესამე წლისთავს აღნიშნავს. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული შედეგებით აღშფოთებული ხალხი აღელდა, ქუჩაში გამოვიდა, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას დაუპირისპირდა და მღელვარე პროცესი ვარდების რევოლუციით დააგვირგვინა.


როგორ იხსენებენ 3 წლის წინანდელ მოვლენებს ვარდების რევოლუციის ეპიცენტრში მდგომი ადამიანები, გაუძლო თუ არა ემოციებმა დროს და რა არის ის, რაც არავისთვის შეცვლილა?

(ედუარდ შევარდნაძის ხმა) ”კორესპონდენტები: სად მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო?/ ედუარდ შევარდნაძე: სახლში...” (სტილი დაცულია)

ვიდრე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თავის ახალ მარშრუტს განსაზღვრავდა და 2003 წლის 23 ნოემბერს, არც მეტი და არც ნაკლები, სახლში წავიდოდა, ქუჩაში გამოსულმა და ძალიან აღელვებულმა საქართველოს მოქალაქეებმა შემოდგომის არაერთი ცივი დღე და უძილო ღამე გადაიტანეს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ლამის მთელი საქართველო იდგა. ახალციხელი გია ანდღულაძე თბილისში 22 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის კულმინაციის დღეს, ჩამოვიდა:

(გია ანდღულაძის ხმა) ”4 თუ 5 მანქანა (სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები) გავედით ახალციხიდან და ხაშურში უკვე, დაახლოებით, ორმოცდაათ მანქანაზე მეტი იყო. ძალიან ბევრი გვიერთდებოდა, ატრიალებდა მანქანას. იქვე, რაღაც სპონტანურად ხდებოდა მარშრუტკების გაჩერება, სხდებოდნენ იმ მანქანაში და მოგვყვებოდნენ უკან.” (სტილი დაცულია)

დედაქალაქში ჩამოსული ანდღულაძე სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან სწორედ მაშინ მოხვდა, როდესაც დაღმართზე წამოსულმა ნიაღვარმა ხალხში პანიკა გამოიწვია:

(გია ანდღულაძის ხმა) ”გვეგონა, რომ დაიქცა ბენზინი. იყო ძალიან ისეთი შეძახილები, რომ: ჩააქრეთ სიგარეტები, არ მოსწიოთ, არ აანთოთ... გაირკვა შემდეგ, რომ ჯარისკაცებს გამოუშვიათ სახანძრო მანქანიდან წყალი იმისთვის, რომ ხალხზე არ მიეშვათ წყლის ჭავლი. ხალხი ეხვეოდა ამ ჯარისკაცებს, ეფერებოდა და, აი, უკვე მაშინ მივხვდით, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და, რეალურად... მოხდა ის, რაც მოხდა.” (სტილი დაცულია)

(ისმის ხალხის ხმაური)

ახლა უკვე ყველამ იცის, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრის გადაწყვეტილება მაშინდელი ოპოზიციის ყველაზე გამოკვეთილმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად სპონტანურად მიიღო. სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რომ გაყალბების გზით არჩეულ შევარდნაძის პარლამენტს მუშაობის დაწყება ვერ მოესწრო. სააკაშვილის მოწოდება მაშინვე აიტაცა ხალხმა, რომელმაც (სისხლისღვრის თეორიული საფრთხის მიუხედავად) მასთან ერთად ყველანაირი ბარიერი გადალახა და საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში წითელი ვარდების თანხლებით შეიჭრა. ტრიბუნაზე შევარდნაძე იდგა:

(ედუარდ შევარდნაძის ხმა და მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”შევარდნაძე: სრული მორალური საფუძველი მაქვს... მე, როგორც არ უნდა შემიშალოთ ხელი, ჩემს სათქმელს მაინც ვეტყვი დღევანდელ პარლამენტს. / სააკაშვილი: გადადექი... გადადექი, დაუყოვნებლივ... ” (სტილი დაცულია)

(ისმის ხალხის ხმაური)

ხმაურის, არეულობისა და მცირე შეხლა-შემოხლის ფონზე, ერთი-ორი მუშტი მაშინდელმა ოპოზიციონერმა ელენე თევდორაძემაც იგემა. “აღორძინების” დეპუტატი ქალი მას ორჯერ დაესხა თავს:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”ის ქალი ჩემზე იყო სამჯერ განიერი და სამჯერ მაღალი... ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი იყო, მან გადამეფარა, პრაქტიკულად - დაგვაშორა, რა...” (სტილი დაცულია)

(ისმის სიმღერა)

ვნებათაღელვა სიმღერის ფონზე ჩაცხრა. ედუარდ შევარდნაძე დაცვამ გაიყვანა, დაიფანტნენ მისი დეპუტატებიც. და ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტის ჩაის სვამდა, პარლამენტის შენობის წინ თვალის დახამხამებაში იშლებოდა ასლან აბაშიძის მიერ აჭარიდან ძალით გამოშვებული ხალხის მიტინგი. რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი მოულოდნელი და ერთობ უცნაური მოვლენის მოწმე გახდა:

(დავით ბერძენიშვილის ხმა) ”როგორც კი დამინახეს, თქვეს - აგერ ვართ, ბატონო დავითო... ჩემში დაინახეს რაღაც მშველელი, პატრონი და დაახლოებით 300 კაცი მე შემომყვა დარბაზში.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის დარბაზში შესულმა ბერძენიშვილმა უკვე იცოდა, რომ რევოლუციურ ოპოზიციაში, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა, რესპუბლიკური პარტიისა და კონსერვატიული პარტიის როლი სათანადოდ ვერ განისაზღვრა და გრძნობდა იმასაც, რომ გზები აუცილებლად გაიყოფოდა:

(დავით ბერძენიშვილის ხმა) ” ნოემბრის შუა რიცხვებიდან უკვე სრულიად ნათლად გამოიკვეთა სააკაშვილის მცდელობა - გამიჯვნოდა თავის პოლიტიკურ პარტნიორებს, რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების სახით... და შეიმუშავეს ახალი ფორმულა, გამოიგონეს სამეული. არავითარი სამეული, სააკაშვილის, ბურჯანაძისა და ჟვანიას სახით, მაშინ არ არსებობდა. ეს იყო ხელოვნური პროექტი. სრულიად გასაგები იყო, რომ 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ჟვანიასა და ბურჯანაძის სახით, უფრო თვინიერი პარტნიორები ეყოლებოდა.” (სტილი დაცულია)

დავით ბერძენიშვილის აზრს არ იზიარებს თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან რამიშვილი. ის ამბობს, რომ ისტორიას ”თურმეობითი კილო” არა აქვს და ძნელია იმის მტკიცება, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო. რამიშვილს ვარდების რევოლუციაზე კვლავაც ძველებური წარმოდგენა აქვს:

(ლევან რამიშვილის ხმა) ”ვარდების რევოლუციასთან ერთად დაიწყო ახალი პოლიტიკური ერა. ის, რაც აღმოსავლეთ ევროპაში 80-იანი წლების ბოლოს მოხდა, ჩვენთვის, სამწუხაროდ, 15 წლის დაგვიანებით გახდა შესაძლებელი... მაგრამ ჯერჯერობით ქვეყანა საკმაოდ ენერგიულად ცდილობს, აი, ამ დაკარგული დროის უკან დაბრუნებას და საკმაოდ დინამიურად ვითარდება.” (სტილი დაცულია)

ვარდების რევოლუციამ, რომელიც ოდნავ მოგვიანებით ერთგვარ საექსპორტო ტექნოლოგიადაც იქცა, უცნაური დაბნეულობის შეგრძნება მოუტანა ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი რევოლუციური ძალის, ”კმარას”, აქტივისტს, ლუკა წულაძეს:

(ლუკა წულაძის ხმა) ”ვმუშაობდით ამდენი ხანი, რომ იმ დღემდე მიგვეღწია, იმ გამარჯვებამდე... ამ გამარჯვების შემდეგ, უცბად დამეუფლა (აი, ძაან მარტივად რომ გითხრა) - ახლა რაღა მოხდება? აი, ახლა რა მოხდება, უკვე გავიმარჯვეთ... (იცინის) ვიცოდი, რაც ... ანუ შემდეგ იწყებოდა ახალი საქართველოს, ახალი ქვეყნის შენება! ის, რაც მოხდა, ის უნდა მომხდარიყო და ეს, ეჭვგარეშეა, ეს კარგია! თუმცა იმის შემდეგ რაღაცეები შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, შეიძლება ცოტა - ცუდად, ცოტა - კარგად... მაგრამ ეს უკვე იმათი ვალია, ვისაც ჩვენ ხმები მივეცით და ჩავაბარეთ ამ ქვეყნის მართვა... ჩვენ უკვე ჩვენს არჩევანს, ასე ვთქვათ, შემდეგ არჩევნებზე გავაკეთებთ.” (სტილი დაცულია)

(ისმის სიმღერა)
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG