Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიღებენ თუ არა მომავალი წლიდან პენსიონრები პენსიებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით


წელიწად-ნახევრის წინ, ოპოზიციის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტთან რამდენჯერმე გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია.

მაშინ საპროტესტო აქციის მონაწილენი - ძირითადად, პენსიონრები -ხელისუფლებისგან პენსიების დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით დანიშვნას მოითხოვდნენ. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პენსიონრებისა და ოპოზიციის მოთხოვნა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების წინ გაიხსენა და თბილისის მუნიციპალიტეტმა თბილისელებს პენსია სტაჟის მიხედვით დაუნიშნა. ხელისუფლება დანარჩენი საქართველოს მოსახლეობასაც იმასვე დაჰპირდა, თუმცა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტში დანაპირები არ ჩანს. მიიღებენ თუ არა მომავალი წლიდან პენსიონრები პენსიებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით?

5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ მმართველი პარტიის კანდიდატმა დედაქალაქის მერის პოსტზე და იმჟამინდელმა მერმა გიგი უგულავამ თბილისელ პენსიონრებს პენსია გაუზარდა ნამსახურებისა და სტაჟის მიხედვით.

[გიგი უგულავას ხმა] ”ანუ ეს რას ნიშნავს, ეს არის, რომ თუ ადამიანს აქვს 0-დან 10 წლამდე სტაჟი, მას მოემატება, სიტყვაზე, 2 ლარი, თუ აქვს 10-დან 20-მდე, იმას 4 და...”(სტილი დაცულია)

მერის ამ გადაწყვეტილებით თბილისელი პენსიონრები უკმაყოფილოები ნამდვილად არ დარჩენილან.

[პენსიონრის ხმა] ”სტაჟი მაქვს 35 წელი და 10 ლარი მომემატა. 10 ლარი ჩემთვის ქუჩაში არ გდია...”

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კმაყოფილი დარჩა დედაქალაქის მერის მიერ გატარებული საპენსიო რეფორმით. სააკაშვილმა მთავრობას უგულავას ინიციატივის მთელ საქართველოში განხორციელება დაავალა.

[სააკაშვილის ხმა] ”ერთ ადამიანს ერთი დღე არ უმუშავია არსად და გვერდზე ჰყავს შრომის ვეტერანი - ორდენებს იღებდა იქ, მადლობებს იღებდა და მერე უცებ, ერთ მშვენიერ დღეს, უთხრეს, რომ შენ, 40 წლიანი სტაჟით, ხარ იგივე, რაც ყოველგვარი სტაჟის მქონე ადამიანი, და სულ არ გვაინტერესებს, ვინ იყავი მანამდე. (სტილი დაცულია)

პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ - შეგახსენებთ, რომ ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე - ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ მუშაობა დაიწყო პენსიონერთა სტაჟის განსაზღვრის პროცედურაზე. მომზადდა შესაბამისი კანონპროექტიც, რომელიც საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა შეიტანა. მიუხედავად ამისა, ვერც ექსპერტებმა და ვერც მმართველი პარტიის ოპოზიციამ 2007 წლის ბიუჯეტის პროექტში საპენსიო რეფორმის დასაფინანსებლად საჭირო თანხა ვერ აღმოაჩინა. “დემოკრატიული ფრონტის” ლიდერის ზვიად ძიძიგურის კომენტარი:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”2007 წლის ცენტრალურ ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამტკიცებს, რომ ის იქ დევს. ჩვენ ვერ დავინახეთ რა რაოდენობის თანხაა ეს, როდიდან დაიწყებენ დიფერენცირებული პენსიების დარიგებას. სანაცვლოდ შემოვიდა მიხეილ მაჭავარიანის კანონპროექტი, რომლის შემოტანის არსი არის ის, რომ ეს პროცესი გააჭიანუროს 2008 წლამდე, ანუ კიდევ წინასაარჩევნო წლამდე და არჩევნების წინ დაიწყონ ამ ნაბიჯების გადადგმა.”(სტილი დაცულია)

ძიძიგურის ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში მაჭავარიანმა საკუთარი კანონპროექტი უკან გაიტანა. მიზეზების გასარკვევად მასთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ანალოგიურად, ვერ მოხერხდა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელთან დაკავშირება. წერეთლის მოადგილემ გოგიტა გეგელაშვილმა კი ასე განმარტა კანონპროექტის უკან გატანის მიზეზები:

[გოგიტა გეგელაშვილის ხმა] ”ვერ ჩამოვყალიბდით როგორ განვსაზღვროთ სტაჟი და დამსახურება. უნდა ჩამოვყალიბდეთ კრიტერიუმებზე. ისე, მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ, თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩაისმება შემდეგი წლის გეგმაში.”(სტილი დაცულია)

სანამ პარლამენტში ჩამოყალიბებას ცდილობენ, რიგითი მოქალაქეები ხელისუფლებას დანაპირებს შეახსენებენ და სთხოვენ პენსიები დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით გასცენ:

[პენსიონერთა ხმა] ”კომუნისტების დროს 571 მანეთი ერთი მქონდა პენსია და 120 მანეთი მეორე მქონდა. დღეს კი 28 ლარზე ვარ მე. ეს არის სამართალი ქვეყანაზე? 38 ლარი მე პურის ფულადაც არ მყოფნის.”

”ნორმალური თანხა პენსიონერისთვის დამსახურების მიხედვით არის და ჩემი დამსახურება თუ იქნება გათვალისწინებული, 60 ლარი მეკუთვნის, 100 თუ არა.”
XS
SM
MD
LG