Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლაპარაკებები ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე


პეკინში განახლდა ექვსი ქვეყნის მონაწილეობით მოლაპარაკებები ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე.

მსგავსი შეხვედრა უკანასკნელად ერთი წლის წინ შედგა. ამავე დროს ესაა პირველი მოლაპარაკებები მას მერე, რაც ჩრდილო კორეამ ორი თვის წინ გამოაცხადა, რომ ბირთვული იარაღი გამოცადა.

პეკინის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება. მოლაპარაკებების დაწყებისთანავე ჩრდილო კორეამ მოთხოვნათა მთელი სია წარმოადგინა ბირთვული პროგრამის შეწყვეტის სანაცვლოდ.

ამის საპასუხოდ შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქრისტოფერ ჰილმა თქვა, რომ ვაშინგტონის მოთმინების ფიალა აივსო.

მაგრამ, ჰილის თქმით, ამავე დროს შეერთებულ შტატებს არა აქვს ამ საკითხისთვის თავის არიდების საშუალება.

შეხვედრისგან, - რომელშიც შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და კორეის ორი სახელმწიფო მონაწილეობენ - დიდ წინსვლას არ მოელიან.

მოლაპარაკებების მიზანია, აიძულოს ჩრდილო კორეა, შეასრულოს 2005 წლის სექტემბერში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციით ნაკისრი ვალდებულებები. ამ დოკუმენტით ფხენიანმა ივალდებულა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

სამხრეთი კორეა მოლაპარაკებებს უფრო ვითარების მოსინჯვის შანსად განიხილავს. არცერთი მხარე არ მოელის სწრაფ წარმატებას.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ფუმიო კიუმამ დღეს ტოკიოში განაცხადა, რომ ჩრდილო კორეა ომისდროინდელ იაპონიას ჩამოჰგავს.

კიუმას ხმა 1808 "სხვა ქვეყნების პოზიციიდან ჩრდილო კორეა ჰგავს მეორე მსოფლიო ომამდელ იაპონიას. მას საფრთხედ მიიჩნევენ და არ ვიცით, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი."

თუკი არავინ მოელის დიდ წარმატებებს, რაღატომ იმართება მოლაპარაკებები?

როგორც კორეის ექსპერტმა დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლიდსის უნივერსიტეტიდან, აიდან ფოსტერ-კარტერმა უთხრა ჩვენს რადიოს, ყველა მხარე, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ არაფერს ჯობია მოლაპარაკებების წარმოება. ჩრდილო კორეის იზოლაციის მცდელობამ აქამდე წარმატება ვერ მოიტანა.

რაც შეეხება თავად ჩრდილო კორეის მოტივაციას, ფხენიანი ზეწოლას განიცდის თავისი უდიდესი სავაჭრო პარტნიორისა და მეზობლის, ჩინეთის მხრიდან. ჩრდილო კორეის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული ჩინეთთან ურთიერთობებზე.

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია კი, როგორც ჩანს, ერაყში ვითარების გაუარესების ფონზე ცდილობს, სხვა სფეროში მაინც მოიპოვოს წარმატება.

ფოსტერ-კარტერის ხმა 1812 "ჩემის აზრით, იმის გამო, რომ ბუშის ადმინისტრაცია ასე დასუსტდა და ჭაობში ჩაეფლო ახლო აღმოსავლეთში, ბუში იწყებს თავის მემკვიდრეობაზე ფიქრს. რაც უნდა თქვათ ჩრდილო კორეის ლიდერ კიმ ჩენ ირზე, ყოველ შემთხვევაში, იგი არ არის ალ-ყაიდა და ვვარაუდობთ, რომ არ არის ისე გადარეული, რომ რამე მიჰყიდოს ალ-ყაიდას, თუნდაც შუამავალთა მეშვეობით. ასე რომ, შესაძლოა ჩრდილო კორეასთან გარიგება მოხერხდეს, მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთში ვითარება ძველებურად ცუდად გამოიყურება."

ფოსტერ-კარტერის თქმით, დიდი პრობლემაა ის, რომ დღესდღეობით ვაშინტონს ჩრდილო კორეასთან მიმართებაში არ მოეპოვება ძლიერი ბერკეტები. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფხენიანზე ჩინეთის გავლენას.

მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩინეთი მაინც და მაინც დიდ ზეწოლას არ ახორციელებს ჩრდილო კორეაზე, ვინაიდან რეჟიმის დესტაბილიზაციის და ჩრდილო კორეელ ლტოლვილთა მოზღვავების ეშინია.

თუმცა, შეერთებულ შტატებს ჩრდილო კორეასთან ურთიერთობებში მაინც მოეპოვება ერთი "თაფლაკვერა", რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა ფხენიანის დასაყოლიებლად. ერთი წლის წინ ვაშინგტონმა თავის პარტნიორებთან ერთად ჩდილო კორეის უცხოურ აქტივებზე ფინანსური ემბარგო დააწესა და მილიონობით დოლარი გაყინა, რამაც თავის დროზე ფხენიანის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც ვარაუდობენ, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია ჩრდილო კორეის წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებენ ამ საკითხის განსახილველად.
XS
SM
MD
LG