Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რეზერვისტთა ახალი პროგრამა ამოქმედდა


დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღის გარდა, 31 მარტი საქართველოს კალენდარში შევა როგორც სავალდებულო სარეზერვო პროგრამის ამოქმედების თარიღი.

შაბათს საქართველოს ერთბაშად სამ ადგილას - სენაკში, თელავსა და მუხროვანში - განლაგებულ ეროვნული გვარდიის ბანაკებში 18 დღიან საწვრთნელ შეკრებაზე 1500 ახალგაზრდა გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ რეზერვისტთა პირველი ნაკადი სტუდენტებისგან არის დაკომპლექტებული, წლის ბოლოს პროგრამაში უკვე სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ჯგუფის ახალგაზრდებს გამოიძახებენ. წლის ბოლომდე კი საქართველოში 20 ათასი რეზერვისტის მომზადება იგეგმება. მინდა უფრო ვრცლად გესაუბროთ იმაზე, თუ რას ითვალისწინებს რეზერვისტთა მომზადების პროგრამა საქართველოში.

რეზერვისტთა ახალი პროგრამით, წვევამდელების გაწვევა 31 მარტს ზუგდიდში დაიწყო და შემდეგ თბილისში გაგრძელდა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურისაგან განსხვავებით, რომლის დასაკომპლექტებლად ხელისუფლებას ჯერ კიდევ უხდება იძულების წესის გამოყენება, 18 დღიანი შეკრების მომზადების დისლოკაციის ადგილებისაკენ ახალგაზრდები სიხარულით მიდიოდნენ.

[ახალგაზრდების ხმა] ”მე მგონია, ყოველი ქართველისთვის, პატრიოტული სულისკვეთებისათვის მართლაც მისაღებია ეს პროგრამა.”

ასეთ ამაღლებულ განწყობას ასაზრდოებს სარეზერვო ბანაკებში არსებული წვრთნისა და ყოფა-ცხოვრების კარგი პირობები და სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების საოცნებო, სანუკვარი პერსპექტივა. საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებით დაკომპლექტებულ რეზერვისტთა პირველ ნაკადს სახელმწიფო ჰპირდება, რომ სწავლის პერიოდში სამჯერ 18 დღიანი მომზადების შემდეგ გაათავისუფლებს მათ წელიწადნახევრიანი სამხედრო ვალდებულებისაგან. თუმცა სტუდენტების საპრეზიდენტო პროგრამა ერთგვარი გამონაკლისია. როგორც ეროვნული გვარდიის სარდალმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, წლის განმავლობაში, სტუდენტების გარდა, სარეზერვო შეკრებას ყველა ფენის წარმომადგენელი მამაკაცი გაივლის.

[სტუდენტების ხმა] ” არა, არ იქნება მარტო სტუდენტობა, იმიტომ რომ კანონში წერია, რომ რეზერვისტი არის ყველა, ვინც მიაღწია ასაკს 27 წლიდან 40 წლამდე და ყველა სტუდენტი ვალდებულია ერთხელ გაიაროს 18 დღიანი შეკრება.”

31 მარტს გაწვეულმა სტუდენტმა რეზერვისტებმა პირველი დღე საველე შეკრების ადგილებში ადაპტაციით დაიწყეს. მათ დაურიგდათ სამხედრო ფორმები და, ათეულებში განთავსებულებს, გააცვნეს უფლებები და მოვალეობები. 1 აპრილიდან კი მათ დაეწყებათ ინტენსიური სწავლების პერიოდი, რომლისგანაც გამოუცდელი რეზერვისტები სასწაულს, რა თქმა უნდა, არ ელოდებიან:

[სტუდენტის ხმა] ”რა თქმა უნდა, 18 დღეში ჩვენ პროფესიონალები ვერ გავხდებით, მაგრამ მეორე 18 დღე, მესამე 18 დღე და - ცოტა რაღაცას მივეჩვევით, ფიზიკური შრომის ფასიც გვეცოდინება და მოვემზადებით ყველანაირად.”

რეზერევისტებისათვის სამხედრო მომზადების პროგრამას მთლიანად საქართველოს ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორები უხელმძღვანელებენ, რომლებმაც კვალიფიკაცია ამერიკის ეროვნული გვარდიის სპეციალისტების დახმარებით აიმაღლეს. რეზერვისტების მომზადების პროგრამა 18 დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მომზადების ელემენტებით, რა თქმა უნდა, მკაცრი სამხედრო დისციპლინის პირობებში, უთხრა რადიო ”თავისუფლებას” ვიცე-პოლკოვნიკმა ჯანჯღავამ:

[ნიკა ჯანჯღავას ხმა] ”იქნება საკმაოდ ინტენსიური სამხედრო-საბრძოლო მომზადება, სადაც გათვალისწინებულია მეცადინეობები საცეცხლე მომზადებაში, ტაქტიკურ მომზადებაში, საინჟინრო მომზადებაში. და ჩვენ გვინდა ამ 18 დღეში მაქსიმალურად ვასწავლოთ ახალგაზრდა კაცებს სამხედრო საქმე.”(სტილი დაცულია)

რეზერვისტთა ნაკადის შემდგომი მომზადება საქართველოში 25 აპრილს დაიწყება. ამ პერიოდისთვის სამ მოსამზადებელ სამხედრო ბაზას მეოთხე, კოჯრის ბაზაც დაემატება. ამ ოთხ ბაზაზე უწყვეტი მოსამზადებელი საწვრთნელი პროცესით, რისთვისაც 30 მილიონი დოლარია გამოყოფილი, ქვეყანამ წლის ბოლომდე 20 ათასი რეზერვისტი უნდა მიიღოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG