Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდა?


საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფის 35 თეთრიდან 51 თეთრამდე გაზრდის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიებისა და მოსახლეობის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ფენები აცხადებენ, რომ ძალიან გაუჭირდებათ გაზის გაზრდილი საფასურის გადახდა. მოსახლეობის ასეთი განწყობა მიზეზად იქცა რამდენიმე საპროტესტო აქციისა, რომლებზეც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საქართველოს მთავრობის გადადგომაც კი მოითხოვეს. რამ გამოიწვია საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფის მატება და შესაძლებელი იყო თუ არა მისი შეჩერება?

ბუნებრივი აირის ახალი საფასურის განსაზღვრიდან მეორე დღეს, 17 აპრილს, რუსეთიდან საქართველოში გაზის იმპორტი შეწყდა. წყვეტით გამოწვეული დეფიციტი აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან საქართველო-აზერბაიჯანის მილსადენით იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის ხარჯზე შეივსება. რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომი” ირწმუნება, რომ მილსადენზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და 2 დღეში ბუნებრივი აირის მიწოდება კვლავ აღდგება. სწორედ რუსეთის ძვირად ღირებული გაზია საქართველოში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის მატების მთავარი მიზეზი.

როგორც ცნობილია, 2006 წელს რუსეთმა საქართველოში იმპორტირებული 1000 კუბური მეტრი გაზის საფასური 110 აშშ დოლარამდე გაზარდა, ახლა კი იგივე მოცულობა 235 დოლარი ღირს. ამ ცვლილების შესაბამისად, მაგალითად თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ”ყაზ-ტრანს-გაზ თბილისი” ბუნებრივი აირის საფასურის 71 თეთრამდე გაზრდას მოითხოვდა.

[გიორგი თავაძის ხმა] ”110 დოლარის შემთხვევაშიც ითხოვდნენ 55 თეთრს, გაძვირებამდე. ახლა, ორჯერ გაძვირების შემთხვევაში, ჩვენ ტარიფი ჩამოვუყვანეთ დაახლოებით 50 თეთრის ფარგლებში.”(სტილი დაცულია)

განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ. 16 აპრილს მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გიორგი თავაძესა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს შორის გაჩაღებული ცხარე კამათი ლამის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, განმარტება:

[გიორგი გუგავას ხმა] ”შეწონილი ტარიფი გამოვიდა 167 დოლარი. ეს 1000 კუბურ მეტრზე გამოდის 284 ლარი. მთლიანობაში კი არის 510 ლარი. ეს განსხვავება მიდის იმ კომპანიების ჯიბეებში, რომლებიც არაფერ შუაში არიან.”(სტილი დაცულია)

ლეიბორისტების ამ გაანგარიშებას არ ეთანხმება ენერგეტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში უფრო დაბალი ტარიფის დაწესება შეუძლებელი იყო და 51 თეთრს შეღავათიან ტარიფსაც კი უწოდებს. გია ხუხაშვილი მარეგულირებელ კომისიას და, საერთოდ, ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფის სხვა მექანიზმი არ შეიმუშავეს:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”შესაძლო იყო ისეთი ვარიანტის მოძებნა, როდესაც მოსახლეობისთვის ტარიფი არ მოიმატებდა, კომერციულ სექტორში კი 55 თეთრამდე მოიმატებდა. აბსოლუტურად უსამართლოა, როდესაც პენსიონერს და რესტორანს მიეწოდება ერთი და იგივე ფასში. გადახდისუნარიანობა არის აბსოლუტურად სხვადასხვა.”(სტილი დაცულია)

მსგავსი სოციალური მექანიზმი ელექტროენერგიის სატარიფო სისტემაშია დანერგილი, თუმცა, გაზის შემთხვევაში, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ 38 ლარის შემოსავლის მქონე პენსიონერი და რესტორნების მომგებიანი ბიზნესი ერთნაირ მდგომარეობაში ჩააყენა.

[მოქალაქეთა ხმა] ”ძალიან გაგვიჭირდება, ძალიან, ყველას გაუჭირდება, შემოსავალი არ არის და იმიტომ... არა მგონია შეცვალოს რამე საპროტესტო აქციებმა...”

ასე ფიქრობენ რიგითი თბილისელები. მათთან ერთად დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას გაზის გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფის გადახდა პირველი მაისიდან მოუწევს.
XS
SM
MD
LG