Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიტყვის თავისუფლება საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო წლებში ჩატარებული გამოკითხვებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოში, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, პირველ ადგილზე ტელევიზიაა -

მოსახლეობა სწორედ მედიის ამ ელექტრონულ საშუალებას ანიჭებს უპირატესობას ინფორმაციის მისაღებად. რა, სად, როდის, რატომ და რისთვის - ამ კითხვებზე პასუხს საქართველოს მოქალაქეები ტელევიზიით იღებენ.

[ხმა - ლექციის ფრაგმენტი GIPA-ში]

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სკოლის მაგისტრანტები ტელესიუჟეტის მომზადების, ასე ვთქვათ, სამზარეულოს სწავლობენ. სად განაგრძობენ მუშაობას სწავლის დასრულების შემდეგ - ჯერ არ იციან. სამაგიეროდ, იციან, რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ ტელევიზიას:

[სტუდენტის ხმა] ” მე მგონი, ნაკლებად პროფესიონალები არიან ჩვენი ჟურნალისტები, ვერ შეხვდნენ იმ გამოწვევას, რაც მოიტანა რევოლუციის შემდგომმა პერიოდმა. ანუ არ უნდა იყვნენ მუდმივად კრიტიკულ პოზიციაში და უნდა იყვნენ ობიექტური შემფასებლები და არა მხოლოდ კრიტიკოსები მიმდინარე პროცესებისა.”(სტილი დაცულია)

რამდენად ეთანხმებიან მომავალი ტელეჟურნალისტები გავრცელებულ აზრს, რომ თუ კონკრეტული გადაცემა ან ტელეარხი არ მოგწონს, შეგიძლია, სხვა არხზე გადართო?

[სტუდენტის ხმა] ”ის, რაც ხდება არხებს შორის - კონკურენცია ოპერატიულობის თვალსაზრისით, ექსკლუზივი და მთავარი პოლიტიკური თემების გაშუქება, მართლა უკანა პლანზე გადადის პრობლემები, ის, რაც ხალხისთვის მართლა საინტერესოა. ამიტომ გადართვის შანსიც აღარ არსებობს.” (სტილი დაცულია)

და კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც დღეს საზოგადოებაში ძალიან გავრცელებულია. კერძოდ:

[სტუდენტის ხმა] ” ძალიან პოლიტიზირებულია. იმდენ პოლიტიკას გაწვდიან, რაღაზე უნდა იფიქრო.” (სტილი დაცულია)

პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ამ უკანასკნელ მოსაზრებას არ ეთანხმება - მაგალითად, პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიას საშუალება არა აქვს, საზოგადოებას ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი ხედვა გააცნოს:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”ყველაზე დიდი სირთულე, რაც დღეს ჩვენს პარტიას აქვს, არის, როგორ და სად წარვადგინოთ ჩვენი კონსტრუქციული პროგრამა - რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა შეიცვალოს ეკონომიკურ პოლიტიკაში იმისთვის, რომ გამოვიდეთ გაყინული სიტუაციიდან - ეს არავის არ აინტერესებს. ან, უფრო ზუსტად, ალბათ, ბევრ ადამიანს აინტერესებს, მაგრამ ის სივრცე, სადაც შენ გექნება საშუალება, შენი აზრები წარმოადგინო, არ არსებობს არც ტელევიზიაში, არც პრესაში.” (სტილი დაცულია)

ქართული ტელეჟურნალისტიკის კიდევ ერთ ნაკლზე საუბრობს თინათინ ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ტელეჟურნალისტთა მხრიდან უყურადღებობაზე ნამდვილად ვერ დაიჩივლებს. თინა ხიდაშელს სკანდალზე ორიენტაცია არ მოსწონს. კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს - გასულ კვირას გამართული ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომა, რომელიც, მისი აზრით, ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული იყო:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”ქართულმა მედიამ - ტელემედიაზეა საუბარი - მხოლოდ და მხოლოდ ის ნაწილი აჩვენა ამ მოსმენის, როცა იყო სკანდალი ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის მხრიდან. სხვა არაფერი საქართველოში არავის, არავის, ვინც ტელევიზორს უყურებდა, არ გაუგია, რა მოხდა იმ საკომიტეტო მოსმენაზე. არადა, იქ ბევრი რამე მოხდა.” (სტილი დაცულია)

ამჯერად მხოლოდ ქართული მედიის მცირე პრობლემაზე შევაჩერეთ ყურადღება, მარტივი მიზეზის გამო - თუ პრობლემაზე საუბარს თავად არ დაიწყებ, ეს პრობლემა არასდროს მოგვარდება.
XS
SM
MD
LG