Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


თამაზ კვაჭანტირაძე გასული კვირა დღიურებში აღწერა

ფილოლოგიის პროფესორმა, პარლამენტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა თამაზ კვაჭანტირაძემ.

3 ივნისი, კვირა
სიბერემდე სიქაჩლეო - რას ვიფიქრებდი, თუ ამ სიბერეში (7 ივნისს 67 წელი მისრულდება) ისევ მომიწევდა დღიურის წერა. არადა, სკოლის დამამთავრებელ კლასებში ვწერდი დღიურებს და საგულდაგულოდ ვმალავდი - იმ ჩანაწერებში შეძლებისდაგვარად გულწრფელი ვიყავ, გულწრფელობისა კი მერცხვინებოდა: მაშინ თითქოსდა ერთგვარ მოდადაც იქცა, სხვას იმად არ სჩვენებოდი, ვინცა და რაც იყავი. ისე, ეს სხვად თავის მოჩვენება, კაცმა რომ თქვას, იქნებ, არც მთლად უხიაგი რამ თვისება იყოს და გულისგულში განვითარების, სხვად ქცევისა და აქედან გამომდინარე, ზოგჯერ გაუკეთესების მარცვალს შეიცავდეს... ზოგჯერ-მეთქი, თორემ სხვად ქცევა, ცხადია, გაუარესებითაც შეიძლება: აი, მაგალითად, ჩემი გაუარესების ერთი შემთხვევა: შინაგანი ბუნებით უფრო, ალბათ, მორცხვი და მოკრძალებული მეთქმოდა, მე კი ხშირად ხაზგასმულად უტიფრად და გამომწვევად ვიქცეოდი... საპირისპირო სქესი ძალიან მიზიდავდა - მარტო მაშინ, მოყვინჩილებულს კი არა, სულ პატარასაც (სული მიკაწკაწებდა, მოვფერებოდი), მე კი, ალერსს ვინ ჩივის, ვეუხეშებოდი და, ჩემი მოკლე ჭკუით, გოგოებს ვითომდა ფეხებზე ვიკიდებდი (თუმცა, რატომ "მოკლე ჭკუით" - ზოგჯერ ეს ვირეშმაკობა ჭრიდა კიდეც და ამ ჩვენს პატარა ჩურჩუტუნებს ჩემდამი ყურადღებას უცხოველებდა).
ახლა - გაუკეთესების მაგალითიც: პატარაობისას შიშიანობამ დამრია ხელი - ჩემდა ჭირად, წერა-კითხვა ჩემს უფროს ძმასთან ერთად ვისწავლე, ოთხი წლისამ, ჰოდა, პატარამ ნიკო ლომოურის "ალი" წავიკითხე და უხილავი ძალების წინაშე ძრწოლამ ამიტანა: შებინდებულზე მარტოკა სამზარეულოშიც ვერ გავდიოდი. სიმხდალე კი ბიჭისთვის იგივეა, გაკვეთილზე (ბოდიში მომითხოვია და) იფსამდე. შიშს იმით ვთრგუნავდი, რომ განსაცდელს შეგნებულად არ ვერიდებოდი, თითქოს - ვეძებდი კიდეც... მე და ერთი ჩემი მეგობარი - ისიც, ეტყობა, ამავე კომპლექსით შეპყრობილი - ღამღამობით სასაფლაოზე დავიარებოდით ხოლმე. ასე გამამამაცა შიშმა, თუმცა უხილავს მაინც ვუფრთხი: ზღვაში ღრმად ახლაც ვერ შევდივარ, სულ მგონია, ვიღაც ან რაღაც სიღრმეში ჩამიზიდავს...
ისევ დღიურისა და გულწრფელობის თემას მივუბრუნდეთ.
დღიურების მთელი ეშხი სინაღდეა. ვგულისხმობ რეალურ დღიურს და არა დღიურს, როგორც ლიტერატურულ ჟანრს. დოსტოევსკის "მკვდარი სახლის ჩანაწერები" ერთგვარად დღიურის ფორმამიცემული დიდი პროზაა, მაგრამ გამოქვეყნებულია ამ ავტორის უბის წიგნაკის ჩანაწერებიც ანუ - ნაღდი დღიურიც: ვის რამდენი ესესხა ამ დღეს, რამ ასიამოვნა, ვინ გააბრაზა... და ეს ფრაგმენტები სადაგი დღისა რაღაც თვალსაზრისით მე არანაკლებ საინტერესო მეჩვენება, ვიდრე ამ გენიოსის "ლიტერატურული" ჩანაწერები... ალბათ, იმიტომაც, რომ ვიცი - ეს დოსტოევსკის დღეა...
თუმცა ზოგჯერ ამ ორი მომენტის - ყოფისა და ლიტერატურულის - შერწყმაც ხდება: ჟიულ რენარის დღიურები თვითკმარ ესთეტიკურ ფაქტს წარმოადგებს, ილია ილფის დღიურებს კი ერთგვარ "ნედლ" მასალად უფრო აღიქვამ: მწერალი მეყსეულად იწერს გაელვებულ სახეს, ფრაზას, შესიტყვებას, ცალკეულ სიტყვასაც კი - რომ მერე ეს სადღაც გამოიყენოს, მოთხრობასა თუ რომანში "ჩააგდოს"...
რა სახის დღიურსაც კი ახლა მე ვწერ, ეს, ვფიქრობ, ერთგვარ დოკუმენტად უნდა იყოს ჩაფიქრებული ეპოქისა - რას ვიქმოდით ხალხი წლიდან წლამდე ოცდამეერთე საუკუნეში. დღიურების არშიაზე მიბეჭდილი დღის "მნიშვნელოვანი" ანუ საგაზეთო მასალა იმ კონტრასტსაც (ან, ვინ იცის, ჰარმონიას) წარმოაჩენს, რაც კერძო კაცსა და საზოგადოებას შორის სუფევს. მაგონდება ანალოგიური ჩანაფიქრი დოსტოევკის ერთ-ერთი პერსონაჟისა რომანიდან "Бесы", შატოვისა, იმ კაცის, ვისაც ეშმაკჩასახლებული რევოლუციონერები სამსხვერპლოდ ამოიღებენ მიზანში.
რას ვფილოსოფოსობ, საქმეს მივხედოთ.
კვირას მძიმე განწყობილებით გავიღვიძე - გუშინ ზვიად ცეცხლაძე დავკრძალეთ. დღევანდელმა წამხდარმა პოლიტიკურმა სპექტრმა და მისმა ავანგარდმა მასმედიამაც კი ამჯერად ვერ მოახერხა მის მკვლელობაზე პოლიტიკური ქულები აეკრიფა... ორიოდ გაზეთმა მაინც გაიშვირა ასლანისკენ თითი - მისთვის უნდოდათ ამ ცოდვის აკიდება. ისე, ჩვენმა ცოდვილმა საზოგადოებამ და მედიამ რამდენჯერმე სცადეს და, ვაგლახ, ზოგჯერ მოახერხეს კიდეც, რომ დაღუპული ნაკაცარები ეროვნულ კაცებად გვეგლოვა. ზვიად ცეცხლაძე კი მოარული სიკეთე იყო, ნიჭივრად მთესავი სიყვარულისა. ის არც ასლანისტი ყოფილა, არც შევარდნაძისტი და არც ზვიადისტი - ის კაცისტი გახლდათ... კაცი, მოგეხსენებათ, ძველქართულად ზოგადად ადამიანს ნიშნავდა, ადამიანი კი ლათინურად არის "ჰუმანუს", ასე რომ, ეს ჩემი "კაცისტი" სხვა არაფერია, თუ არა გაქართველებული ჰუმანისტი.
ღმერთი უშველის ანზორს, დილაადრიანვე შემეხმიანა - ჩემი სამსახურის ხალხი კოტორაანთ-კარში გავდივართ, ბუნებაში გვინდა პური გავტეხოთ და შემოგვიამხანაგდიო. ადრე ამ სოფლის თავზე თბილისელებისთვის ნაკვეთები დაურიგებიათ და ახლა იქ რომ აგარაკებია, ავ თვალს არ დაენახვება, განსაკუთრებით - ჩვენი მასპინძლის, დარბაისელი მეურნე კაცისა. გარჯილობა და ხელოსტატობა ამ კაცს ვეება ტორებზეც ეტყობოდა: მარცხენა ხელის ცერი მისთვის ელექტროხერხს წაეცალა, სალოკი, ფერშეცვლილი თითი კი მიკერებული ჰქონდა. ამის მიუხედავად - ეს მერე გაირკვა - ამ თავის სამ თითს გიტარის ყელზე ოსტატურად დაათამაშებდა და თან დამჟღლეული, სასიამოვნო ხმით დაჰმღეროდა კიდეც. გაცნობისას, ცოტა არ იყოს, შემცბარად წარმომიდგინა თავი - ედუარდი მქვია, თუმცა ჰიდროტექნიკოსი გახლავართო. აბა, პოლიტიკოსი ედუარდი რომ არ ბრძანდებით, ამას კი გატყობთ-მეთქი. ჰიდროტექნიკოს ედუარდს თავისი მარჯვენითა და სახსრებით მარტო სამსართულიანი შენობა კი არ წამოუჭიმავს, ღრმა ხევში ჩასასვლელი ცემენტის კიბეც ჩაუშენებია თავისი ბაქანით და იქ ჩაგვიყვანა...
ზღაპრული სილამაზე ვიხილეთ - ხევის ორივე ფერდიდან ამოზრდილი საუკუნოვანი ხეების თაღქვეშ ნაკადული მორაკრაკებდა... რა ჯიშის ხეებია, ასეთი ღონიერი ფესვები რომ ჰქონიათ-მეთქი, ვიკითხე ჩემი უვიცობით ოდნავ დამორცხვებულმა (მე მარტო აკაციის ხესა ვცნობ, ისიც მაშინ, როცა ჰყვავის)... ძირითადად ცაცხვი და რცხილააო, ამ ფესვებით უჭირავთ ეს ფერდი, თორემ დიდწვიმობისას ჩამოიმზღვლეოდაო, გამათვითცნობიერა ედუარდმა. ამ ფესვებზე ათიოდ უფროსკლასელი ჩამოსკუპებულიყო, ჩვენს დანახვაზე წამოიშალნენ... ყველანი კოტორაშვილები ხართ-მეთქი? - შევეხუმრესავით. კოტორაშვილი აქ კი არა, თვითონ კოტორაანთ-კარში აღარ დარჩნენ წამლადო, მითხრა მასპინძელმა. მართლაც, სტუმრები ყოფილან - ჩვენ აქ აგარაკი გვაქვს და დღეს თანაკლასელები ჩემს დაბადების დღეზე ქალაქიდან ამოვიპატიჟე, თქვენც გიცნობთ ტელევიზიიდან და, თუ გვეწვევით, ყველას გაგვიხარდება, განსაკუთრებით ბებიაჩემსო - მეუბნება ერთი თვალებბრიალა გოგონა. არიქა, ანზორ, ახალი მასპინძელი გამოგვიჩნდა-მეთქი... საქართველოში ბებიები ყველანი შენი მასპინძლები არიან, მაგრამ დღეს ედუარდს არ ეღალატება, იუბილარს კი ჩვენგან, აი, ეს საჩუქარიო - ანზორი კიბეზე აბრუნდა, რაღაც ძვირფასად შეფუთული ჩამოიტანა და დამორცხვებულ გოგონას გადასცა.
ასეა, თადარიგიანი კაცია ანზორი, რა იცი, რა ხდება, ამიტომ მანქანაში ყოველთვის მოეძებნება მანდილოსნისთვის რაღაც ნობათი.
მერე ჩინებული სუფრა გაიშალა - ჩინებულს კი მე იმ პურობას ვეძახი, სადაც ღვინო, სიმღერა და თამადა ვარგობს... ღვინო შუმი გვქონდა, სიმღერა - სანაქებო, თამადობა კი მე მომიწია - დანარჩენი კაცები თავ-თავიანთი მანქანების საჭეებს უსხდნენ.
სიმღერაში მარტო ედუარდს არ გამოუჩენია თავი: ანზორის ოთხმა ულამაზესმა თანამშრომელმაც მოქარგა იქაურობა... ჩემი დაკვირვებით, არაფერი არ ალამაზებს ქალს ისე, როგორც სიმღერა და ორსულობა.
ამის არმოშლა ვუსურვე ოთხივეს.

4 ივნისი, ორშაბათი
ეს ჩემი გუშინდელი დღის დღიური, სინამდვილეში დღეის, ორშაბათის ჩანაწერია; ამას კი ოჯახში სატელეფონო ზარი უსწრებდა:
- მოგესალმებით, ბატონო თამაზ... დანაპირისამებრ, ხომ დაიწყეთ წუხელის ამ კვირის დღიურების წერა?
- წუხელ რაიმის დამწერი ნაკლებად გახლდით, მაგრამ, რას ვიზამ, ქალებს უარს ვერაფერზე გეუბნებით... ახლავე შევუდგები საქმეს...
- მართლა ვერ ეუბნები ქალებს უარს ვერაფერზე? - დაინტერესდა მეუღლე.
- მართლა ვერ ვეუბნები... თამრიკო იყო, ჩიქოვანი, შენი კოლეგა... თმასაც შენსავით იკორტნის...
- მით უფრო საეჭვო ყოფილა, ბებო! - იცინის ნანიკო, ჩემი შვილიშვილი.
- ამჯერად საეჭვიანო არაფერიაო - მეუღლემ, - მაგრამ თუ ქალებს უარს ვერაფერზე ეუბნები, ქალები ვართ ჩვენც და ა, ბატონო, სია, მე, ანიმ და ნანიკომ ჩამოგიწერეთ, რაცაა შენი დაბადების დღისთვის ბაზრიდან მოსატანიო, - და ორგვერდიან ნუსხას მაჩეჩებს ხელში.

5 ივნისი, სამშაბათი
საღამოს ტელევიზიით პირდაპირ ეთერში სკოლის საკითხებზე იმსჯელეს, კერძოდ, სექსუალურ აღზრდაზე... რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოითქვა, უფრო მეტი - ვერა, ვინაიდან წამყვანი პირში ეცემოდა გამომსვლელებს. რა ღვთის წყრომაა, სტუდიაში მიიყვანო კაცი, ვისი აზრი მაყურებელს და, შენც, მის მიმწვევს, წესით, უნდა გაინტერესებდეს და ფაქტობრივად არ ალაპარაკო.

6 ივნისი, ოთხშაბათი
ვერა ვარ დღეს გუნებაზე - წელკავმა ქვემოთ ჩამოინაცვლა, თეძო-ბარძაყს მიღრღნის. კბილის ტკივილი მურდალი რამ არის, მაგრამ ძვლის ეს ნელი ფქვა კიდევ უარესია... ისე, ყველას გაუსაძლისი ტკივილი სჯობია, რომელიც უმალ გთიშავს: ასე დამემართა ჩილეში, მანქანამ რომ დამარტყა: არაფერი მტკენია, თითქოს შტეფსელი გამოგერთოს, ისე ჩავყვინთე არარაობაში.

7 ივნისი, ხუთშაბათი
ჩემი დაბადების დღეა... წელსაც საგურამოში, სიძე-ქალიშვილის აგარაკზე, ვაპირებდი მედღეობა, მაგრამ გადაუღებლად წვიმს; საგურამოში ქეიფს კი აზრი მხოლოდ დარში აქვს, გარეთ, გაღაღანებულ ყვავილნარსა და ხილნარში. თანაც ჩვენი სასწავლო ცენტრისა და დეპარტამენტის ხალხს დავპირდი - ყველას ერთად მოგიყრით თავს-მეთქი და ასეთ თავსხმაში ეს არ გამოვა; შარშანაც გამოდარებას დავუცადე, სამი დღით გადავიტანე და ქვეყანა არ დაქცეულა... ხომ არის მოძრავი დღესასწაულები, ჩავთვალოთ, რომ ჩემი დაბადების დღეც ასეთია...
საგურამოს აგარაკთან დაკავშირებით: ის თავიდან ბოლომდე თამუნას ფანტაზიისა და ზაზას ჯიბის ნაყოფია, თუმცა თვითონ საგურამოელები ამაზე განსხვავებული აზრისანი ყოფილან... ჰოდა, გაცხარებული შევჩივი ზაზას: წარმოგიდგენია, აქაურებს არ სჯერათ, ეს აგარაკი რომ ჩემი არ არის-მეთქი...
- მაგაზე ნუ ინერვიულებთ, მამა, მთავარია, თქვენ თვითონ არ დაიჯეროთ, რომ აქაურობა თქვენიაო - დამამშვიდა სიძემ.

8 ივნისი, პარასკევი
ჩემი ტელელექციების ჩანაწერებზე ვმუშაობ - საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ისინი კომპაქტდისკზე შეიძლება გადაიწეროს და გაიყიდოს. იქნებ ამან ცოტა ეკონომიურადაც მისაშველოს: ხელფასი კი მაქვს რიგიანი და ყოველწლიურადაც მეზრდება, მაგრამ კიდევ უფრო სწრაფად იზრდება ჯონჯოლის ფასი ბაზარში.

9 ივნისი, შაბათი
დღეს რისმაგის დაბადების დღეა... თხუთმეტიოდე კაცმა მოვიყარეთ თავი, ვინც მუდამ აღვნიშნავთ ხოლმე ამ დღეს - უახლოესმა ხალხმა, ოჯახის წევრებმა და ოჯახის წევრებად ქცეულმა სამეგობრომ... მატებით აღარავინ გვემატება, კლებით კი შიგადაშიგ ვიკლებთ: რისმაგთან სერობას ზოგს გადაუდებელი საქმე გვაკლებს, ზოგსაც - მიქელ-გაბრიელი.
ამის მსმენელ-წამკითხველი იფიქრებს - ეს კვაჭანტირაძე გალოთებულა, კვირას ქეიფით იწყებს და ქეიფით ამთავრებსო. ისე, იცოდეთ, რისმაგთან ქეიფი ძირითადად საუბრით დათრობას გულისხმობს... გუშინაც ასე შემეხმიანა - ცოტა ადრე მოდი, ადრიანად ჩავუსხდეთ სალაპარაკოდო.
სუფრაზე სალაპარაკო კი, ცხადია, რაც გვექნებოდა - დირექტორების არჩევნები, ლოტოტრონი და განათლების რეფორმა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ არჩევნებით არჩილ არველაძეს საფეხბურთო სკოლის დირექტორობას დაატოვებინებენ და სხვა სკოლაში გაამწესებენ. ზოგადად სასკოლო რეფორმა - ამისთვის ქვას ნუ დამკრებთ - გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი - რისმაგისა და ჩემი, წამოწყებულიცაა, ბოლოდროინდელ მოვლენებში კი აქტიურად მონაწილეობდა ჩემი ნათლული ლევან გორდეზიანი, რისმაგის ვაჟი. ამიტომაც, ცხადია, განათლების რეფორმის შედეგებზე პასუხისმგებლები ჩვენცა ვართ, თანაც, მარტო მორალურ პასუხისმგებლობას როდი ვგულისხმობ: ეს ყბადაღებული მორალური პასუხისმგებლობა, ჩვენს პირობებში, რეალური პასუხისმგებლობისგან გაქცევას უფრო ნიშნავს... ერთს ამთავითვე ვიტყვი: რეფორმის ცალკეული ეტაპების წარმატება-წარუმატებლობა მთლიანად რეფორმის შესაფასებლად ნაადრევი იქნებოდა... მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ერთიანი გამოცდები ამ რეფორმის წარმატებული ეტაპი იყო, დირექტორების საყოველთაო არჩევნები კი წარუმატებელი ეტაპია: აჩი არველაძე ნიჭიერი კაცია და ჩვეულებრივი საჯარო სკოლის დირექტორობასაც გაართმევს, ალბათ, თავს, მაგრამ დირექტორების ამ რეფორმისტული არჩევნების საბოლოო მიზანი ხომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო, რომ არველაძე 35-ე საფეხბურთო სკოლის დირექტორად გამწესებულიყო, ხოლო, ვთქვათ, ნინო ანანიაშვილი - საბალეტო სასწავლებლისა.
ისე, რეფორმის დასაწყისი მის ავკარგიანობაზე ბევრს ვერაფერს გვამცნობს, მთავარი საბოლოო შედეგია: ბოლო, კუდი გამოაჩენს, თორემ, თუ მარტო ნისკარტით ვიმსჯელებთ, ვაითუ ყვანჩალა ხოხობში აგვერიოს!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG