Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელი ქვეყნებიდან და რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა საქართველოში


საქართველოში წლითიწლობით სულ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოდის.

თუ 2005 წელს უცხოური კაპიტალდაბანდებების მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2006-ში ამ რიცხვმა ერთ მილიარდ 190 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. უკვე წელს საქართველოში ორ მილიარდ-ნახევრამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას ელოდებიან. გაისად ეს რიცხვი 30 პროცენტით გაიზრდება. რა არის საქართველოში სულ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მიზეზი?

საქართველოს მთავრობა ხშირად თავს იწონებს საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდის ტენდენციით. ამის შედეგი კი ის არის, რომ შენდება უამრავი ახალი სასტუმრო, საავადმყოფო, უცხოური მენეჯმენტის ქვეშ გადადის სატელეკომუნიკაციო სფერო, ელექტროგენერაციის ობიექტები და სხვ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების და უამრავი ლიცენზიისა და შეზღუდვის გაუქმების შედეგია. ამასვე აცხადებს პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”საქართველოს ეკონომიკამ მოიზიდა იმ რეფორმების შედეგად, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ და უნდა კიდევ გავაგრძელოთ. მოიზიდა მინიმუმ სამჯერ მეტი ინვესტიცია, ვიდრე იყო გასულ წელს. საქართველოში შარშანდელი წლის განმავლობაში ჩაიდო 1.2 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ეს არის ახალი საწარმოები, ახალი სამუშაო ადგილები, ახალი შესაძლებლობები.”

განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. მის ნათქვამს ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი. მათ შორისაა ნიკო მჭედლიშვილიც. მისი აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მიზეზი საქართველოში განხორციელებული რეფორმებია:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”გამარტივებულია საგადასახადო კოდექსი, დაბალია გადასახადები, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს. ძალიან აქტიურია პრივატიზება სახელმწიფო ქონების; თვითონ მთავრობის მიერ გადადგმულია ზოგიერთი ნაბიჯი, კანონმდებლობის გამარტივების თვალსაზრისით. ძირითადად, ამან შეუწყო ხელი.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ასეთმა საინვესტიციო გარემომ 2006 წელს ყველაზე მეტად ყაზახეთი მოხიბლა და მან გასულ წელს საქართველოში 152 მილიონი აშშ დოლარი შემოიტანა. შარშან ლიდერობდნენ დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, 186 და 182 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციებით.

2007 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით კი, ლიდერია ჩეხეთის რესპუბლიკა, 73 მილიონი დოლარის მოცულობით. ჩეხეთის კომპანიები საქართველოში ჯანდაცვის სფეროსა და ენერგეტიკის ინვესტირებას ახდენენ. ყაზახეთი კი ჩეხეთის შემდეგ მოდის, 70 მილიონიანი ინვესტიციით, რომელიც, ძირითადად, სასტუმროების, ენერგოკომპანიებისა და ტელეკომუნიკაციების ბიზნესგანვითარებას ხმარდება. ეს ბოლო ტენდენციები ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილის შეშფოთებას იწვევს. ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტის გია ხუხაშვილის კომენტარი:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”მე ვთვლი, რომ ეს არ არის ყაზახური ბიზნესის ინტერესი და ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ინტერესი და რუსეთი დგას.”

გია ხუხაშვილს ამის თქმის საფუძველს ყაზახეთის ენერგოკომპანიებზე რუსეთის კონტროლის ეკონომიკური მექანიზმები აძლევს. იგივე ეჭვები გამოითქმის ჩეხეთის კომპანია ”ენერგო-პროს” მისამართით, რომელმაც საქართველოს 8 ენერგოკომპანია 427 მილიონ დოლარად შეიძინა. თუმცა ეს ეჭვები ჯერჯერობით არაფრით დადასტურებულა.

საქართველოში წელს, საერთო ჯამში, ორმილიარდნახევრიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ელიან.
XS
SM
MD
LG