Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდის თანხები?


საქართველოს მთავრობას ხშირად საყვედურობენ, რომ ის საბიუჯეტო სახსრებს - მათ შორის, სარეზერვო ფონდების თანხებს - არამიზნობრივად ხარჯავს.

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი ბიუჯეტის ნაწილია და ის მთავრობამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ წლის მანძილზე საჭირო გახდა ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი მოვლენის დაფინანსება - მაგალითად, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება და სხვ. მართლა არამიზნობრივად ხარჯავს მთავრობა სარეზერვო ფონდში თავმოყრილ გადასახადის გადამხდელთა ფულს?

საქართველოს მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი მთავრობის კრიტიკის მთავარ მიზეზად ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებს, თუმცა ისინი თითქმის საერთოდ არ არიან ჩართული ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგის პროცესში. აი, იმ რამდენიმე რიგითი მოქალაქის მოსაზრება, რომლებსაც მე თბილისის ქუჩებში გავესაუბრე:

[ხალხის ხმა] ”ათასნაირ სისულელეებში იხარჯება ბიუჯეტი...
...საქმეს ხმარდება, ალბათ... ჩემი აზრით, მიზნობრივად იხარჯება...
... აბა, მე რა ვიცი, მე ვინ რას მეტყვის.”

მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯების, ისევე როგორც შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია საჯაროა და მისი მოპოვება ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქის კანონიერი უფლებაა. თუ მიმდინარე წლის ანგარიში ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, სამაგიეროდ, ცნობილია გასული 2006 წლის მანძილზე გაწეული ხარჯების ანგარიში.

გასული წლის ბიუჯეტის ხარჯებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული ადგილი უჭირავს მთავრობის სარეზერვო ფონდის სახსრებს, რაც 14 მილიონ ლარზე ოდნავ მეტს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მთავრობამ 2006 წლის მანძილზე სარეზერვო ფონდიდან 62 მილიონი ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი გასწია.

[ისმის ფულის ხმა]

62 მილიონიდან სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ მხოლოდ ორი პროცენტი დახარჯა. დანარჩენი ნაწილი კი ისეთი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა, რომლებიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული ან მათი ბიუჯეტში შეტანა პროექტის მომზადებისას შეიძლებოდა.
მთავრობის სარეზერვო ფონდის თანხების ხარჯვის კანონიერება ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” შეისწავლა. ამ კვლევაში მონაწილეობდა ასოციაციის წევრი ნინო ლომჯარია.

[ნინო ლომჯარიას ხმა] ”მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაიხარჯა 14 მილიონ 534 ათასი ლარი. ფინანსთა სამინისტროს ანგარიშებში საუბარია, რომ სამი კვარტლის ჯამში თანხების მოცულობამ შეადგინა 11 მილიონ 365 ლარი. სამი კვარტლის ჯამში უფრო ნაკლები თანხა გამოდის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ვიდრე პირველი კვარტლის მანძილზე.”(სტილი დაცულია)

ამგვარი ანგარიშებით, სარეზერვო ფონდის თანხები გადაეცა: ოკუპაციის მუზეუმს - 1,2 მილიონი ლარის ოდენობით, გამოფენის მოსაწყობად; საპატრიარქოს - 3,3 მილიონი ლარი; ატრაქციონების მოსაწყობად - 533 ათასი ლარი; სახელმწიფო დროშების შესაძენად - 550 ათასი ლარი; საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად - 420 ათასი ლარი და ასე შემდეგ. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა:

[მოსახლეობის ხმა] ”ქუჩაში ვართ გამოსული, რა ვქნათ, სახლები სავსეა წყლით. ერთი 10 წელია არ გაწმენდილა სანიაღვრე და ამის ბრალია, რომ წყალდიდობაა. 500 ლარის შეშა წყალმა წაიღო, მოგვიტანს ვინმე ამას?”(სტილი დაცულია)

დაკარგული შეშისა და სტიქიით მიყენებული სხვა ზარალისა რა მოგახსენოთ, აი, პროგრამა ”პატრიოტი” კი უხვად დაფინანსდა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. არადა, ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 5 მილიონი ლარი გამოიყო. მაგრამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მაინც დაიხარჯა დამატებით 363 ათასი ლარი - ფორუმის მოსამზადებლად, მთავრობის ფონდიდან 85 ათასი ლარი - კლიპის მოსამზადებლად და 100 ათასი ლარი - ფორუმის მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის.

[პატრიოტების ხმა]

ამ ღონისძიებებს ორგანიზებას უწევდა ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარძელაშვილი.

[ლადო ვარძელაშვილის ხმა] ”როდესაც სპორტის სასახლეში ფინალური ფორუმი გვქონდა, 100 ათასი ლარი გამოიყო ბავშვების ტრანსპორტირებისთვის, იმიტომ რომ ბიუჯეტში თანხები აღარ გვქონდა.”(სტილი დაცულია)

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრების აზრით, ისევე როგორც პატრიოტთა ტრანსპორტირების ხარჯებისთვის, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებათა, ატრაქციონებისა და დროშების შესაძენად საჭირო თანხების ბიუჯეტში ჩადებას და წინასწარ დაგეგმვას ხელს არაფერი უშლიდა, სარეზერვო ფონდი კი შეიძლებოდა სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების დაფინანსებას მოხმარებოდა.

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯები მიზანშეწონილად მიიჩნია და ბიუჯეტის კანონის შესრულება დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG