Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება და ოპოზიცია პლებისციტის შეკითხვაზე ვერ თანხმდებიან


2008 წლის 5 იანვარს საარჩევნო უბნებში მისულ მოქალაქეებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის



გარდა, პლებისციტის შეკითხვებზეც მოუწევთ პასუხის გაცემა. პლებისციტმა, ანუ კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვამ, ნათელი უნდა მოჰფინოს ორ მნიშვნელოვან საკითხს. პირველი: უნდა აჩვენოს, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და, მეორე: როდის უნდა გაიმართოს უახლოესი საპარლამენტო არჩევნები. მართალია, პლებისციტის ჩატარებას ყველა პოლიტიკური ძალა იწონებს, მაგრამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უჭირთ იმაზე შეთანხმება, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს საპლებისციტო შეკითხვა არჩევნებთან დაკავშირებით. წინააღმდეგობის დასაძლევად საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ მოლაპარაკება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან გამართეს.

თანახმად საქართველოს კანონისა რეფერენდუმის შესახებ, ბიულეტენში უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული შეკითხვა და ამ შეკითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: "დიახ" და "არა". მაგრამ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ მაჭავარიანის განმარტებიდანაც ირკვევა, სააკაშვილის მიერ გადადგომამდე გამოცემულ ბრძანებულებაში, ფაქტობრივად, ფორმულირებულია ორი შეკითხვა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „კითხვა იყო კონსტიტუციურ ვადებში შემოდგომაზე - „დიახ“, გაზაფხულზე - „არა“.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამგვარად ჩამოყალიბებული შეკითხვა ეწინააღმდეგება კანონს და აბნევს ამომრჩეველს. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი გაუმართლებლად მიიჩნევს საპლებისციტო შეკითხვაში შემოდგომაზე გასამართი არჩევნების ხსენებას:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „თუ დავწერთ ჩვენ, თანახმა ხართ თუ არა შემოდგომაზე ჩატარდესო, და ამომრჩეველი იტყვის „არა“, მაშინ რას ვშვრებით? გამოდის, რომ საკითხი კვლავ ღიად რჩება. ამიტომ ჩვენ, ერთი მხრივ, გვაქვს კონსტიტუცია, რომელშიც წერია, რომ ესაა შემოდგომა და ახლა გასარკვევია, ხალხს ხომ არ სურს, ეს შეიცვალოს გაზაფხულით. ამიტომ კითხვა უნდა იყოს გაზაფხულზე.“ (სტილი დაცულია)

ოპოზიციის პასუხად, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან გაიზიარონ შენიშვნები, თუმცა, როგორც სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, საბოლოო სიტყვა მაინც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზეა:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „როცა შედის ამ წინადადებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იქ უნდა მოხდეს ინიციატორთან ერთად კითხვის სწორად ჩამოყალიბება, თორემ შეიძლება კითხვა ზუსტად ისე ვერ დაისვას, როგორც მოითხოვს კანონი. ამიტომ საბოლოო ფორმულირება ცესკოს ვალდებულებაა. ვიმეორებ, ისეთი ფორმულირება უნდა იყოს, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს უპასუხო ან „დიახ“, ან „არა“.“

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი იმედოვნებენ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეძლებენ საპლებისციტო შეკითხვაზე შეთანხმებას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის თქმით, მხარეებს გადაწყვეტილების მისაღებად მცირე დრო რჩებათ:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] „იურიდიულად განსაზღვრული უკიდურესი ვადა არ არსებობს. უბრალოდ, აქ არის ტექნიკური საკითხები, ანუ ლაპარაკია ბიულეტენების დაბეჭდვაზე, რაც მაქსიმუმ ამ კვირაში უნდა დავიწყოთ.“(სტილი დაცულია)

მაგრამ მანამდე მხარეებმა - ხელისუფლებამ და ოპოზიცამ - შეთანხმება უნდა შეძლონ. 17 დეკემბერს ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრა ერთი დღით გადაიდო, თუმცა მოლაპარაკება არც 18 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, განახლებულა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG