Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთსულოვნება და უთანხმოება ირანის შესახებ რეზოლუციის მორიგი პროექტის გარშემო


ამ კვირაში მსოფლიოს 6 ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო - გაეროს 5 მუდმივი წევრი და გერმანია - შეთანხმდნენ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ირანს ეხება.

პროექტი ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებას მისი ბირთვული პროგრამის გამო. შეთანხმება, როგორც ვთქვით, მიღწეულია, მაგრამ აზრთა სხვაობას ახლა ის იწვევს, რამდენად მკაცრია ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი სანქციები.

ერთსულოვნების მიღწევას რამდენიმე თვე მოლაპარაკება დასჭირდა: და აი, 22 იანვარს მსოფლიოს წამყვანი 6 სახელმწიფო (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი - ანუ გაეროს უშიშროების საბჭოს 5-ვე მუდმივი წევრი) და გერმანია შეთანხმდნენ ზომებზე, რომლებიც მიზანშეწონილად მიაჩნიათ ირანთან მიმართებით.

ეს ზომები მომდევნო დღეს შვეიცარიაში, დავოსის ფორუმზე გამოსვლისას შეაქო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა: [რაისის ხმა] “ჩვენი გუშინდელი შეთანხმებით გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და გერმანიამ ვაჩვენეთ, რომ ერთსულოვანი ვრჩებით, რომ არ გვინდა ირანის ხელში ატომური იარაღი აღმოჩნდეს და გვინდა კვლავაც შევასრულებინოთ ირანს სერთაშორისო ვალდებულებები”.

ირანის ლიდერებმა ამასობაში განაცხადეს, რომ ექვსეულის შეთანხმებისაგან დამოუკიდებლად აპირებენ ბირთვული პროგრამის გაგრძელებას. და ამასობაში აზრთა სხვაობამ იჩინა თავი თვით ექვსეულის რიგებში: რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი არ ითვალისწინებს მკაცრი ახალი ზომების მიღებას ირანის წინააღმდეგ.

[ლავროვის ხმა] “ზემოქმედების ზომები, რომელთაც შეცავს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ეს პროექტი, არ ატარებს მკაცრი სანქციების ხასიათს. ისინი მოუწოდებს სახელწიფოებს სიფხიზლისაკენ ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა ურთიერთობის განვითარების დროს, რათა ამ ურთიერთობების დროს არ მოხდეს აკრძალული მასალების გადაცემა, რომლებიც შესაძლოა ბირთვული პროგრამისთვის იქნეს გამოყენებული”.

რეზოლუციის პროექტის ამ ინტერპრეტაციას არ იზიარებს აშშ - “არასწორიც” კი უწოდა სერგეი ლავროვის მიერ გამოთქმულ შეფასებას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბარნსმა, რომლის თქმითაც, საქმე “დამსჯელ რეზოლუციას” ეხება.

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში უნდა დაისვას შეკითხვა: რა წერია რეზოლუციის პროექტის ტექსტში? მაგრამ საქმე ისაა, რომ ტექსტი საჯაროდ ჯერაც არ არის ცნობილი. არის ინფორმაცია, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მოითხოვდნენ დამსჯელი ზომების გათვალისწინებას ირანის დამატებით ორი ბანკის წინააღმდეგ, მაგრამ რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგობა შეხვდათ და, საბოლოოდ, ბანკების გაძლიერებულ კონტროლს დაყაბულდნენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აქამდე მიღებული სანქციები (მათ ორი რეზოლუცია ითვალისწინებდა) იყო რეაქცია ირანის უარზე, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება - ანუ პროცესი, რომელიც, როგორც დასავლეთში შიშობენ, ატომური იარაღის დამზადებას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას და ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამის ერთადერთი მიზანია ენერგიის გამომუშავება. ასეა თუ ისე, ირანის წინააღმდეგ მიმართული ახალი, მესამე რეზოლუციის პროექტს გაეროს დღესვე, მოგვიანებით წარუდგენენ. გაეროში კი რამდენიმე კვირა მოლაპარაკებაა მოსალოდნელი, ვიდრე მიაღწევენ ერთსულოვნებას რეზოლუციის საბოლოო ვარიანტზე.
XS
SM
MD
LG