Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ითხოვს შეხვედრას ედუარდ კოკოითი და რატომ არ ხვდება მას საქართველოს პრეზიდენტი


სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი კვლავ ითხოვს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას.

ცნობები ამის თაობაზე საინფორმაციო საშუალებებით კვირაზე მეტია, რაც ვრცელდება. სულ ბოლოს ეს თხოვნა ედუარდ კოკოითმა ეუთოს წარმომადგენლებს გადასცა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი შეხვედრის იდეა დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს. არადა, საინტერესოა, რის თქმას აპირებს მიხეილ სააკაშვილისთვის ოს სეპარატისტთა ლიდერი, რომელიც ადრე თავად ამბობდა უარს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შუამდგომლობის თხოვნით ედუარდ კოკოითმა ჯერ რუსეთის პრეზიდენტს, სულ ბოლოს კი, 1 თებერვალს, ეუთოს მისიის ხელმძღვანელს ტერი ჰაკალას მიმართა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი შეშფოთებულია ქართული შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციით გორის რაიონში, სადაც 20 იანვარს ახალი თანამედროვე სამხედრო ბაზა გაიხსნა. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო საშუალებები, ფაქტობრივად, ყოველდღე საუბრობენ სამხედრო საფრთხეზე, ედუარდ კოკოითს კი სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტისაგან შესაბამისი გარანტიები მიიღოს, თავდაუსხმელობის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერით. თუმცა, როგორც გორში რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი გოგა აფციაური ამბობს, ედუარდ კოკოითს სხვა ინიციატივების დაყენებაც სურს:

[გოგა აფციაურის ხმა] ”რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისცეს მას პირობა, რომ ცეცხლის განუახლებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელს. აგრეთვე, კოკოითი სთავაზობს ქართულ მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის სამეტაპიან გეგმას. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზება და დაიწყოს ნდობის აღდგენა. მეორე ეტაპზე უნდა განხორციელდეს კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაცია, ხოლო მესამე ეტაპზე უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე.”

თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის დაჟინებულ თხოვნაზე პასუხის მიცემას არ ჩქარობს თბილისი. ერთი, რომ ამისთვის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ახალი მთავრობის დაკომპლექტების პერიოდში არავის ეცალა. მეორე გარემოება კი უფრო სერიოზულია: თბილისი რომ არასოდეს დათანხმდება თვითაღიარებულ რესპუბლიკებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, ამის შესახებ საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჯერ კიდევ სტრასბურგში განუცხადა რადიო ”თავისუფლებას”:

[დავით ბაქრაძე] ” ჩვენ არ გვაქვს არაფერი საწინააღმდეგო ძალის არგამოყენების პრინციპის მიმართ, მაგრამ არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი: ნებისმიერი შეთანხმება კონფლიქტის მოგვარების თაობაზე აუცილებლად უნდა ასახავდეს დევნილების დაბრუნების აუცილებლობას და ვერანაირი კონფლიქტის მოგვარება - მათ შორის, მშვიდობიანი გზით - ვერ შედგება, თუ არ მოხდა დევნილების დაბრუნება. ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს პაკეტში დევნილების დაბრუნების შეთანხმებასთან და მეორე - ჩვენ არ მოვაწერთ ხელს შეთანხმებას საქართველოსა და აფხაზეთს ან საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, თითქოს ეს გახლავთ დამოუკიდებელი, სუვერენული და მეზობელი ქვეყნები.”(სტილი დაცულია)

კონფლიქტების მოწესრიგების საქმეებს საქართველოში სამთავრობო ცვლილებების შემდეგ სათავეში თემურ იაკობაშვილი ჩაუდგა, რომელსაც, ახალი ვერსიით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტატუსი აქვს, თუმცა მიდგომა იგივე რჩება. თემურ იაკობაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ედუარდ კოკოითისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ყველა სადავო საკითხის გარკვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში მოხდება.

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”მზადა ვართ ვილაპარაკოთ ვაჭრობაზეც, სტატუსზეც, განათლებაზეც, ჯანდაცვაზეც, - ყველაფერზე ვართ მზად, რომ ვილაპარაკოთ, - საქართველოს ფარგლებში.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრას კი მხარს უჭერს მხოლოდ დიმიტრი სანაკოევის ალტერნატიული მთავრობა, რომელსაც სულ უფრო ემატებიან მომხრეები - მათ შორის, თვითაღიარებული ედუარდ კოკოითის ბანაკიდან. ცხინვალი ბოლოს, ორი კვირის წინ, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა ბატრაზ ფუხაევმა დატოვა, რომელიც დიმიტრი სანაკოევის მოძრაობას შეუერთდა. ეს მოძრაობა საქართველოს შემადგენლობაში ოსთა თვითგამორკვევის იდეის მომხრეა და წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ედუარდ კოკოითთან აწარმოოს დიალოგი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG