Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გაზიფიკაციის პერსპექტივები და მომარაგების ალტერნატიული გზები


საქართველოს ენერგეტიკამ, კერძოდ კი, გაზმომარაგების სისტემამ იანვრის თვეში ურთულეს კლიმატურ პირობებს გაუძლო

და ბუნებრივი აირით ქვეყნის შეუფერხებელი მომარაგება შეძლო. უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტი რეგიონის მოსახლეობას გაზიფიცირებას დაჰპირდა და ეს პროცესი დაიწყო კიდეც. რა რესურსების ხარჯზე მოხერხდა გაზით საქართველოს უწყვეტი მომარაგება და არის თუ არა შესაძლებელი რეგიონების გაზიფიცირების შემდეგ გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება?

ბოლო ორი თვის მანძილზე, რთული კლიმატური პირობებისა და უჩვეულო ყინვების გამო, მხოლოდ თბილისში ბუნებრივი აირის მოხმარების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა. მოხმარების მაჩვენებელი გაიზარდა დანარჩენ საქართველოშიც, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, გაზის გარეშე დარჩენის საფრთხე მოსახლეობას აღარ უგრძვნია. ამის მიზეზებზე ხელისუფლების ენერგეტიკული პოლიტიკის ოპონენტი ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”კი, ნამდვილად ეს უნდა ვთქვათ, რომ ოპერატიულ მართვაში ნაკლები პრობლემები გვაქვს. მაგრამ დაგეგმვაში გვაქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემები და, აქედან გამომდინარე, ყველა ის პრობლემა, რაც ფასებთან დაკავშირებით და, საერთოდ, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვაქვს.”(სტილი დაცულია)

თუ გასულ წელს საჯაროდ იყო ცნობილი რომელი წყაროდან რა მოცულობის გაზი რა ფასად შემოდიოდა საქართველოში, წელს ეს საკითხი ბურუსითაა მოცული. ექსპერტები მხოლოდ ვარაუდით ამბობენ, რომ საქართველოში გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია.

საქართველოში შემოდის ძვირად ღირებული რუსული გაზიც, მაგრამ თუ რა რაოდენობით, ეს კონფიდენციალურია. ის კი ცნობილია, რომ აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას აპირებს. აქამდე აზერბაიჯანული გაზის ათასი კუბური მეტრი 120 აშშ დოლარი ღირდა, ახლა ლაპარაკია ამ თანხის 170 დოლარამდე გაზრდაზე. ეს მაინც გაცილებით იაფია, ვიდრე რუსული გაზი და, თუ მას მთლიანად აზერბაიჯანული გაზი ჩაენაცვლა, სავარაუდოა, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება. გია ხუხაშვილის კომენტარი:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანმა სრულად მოამარაგა საქართველო, ფასების გადახედვა ტარიფზე არ უნდა აისახოს, გამომდინარე იქიდან, რომ ტარიფში ჩადებული იყო 167 დოლარი. და, შესაბამისად, თუ აზერბაიჯანმა მთლიანად შეძლო ქართული ბაზრის დაკმაყოფილება, ამ შემთხვევაში ტარიფის გადახედვა არ მოხდება.”(სტილი დაცულია)

ტარიფის შენარჩუნებას ჰპირდება მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს ყველა სოფლის გაზიფიცირების იდეა წამოაყენა და მისი განხორციელება დაიწყო კიდეც. აი, რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი სოფლის გაზიფიცირებისას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს ნიშნავს, რომ 500 ოჯახი არის ცხოვრების სულ სხვა ხარისხზე...
... თან ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ინდივიდუალური მომხმარებლის ფასი არ გაიზარდოს.”

ხელისუფლებაც და ენერგეტიკის ექსპერტებიც საქართველოს გაზიფიკაციას რეალურად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ გაზიფიკაციის შედეგად გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება რუსული და აზერბაიჯანული გაზით მოხერხდება.
XS
SM
MD
LG